"ნეტა, ღმერთი მაღირსებდეს, სხვის გამო მოვკვდე და ათას მადლობას გადავუხდი“ - როგორ იცვლებოდა სხვადასხვა ეპიდემიის დროს ეკლესიის წესები

  • 25 მარტი 17:48

რატომ კეთდება აქცენტი ტაძარში მყოფ მრევლზე, როდესაც ბევრად მეტი ადამიანია ტრანსპორტში ან მაღაზიებში, კითხულობს საქართველოს საპატრიარქო.

საქართველოს საპატრიარქოს დღევანდელ  განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ დიდი ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად მოძღვრებს ლოცვა-კურთხევა ეძლევათ, წირვა-ლოცვაზე და 7-გზის ზეთისცხებისთვის მრევლი გადაანაწილონ კვირის სხვადასხვა დღეებში.


როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ტაძრებში, განსაკუთრებით მცირე ზომის ტაძრებში, მსახურებები, შესაძლებლობისამებრ, ღია ცის ქვეშ უნდა შესრულდეს. საქართველოს საპატრიარქო არ ცვლის ზიარების წესს.


თუმცა ექიმების განმარტებით ზიარების წესი კორონავირუსის გადაცემის საფრთხის შემცველია.


დეკანოზი შალვა კეკელია "ფორტუნასთან“ საუბარში აცხადებს, რომ მზად არის ქრისტეს მსახურების გამო დაიღუპოს და თუ ეს ასე მოხდება, ღმერთს მადლობას გადაუხდის.


"ჩემმა ეკლესიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ღვთისმსახურება არ შევწყვიტოთ და მრევლთან ერთად ჩავატაროთ. მისმა უწმინდესობამ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ ადამიანების განწმენდა უკვე დაწყებულია და დღეს ყველამ არჩევანი უნდა გააკეთოს სასუფეველში რომელ მხარეს დადგება.


რეკომენდაცია გავეცით, რომ წირვის შემდეგ ერთმანეთს არ მიესალმონ, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ წირვაზე ადამიანები ერთმანეთისგან დაშორებით დადგნენ. ეკლესია საგანგებო მდგომარეობის ყველა წესს იცავს“, – აცხადებს დეკანოზი.


დეკანოზი შალვა კეკელია განმარტავს, რატომ არ უნდა შეიცვალოს ზიარების წესი.


„წარმოიდგინეთ ქრისტე რომ მოვიდეს თქვენთან, თქვენი ჩახუტება მოინდომოს და თქვენ რომ უთხრათ, ქრისტე, ცოტა ხანი გაჩერდი, შეიძლება ვირუსი გქონდეს და არ შეგეხებიო. ყველას ძალიან ვთხოვ, ზიარების საიდუმლოსთან ყველა ძალიან ფრთხილად იყოს. საუბარია ქრისტეს სისხლსა და ხორცზე და ქრისტესთან მიახლოებაზე”.


კითხვაზე, რადგან არსად არ წერია, რომ ზიარება უნდა მოხდეს ერთი კოვზით, ხომ შეიძლება, ტრადიცია შეიცვალოს, დეკანოზი პასუხობს, რომ საქმე რწმენის სიმტკიცეშია.


"თვითონ ზიარება პირველად როგორ მოხდა, იმას გეტყვით. ქრისტემ გატეხა პური, ხელში ჩაუდო მორწმუნეს და ღვინო პირდაპირ ბარძიმიდან დაალევინა. ანუ ადრე არათუ ერთი კოვზით, ერთი ბარძიმიდან აზიარებდნენ. ჰიგიენური თვალსაზრისით მაშინ უფრო მეტი შანსი იყო დაავადების გადადების.


ეკლესიაში არც ერთხელ არ შევლილა რომელიმე წესი იმის გამო, რომ ის სნეულების მატარებელი შეიძლება ყოფილიყო. ზიარების ლოცვებს გულდასმით თუ წავიკითხავთ, იქ ყველა კითხვაზე არის პასუხი. რომ გვესმოდეს, ვის ვეზიარებით, არასდროს არანაირი კითხვა არ გაჩნდებოდა. ყველას საოცარი მოწიწება გაუჩნდებოდა იმის გამო, რომ ზიარების ღირსი გახდა.


აღდგომის ტაძარში საუკუნეების განმავლობაში არაერთი ავადმყოფი მიდის და ემთხვევა მაცხოვრის საფლავს. ზიარების დროს ჩვენ ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით და ამ შემთხვევაში მხოლოდ ქვაზეა საუბარი. მაცხოვრის საფლავი არასდროს გამხდარა სნეულების წყარო. ასე თუ გაგრძელდა მაცხოვრის საფლავზე ბერებს დადგომას და ყველა ადამიანის მთხვევის შემდეგ ანტისეპტიკით ქვის გაწმენდას მოთხოვენ“, – განგვიცხადა კეკელიამ.


დეკანოზს არ აშინებს ის ფაქტი, რომ იტალიაში ბევრი მღვდელი კორონავირუსით  გარდაიცვალა, რადგან თავის საქმეს ასრულებდნენ.


"ნეტა, ღმერთი მაღირსებდეს, რომ სხვის გამო მოვკვდე და ათას მადლობას გადავუხდი“, – გვითხრა დეკანოზმა.


საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია საზოგადოებაში ბევრ კითხვას აჩენს. თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი „ფორტუნასთან“ საუბარში აცხადებს, რომ საქართველოს საპატრიარქომ ისეთი გზა აირჩია, რომელიც მას მხოლოდ ზიანს მოუტანს.


"საქართველოს საპატრიარქოს განცხადებები მუდმივად ორაზროვანია. რა თქმა უნდა, პოპულისტურიც. დღევანდელმა განცხადებამ გვაჩვენა, რომ უკვე გრძნობენ იმ რისკ-ფაქტორებს, რომელიც მათი პოლიტიკის შედეგად სახელმწიფოსა და საზოგადოებას მიადგა. არის მოლოდინი, რომ გარკვეული კლასტერი გაჩნდეს სივრცეში, დაინფიცირების კერები გაიზარდოს და პასუხისმგებლობა დაეკისროს ეკლესიას. ვალდებული იყვნენ, რომ საკუთარი სამწყოსთვის მოეწოდებინათ, რომ დროებით მაინც დარჩენილიყვნენ შინ და თავად ღვთისმსახურება გაეგრძელებინათ ტაძრებში, იზოლირებულ ფორმებში, მაგრამ მათ რატომღაც არჩიეს „ორთოდოქსული აღტკინება“ და საბოლოო ჯამში ისე წარმოჩინდა, რომ სხვადასხვა ავტოკეფალურ ეკლესიებში, მათ შორის ათონის წმინდა მთაზეც, რომელიც მიიჩნევა, რომ არის ასკეტიზმისა და ზნეობის ფლაგმანი და მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნით დამცველი, იქაც კი აიკრძალა პილიგრიმებისა და მომლოველებისათვის ლიტურგიაზე დასწრება.  ტურიზმიც აღკვეთილია დროებით, სანამ პანდემია გადაივლის.


როდესაც საქმე ეხება, ადამიანის სიცოცხლესა თუ ჯანმრთელობას, არ შეიძლება, რომ ზოგიერთმა მამაომ საკუთარი გავლენის დემონსტრირება მსგავსი ფორმით  მოახდინოს.


კითხვაზე, როგორ იქცეოდა ეკლესია სხვადასხვა ეპიდემიების დროს, თეოლოგი პასუხობს, რომ ზიარების წესი რამდენჯერმე შეიცვალა და ამის ინიციატორები ხშირ შემთხვევაში სწორედ ეკლესიის მსახურები იყვნენ.


"მეექვსე საუკუნეში, იუსტინიანე დიდის მმართველობის დროს დაახლოებით ექვსჯერ მოხდა ეპიდემიის აფეთქება. კეთროვანებისთვის ლაზარეთები მოეწყო, რომელსაც ეკლესია კურირებდა. ამ საქმეში ჩართული იყო მაშინდელი ეპისკოპოსი. მრევლისთვის ღვთისმსახურებაზე დასწრება არ იყო სავალდებულო. კარანტინს ემორჩილებოდა კი არა, ხელს უწყობდა თავად ეკლესია. გადმოცემის თანახმად კეთროვანების ზიარების დროს კოვზს ძმარში რეცხავდნენ და მერე კარგად წმენდნენ. იმ დროს ასეთი ტიპის სტერილიზაცია ხდებოდა.


დღეს რატომ გახდა ეს პრობლემა და რატომ ფიქრობენ, რომ სხვადასხვა კოვზით ზიარება აკნინებს ზიარებას, ან ეკლესიის საკრამენტალურ სიწმინდეს? საკითხი ასე არ დგას დანარჩენ  14 ავტოკეფალურ ეკლესიაში, ასეთი ისტერიითა და მღელვარებით ეს საკითხი არ განიხილება. საზოგადოების კითხვები არ აღიქმება ისე, რომ ეს არის შეტევა ღმერთზე. რატომ არის საქართველო ყოველთვის ფანატიზმის ავანგარდში არ მესმის. ამის პასუხი შესაძლოა ის იყოს, რომ საქართველოს ეკლესია აგებულია შიშსა და ტყუილზე. ეს არის მკაცრი შეფასება, მაგრამ მგონი, სამწუხაროდ რეალობის ამსახველი“, – განაცხადა თეოლოგმა.


ასევე დღეს ცნობილი გახდა, რომ ქართველ სასულირო პირებს კორონავირუსი დაუდგინდა.


წყარო