როგორ გადაურჩა ჯულიანა ბარ-გნარი დაპატიმრებას

  • თბილისელები
  • 18 სექტემბერი 17:55

ჯულიანა ბარ-გნარისთვის წლევანდელი წელი განსაკუთრებით ნაყოფიერი გამოდგა. ზაფხულში უკვე მოახერხა კარგად დასვენება, მთელი წლისთვის საჭირო მუხტის შეძენა და ახალი სეზონი ახალი შემართებით დაიწყო.

ჯულიანა ბარ-გნარი: ზაფხული ჩემი პერიოდია, იმიტომ რომ ამ სეზონზე დავიბადე – 22 ივლისს და ჩემი სტიქია მზე და ზღვაა. ზამთარში მთა მიყვარს, მაგრამ ზაფხულში ნამდვილი დასვენება და განტვირთვა ჩემთვის ზღვასთან ასოცირდება. ბავშვობიდან მოყოლებული, დღემდე ჩემთვის ორი დიდი დღესასწაული არსებობს – ჩემი დაბადების დღე და ახალი წელი. ორივე ჯადოსნურად მახსენდება. ჩემი აზრით, ადამიანის ფსიქოლოგიას ბავშვობა აყალიბებს და ალბათ, ამიტომაც, დღესაც ძალიან მიყვარს სიურპრიზები, რომელიც დაბადების დღეს უკავშირდება. სტუდიაშიც წესად ჩამოვაყალიბეთ პედაგოგების დაბადების დღეებზე აქაურობის გაფერადება და დღესასწაულის მოწყობას ყველა ერთად ვცდილობთ.


– შენს დაბადების დღეზე რა ხდება?


– ყოველთვის არდადეგებს ემთხვეოდა და ჩემი მეგობრები წასულები იყვნენ ხოლმე, მაგრამ ჩემები მაინც ახერხებდნენ ამ დღის გაფერადებას. წელს განსაკუთრებული დაბადების დღე მქონდა. ასეთ სიურპრიზს არ მოველოდი. ოთომ ჩუმად მომიყვანა სტუდიაში. დარბაზი ჩვენი მოსწავლეებით იყო სავსე. არ ვიცი, როგორ მოახერხა ყველამ იმ პერიოდში ჩამოსვლა. მთელი დარბაზი ბუშტებში იყო, ჩვენი სტუდიის მთელი ისტორია ფოტოებით იყო გაცოცხლებული და კედლებზე ეკიდა. იატაკზე სანთლებით გული იყო დანთებული, შუაში ჩავდექი და ჩავაქრე (იცინის). არ არის აუცილებელი, საჩუქარი და სიურპრიზი ძვირად ღირებული იყოს. ჩემთვის ძალიან ემოციური იყო იმის წარმოდგენა, რომ ბავშვებმა ამ ყველაფერზე იფიქრეს და ჩემი გახარება გულით უნდოდათ, რაც ჩემთვის ძალიან ძვირფასია. უბედნიერესი ვიყავი. საერთოდ, ეს წელი ძალიან კარგად დაიწყო ჩემთვისაც და ჩვენი სტუდიისთვისაც. პირველი იყო „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გამარჯვება. შემდეგ – „ყველაზე ძლიერი“, რომელიც ოთომ მოიგო. სტუდიაც წელს გავხსენით.


– სხვა დაბადების დღეებიც გახსენდება გამორჩეულად?


– ჩემი და ზრუნავდა ხოლმე ჩემს განწყობაზე და მისი დამსახურებით, სულ მეგონა, რომ ზღაპარში ვცხოვროდი. ეს ვარდისფერი სათვალე დღემდე გამომყვა (იცინის).


– ეს ზაფხული როგორ გაატარე?


– ჩემი ზაფხული გრიგოლეთში, ჩვენი სტუდიის „ზბორებით“ დაიწყო. თან ვვარჯიშობდით და თან ერთად ვისვენებდით. ეს ჩვენი მეორე ოჯახია და მათთან ერთად გატარებული დრო ძალიან სასიამოვნო გასახსენებელია. თან, მე ყველგან კარგად ვისვენებ, სადაც ზღვაა (იცინის). რაც შეეხება სრულ დასვენებას, სპეციალურად გვიან გადავწყვიტეთ წასვლა, მუხტი რაც შეიძლება, დიდხანს რომ გამყვეს. წელს ესპანეთი ავირჩიე. მე და ოთო ვიყავით წასულები. პარიზში მინდოდა. ძალიან მიყვარს საფრანგეთი, მგონია, რომ იქ განსაკუთრებული სული ტრიალებს. ნამყოფი არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩემი ქალაქია. ზუსტად იგივე განწყობა მქონდა იტალიისადმი და ამიხდა. იქ რომ ჩავედი, თავი საკუთარ სახლში მეგონა. ვიცი, რომ საფრანგეთშიც იგივე განცდა მექნება. ეს ქვეყანა დავიტოვეთ, რომ ცოტა მოგვიანებით წავიდეთ.


– ესპანეთში რა მოგეწონა განსაკუთრებით?


– არაჩვეულებრივი ზღვა იყო. ძალიან მიყვარს ესპანური ენა, ძალიან დიდხანს ვუსმენდი ესპანელების საუბარს და არ მბეზრდებოდა. კარგი შთაბეჭდილებებით დავბრუნდით. არაჩვეულებრივი მუსიკა, სანაპირო, უგემიელესი კერძები... აქედან რომ მივდიოდით, გვითხრეს, ესპანელებს ძალიან კარგი სამზარეულო აქვთო, თუმცა პასიური დასვენება არ გვიყვარს. ძალიან ბევრს დავდივართ და ვათვალიერებთ. ამიტომ მაინცდამაინც კვებაზე არ ვიყავით ორიენტირებული.


– ძირითადად, ოთოსთან ერთად დადიხარ, ბევრ მეგობართან თუ მარტო?


– მარტო დასვენება ვერც წარმომიდგენია. განმარტოება მიყვარს, მაგრამ უცხოეთში მოგზაურობისას – არა. აუცილებლად მეგობრების წრეში უნდა ვიყო, რომ კარგად ვიხალისო. თავისუფლად შემიძლია, დავიკარგო. ამიტომ, გვერდით აუცილებლად მჭირდება მეგობარი (იცინის). საშინელი ორიენტაცია მაქვს, ჩემთვის რუკა არაფრისმომცემია (იცინის).


– სადმე სახიფათო თავგადასავალი გადაგხდენია?


– ძალიან სახიფათო მოგზაურობა გვქონდა ერთხელ. მე და ოთო მივდიოდით მსოფლიო ჩემპიონატზე. „ცეკვავენ ვარსკვლავების“ პერიოდი იყო და პროექტიდან გაგვათავისუფლეს. ისე მოხდა, რომ საბუთებში რაღაც არასწორად გაგვიკეთეს. თვითმფრინავიდან რომ ჩავედით, მაშინვე გაგვაჩერეს და უკან გვაბრუნებდნენ. საბედნიეროდ, თვითმფრინავში იმ ქვეყანაში ჩვენი ელჩის შვილი აღმოჩნდა, რომელმაც გვიცნო, მიხვდა, რომ პრობლემა შეგვექმნა. სანამ ჩვენ ვუხსნიდით, რომ მოცეკვავეები ვიყავით ჩემპიონატისთვის ჩასულები და შეიძლება, საბუთებში რაღაც შეეშალათ, მაგრამ კონკრეტულ რიცხვში აუცილებლად უნდა გვეცეკვა, დარეკეს და უთხრეს, რომ სპორტსმენები ვიყავით და აუცილებლად უნდა გავეშვით. პატარა ფურცლით გამოგვიშვეს. ეს იყო, აქედან რომ ჩავედით. რაც შეეხება უკანა გზას. ამჯერადაც გაგვაჩერეს, რადგან ჯიბეში ტყვია აღმომაჩნდა. ჩემი თავი სროლაში გამოვცადე და კარგად გამომივიდა, ამიტომ ტყვია საჩუქრად გადმომცეს. შიგნიდან ფუტლარი იყო, მაგრამ ვიზუალურად – ჩვეულებრივი ტყვია. ვუხსნიდი, რომ სუვენირი იყო. ბოდიში, მაგრამ უნდა დავიტოვოთო და რას დავეძებდი დატოვებას, ოღონდ უპრობლემოდ გამოვეშვით (იცინის).


 

წყარო: თბილისელები