არსებობენ ადამიანები, რომლებთან ურთიერთობაც ყველას უხარია - რაშია ქარიზმატული ადამიანის საიდუმლო?

  • თბილისელები
  • 16 მარტი 18:03

არსებობენ ადამიანები, რომლებთან ურთიერთობაც ყველას უხარია, ერთნაირად უყვართ მეგობრებს, თანამშრომლებს, ხელქვეითებსა და უბრალო ნაცნობებსაც კი. ხშირად ამას კარგ აურას ვეძახით. სინამდვილეში ეს ქარიზმაა.

ქვეცნობიერად ყველას ის ადამიანი იზიდავს, ვის გვერდითაც თავს განსაკუთრებულ პიროვნებად გრძნობს.


გთავაზობთ ძალიან სასარგებლო რჩევებს.


* მოუსმინეთ ყურადღებით – ადამიანს თავი მნიშვნელოვნად და კომფორტულად რომ აგრძნობინოთ, ეცადეთ თვალებით კონტაქტი არ შეწყვიტოთ. აქეთ-იქით ყურებას, პარალელურ საქმიანობას, ტელეფონში ქექვას, სოციალურ ქსელებში სიახლეების სქროლვას, საათის გადამოწმებას არ გირჩევთ. ის უნდა დაარწმუნოთ, რომ პატივს სცემთ, დაინტერესებული ხართ, გადარდებთ… გამოხატეთ ემოციები. ქარიზმატული ადამიანები გულხელდაკრეფილი არ სხედან. მათ მდიდარი ჟესტიკულაცია აქვთ. გაიღიმეთ, წარბები შეჭმუხნეთ, თავი დაუქნიეთ. ადამიანზე ხელის ჩამორთმევის მანერითაც კი შეგიძლიათ, შეიქმნათ შთაბეჭდილება. თქვენი აზრით, რატომ ართმევენ ხოლმე ასე გულმხურვალედ ხელს პოლიტიკოსები თავიანთ ამომრჩევლებს, რატომ უყურებენ გამუდმებით თვალებში? ეს ყურადღებაა, ყურადღება კი ყველას სიამოვნებს.


* არ მოაბეზროთ ადამიანს თავი – სანამ რამეს ეტყოდეთ, დაფიქრდით, რამდენად მნიშვნელოვანი რამ გაქვთ სათქმელი. თუ არც ისე საინტერესოდ მოგეჩვენებათ – გაჩუმდით. რაც უფრო ნაკლებს იტყვით, მით უფრო მეტი მნიშვნელობა მიენიჭება იმას, რაც თქვით.


* გაეცით უანგაროდ და მიიღეთ სიხარულით – ეცადეთ, უფრო მეტი გასცეთ: კომპლიმენტებითა და მორალური მხარდაჭერით დაწყებული, მატერიალურით – ნივთებით დამთავრებული. გაეცით უანგაროდ, სანაცვლოდ კი ნურაფერს დაელოდებით. ოღონდ ისიც დაიმახსოვრეთ, დავალებულად ყოფნა არავის მოსწონს, ამიტომ არასოდეს თქვათ უარი მიღებაზე. თანაც, აუცილებლად გამოხატეთ სიხარული და მადლიერება. სხვებსაც მიეცით საშუალება დიდსულოვნად და საჭირო ადამიანად იგრძნოს თავი.


* თავს ის იფასებს, ვისაც სხვები არ აფასებენ – აბზუებული ცხვირის პატრონ ადამიანს, არავინ უყვარს. ის არავის აფასებს, გარდა მასზე უფრო მეტად აბზუებული ცხვირის მქონეებისა. ნორმალურ ადამიანებს კი, ვისი სიმპათიის დამსახურებითაც თქვენს ცხოვრებაში რაღაცას შეცვლით, ეს დისკომფორტს უქმნის. ხალხს სნობები არ უყვარს. თუ ენამახვილი ბრძანდებით, ეცადეთ, ეს ნიჭი ხალას, კეთილ იუმორზე დახარჯოთ და არა ცინიზმზე. გაითვალისწინეთ, როგორც უნდა გელაქუცონ გამორჩენის მიზნით, რეალურად გულშემატკივარი არ გეყოლებათ, რადგან ლაქია ვერაფრით გიგულშემატკივრებთ.


* ქარიზმატული ადამიანები გონებაგახსნილები არიან, მუდამ ღია ახალი ინფორმაციისთვის, ახალი ურთიერთობებისთვის. ყველაფერს გულით აკეთებენ. მათ მართლა უყვართ ადამიანები, მართლა აინტერესებთ ისინი, მართლა გრძნობენ მათ მნიშვნელობას და ზემოდან არავის უყურებენ. და რაც მთავარია, ეცადეთ, იყოთ გულწრფელი. შეიყვარეთ და დააფასეთ ადამიანები და ისინიც დაგაფასებენ.

წყარო: თბილისელები