"კაცი ვარ და თავმოყვარეობა მაქვს მისი - კაბისა და ჩანთისთვის ვეღარ ვირბენ მაღაზია-მაღაზია"

  • თბილისელები
  • 24 მარტი 18:10

ჟურნალი "თბილისელები" რუბრიკაში "მოდი ვილაპარაკოთ" 43 წლის გიორგის ოჯახის დანგრევის ისტორიას აქვეყნებს.

როგორც რესპონდენტი ჰყვება, თავისი ოჯახის დანგრევის მიზეზი, ცოლისადმი გრძნობების გამოუმჟღავნებლობა და სიმორცხვე გახდა.


გთავაზობთ ამონარიდს ჟურნალ "თბილისელებიდან".


"მეოჯახე კაცი ვარ და ვცდილობდი, ოჯახის წევრებისთვის რამე არ მომეკლო. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ შენი თავდაუზოგავი შრომა და სახლში ფულის შეტანა არ არის საკმარისი. 


ისეთი ოჯახი დამენგრა, სადაც ხმამაღალი სიტყვაც კი არ თქმულა. რა არის ამის მიზეზი? ის, რომ ცოლს ხშირად ვერ ვეალერსებოდი, არ ვეუბნებოდი: მიყვარხარ-მეთქი, რომანტიკულ ვახშამს არ ვუწყობდი ბუშტების, ყვავილებისა და სანთლების ფონზე.


სახლში დედა, მამა, და-ძმა, ჩემი ცოლი და შვილები, ერთად ვცხოვრობდით. მიუხედავად ოჯახის წევრების სიმრავლისა, არასოდეს ყოფილა კამათი და დაპირისპორება. ზოგადად, თბილი და მოსიყვარულე ადამიანი ვარ, მაგრამ სახლში ისეთი დაღლილი მივდიოდი, იმის თავიც არ მქონდა, ხელი მომეკიდა და სადმე გამეყვანა. მართლა იმაზე ვიყავი მომართული, რამე არ მოჰკლებოდათ. რას წარმოვიდგენდი, თუ ეს გახდებოდა ჩემი ცოლის განაწყენებისა და გაქცევის მიზეზი. არადა, დარწმუნებული ვარ, ვუყვარვარ და ინანებს კიდეც.


მართალია, ამას ახლა არ აღიარებს და იმიზეზებს – იმ სახლში უცხოსავით ვცხოვრობდი, ქმრის სითბოსა და ალერსს ვერ ვგრძნობდიო, მაგრამ გული სიღრმეში თუ ჩაიხედავს, ამ სიტყვების შერცხვება. არ დამავიწყდება, ოჯახის წევრები საღამოს დავსხედით ფილმის საყურებლად. ჩემმა ცოლმა აღნიშნა: იმ ქალს რა ლამაზი კაბა აცვია, ჩანთაც რა შესაბამისი აქვსო. არაფერი შევიმჩნიე და მეორე დღეს ჩემს დასთან ერთად მოვირბინე მაღაზიები ისეთი არა, მაგრამ მიმსგავსებული კაბა და ჩანთა რომ მეყიდა. თან, დაბადების დღე მოდიოდა და ვიფიქრე, გავახარებ-მეთქი. მივუტანე, გაუხარდა, მაგრამ მაინც მისაყვედურა: არ შეიძლებოდა, ცოტა რომანტიკულად გადმოგეცა საჩუქრები, ასე რომ მეტაკე და ხელში მომაჩეჩეო. იმაზე კი არ დაფიქრდა, სამსახური რომ გავაცდინე, რამდენი ვიარე, ვეძებე და მის გახარებაში უამრავი ფული დავხარჯე,.


კაცი ვარ, მეც მაქვს თავმოყვარეობა და სინდისი. თან გადავყევით მეც და ჩემი ოჯახის წევრებიც და გაქცევით დაგვიფასა? ხვეწნასაც არ დავუწყებ. შვილებს მივხედავ და არაფერს მოვაკლებ, მაგრამ მისი კაბისა და ჩანთისთვის ვეღარ ვირბენ მაღაზია-მაღაზია. არ დამაფასა და იჯდეს დედამისთან. უცადოს, როდის მივადგები ყვავილებით და შევეხვეწები, დაბრუნდეს.


დედაჩემმა მითხრა: ეს იმის ბრალია, მუშაობა რომ არ ისურვა, მთელი დღე სულელურ სერიალებს უყურებდა და იქიდან ისწავლა სახალხო რომანტიკა-მოფერებაო. მე იმას არ ვამბობ, რომ ქალს და მით უმეტეს, ცოლს, ქმარმა რომანტიკული დღეები არ უნდა მოუწყო, არ მოეფერი და ხშირად არ უთხრა: მიყვარხარო, მაგრამ რა ვქნა, მორიდებული კაცი ვარ, ჩემი დედ-მამისა და და-ძმის თვალწინ ვერ დავუწყებდი ხვევნა-კოცნას.


მოსიყვარულე მამაკაციც ედგა გვერდით, ინტიმური ცხოვრებაც ჰქონდა და უზრუნველი ოჯახიც, მაგრამ არ ისურვა და იჯდეს ახლა და უყუროს სერიალებს, რა ვუყო. ვერ იტყვის, რომ მე მისთვის ოდესმე შეურაცხყოფა მიმიყენებია, დამიმცირებია ან რამე მომიკლია."

 

წყარო: თბილისელები