ზუგდიდის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის მშობელი: ბაღში აღსაზრდელებს იატაკზე აძინებენ - ვიდეო

  • pia.ge
  • 26 სექტემბერი 11:38, 2019 წელი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის საბავშვო ბაღში გადაღებულ ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ჩანს, რომ აღსაზრდელები იატკაზე წვანან. ვიდეო ერთ-ერთმა მშობელმა გადაიღო.

რამდენიმე წამიან ვიდეოში ჩანს, რომ ბავშვები ხალიჩაზე გაფენილ საბნებზე წვანან. მშობელი თორნიკე ხარამაშვილი ამბობს, რომ დარჩელის ბაღში აღსაზრდელებს სწორედ ასე აძინებენ.


"ჩვენ ამის შესახებ ვიცოდით, უბრალოდ, სხვა გზა არაა, ვერსად წაიყვანენ მშობლები ბავშვებს. საბნები მოგვატანინეს და გვითხრეს, რომ მალე გამოსწორდებოდა, მაგრამ უკვე აღარ მჯერა. სხვა მხრივ მე არავითარი პრეტენზია არ მაქვს ბაღთან, შესაბამისმა სამსახურებმა უნდა მიხედონ ამ ამბავს",- ამბობს ხარამაშვილი.


დარჩელის საბავშვო ბაღის აღმზრდელები და გამგე ამტკიცებენ, რომ პატარებს არ ეძინათ და სადილობის შემდეგ ისინი "სახლობანას" ხშირად თამაშობენ.


"ჩვენ აქ ბავშვებს არ ვაძინებთ, საწოლები არ გვაქვს. რაც შეეხება იმას, რომ ლეიბები მოვატანინეთ, ტყუილია, რამდენიმე მატრასი გვაქვს. მან შეგნებულად მოგვიწყო პროვოკაცია, რადგან ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია",- ამბობს ბაღის გამგე ინეზა ქობალია, თუმცა არ აკონკრეტებს, რა კავშირი აქვს პოლიტიკას აღნიშნულ შემთხვევასთან.


ამავე პოზიციას იზიარებენ დღეს დილიდან ბაღში შეკრებილი მშობლები. მათი მტკიცებით, ისინი ბაღის ადმინისტრაციას ენდობიან და კატეგორიულად გამორიცხავენ, რომ მათ შვილებსა და შვილიშვილებს იატაკზე გაფენილ ლეიბებზე ეძინოთ.


"თვითონ სულ არის ხოლმე ნასვამი და ბავშვს არ ატანენ მასწავლებლები, ამიტომ გადაიღო რაღაც ვიდეო. ასე თუ აწუხებთ ეს ამბავი, მოვიდნენ დ უზრუნველყონ შესაბამისად აღჭურვა",- თქვა ერთ-ერთმა მშობელმა ნანა ახვლედიანმა.


თავის მხრივ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ საკითხს შეისწავლიან.


"დარჩელის საბავშვო ბაღში არ გვყავს ბაგას ჯგუფი. შესაბამისად აქ არ არის დასაძინებელი ოთახები და ბავშვები არ იძინებენ. რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეოს, ამ ფაქტს ჩვენ შევისწავლით, ინფორმაციის წინასწარი მოკვლევით, ეს არის უშუალოდ ბაღის ხელმძღვანელობის თვითშემოქმედება, რომელიც, რა თქმა უნდა, რეაგირების გარეშე არ დარჩება", - აღნიშნა მერის მოადგილემ კონსტანტინე კაკავამ.


მისივე ინფორმაციით, დარჩელში ახალი საბავშო ბაღის მშენებლობაა დაგეგმილი.


ვიდეო სოციალურ ქსელში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ ბათლომე შელიამ გამოაქვეყნა.



 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge