წყვილმა ქორწილი Facebook live-ით გადაიხადა

  • 26 მარტი 12:20

ინგლისელი წყვილი ქორწილს თითქმის 18 თვის განმავლობაში გეგმავდა, თუმცა კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად დაწესებულმა შეზღუდვებმა, ყველაფერი წყალში ჩაუყარა.

კრისტენ და რიჩარდ გრუმებმა აპრილში დაგეგმილი 100-კაციანი ქორწილი გააუქმეს და ეკლესიაში ჯვარი ერთი თვით ადრე დაიწერეს – ხოლო სტუმრები ფეისბუქ ლაივში ჩართეს.ამის შესახებ BBC წერს.


როგორც კრისტენი ამბობს, მათ ჯვრისწერა ზუსტად ერთი დღით ადრე მოასწრეს, სანამ მთავრობა ყველა ღონისძიებას აკრძალავდა:


"ვიცოდით, რომ აპრილში დაქორწინების შანსი აღარ გვქონდა, ამიტომ ის შესაძლებლობა გამოვიყენეთ, რომელიც ჯერ კიდევ არსებობდა“.


როგორც ის ამბობს, მისი საქორწინო კაბა მზად არ იყო, ამიტომ ოჯახის წევრის კაბა მოირგო, ფოტოგრაფს კი ზუსტად ერთ დღეში შეუთანხმდა და იმავე დღეს იყიდა თაიგულიც. კრისტენს მოულოდნელი ქორწილის დაგეგმვაში ოჯახის წევრებიც დაეხმარნენ.


წყვილის ჯვრისწერას მხოლოდ ის ოჯახის წევრები დაესწრნენ, რომლებიც მათთან ერთად ცხოვრობდნენ, მოწვეულმა სტუმრებმა კი ცერემონიას თვალი ფეისბუქის ლაივიდან მიადევნეს.