NDI-ის კვლევა: გამოკითხულთა 49% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

  • pia.ge
  • 17 სექტემბერი 10:48

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით მოსახლეობის 49% ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

მოქალაქეების მხოლოდ 18% მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. მოსახლეობისთვის მთავარი ეროვნული საკითხები კვლავ ეკონომიკას უკავშირდება: სამუშაო ადგილები (48%), ფასების ზრდა და ინფლაცია (34%) და სიღარიბე (33%). წინა წლების მსგავსად, ახალი მონაცემები ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობით უკმაყოფილებას აჩვენებს. მოსახლეობის 21 პროცენტი ამბობს, რომ უმუშევარია და სამსახურს აქტიურად ეძებს.


მოქალაქეების მხოლოდ მესამედი ფიქრობს, რომ მათი მშობლების თაობასთან შედარებით უკეთ ცხოვრობს, ხოლო 43% ამბობს, რომ ამჟამად იმაზე ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ვიდრე 5 წლის წინ ჰქონდა. მოსახლეობის ნახევარმა აღნიშნა, რომ ბოლო 6 თვეში ჰქონია შემთხვევა, როდესაც უსახსრობის გამო კომუნალური გადასახადების დაფარვა ვერ მოახერხა. მათივე თქმით, მოულოდნელი საჭიროების შემთხვევაში 300 ლარის უპროცენტოდ სესხებას ვერ მოახერხებდა (54%). ეროვნულ დონეზე მოსახლეობის მხოლოდ 10 პროცენტი ამბობს, რომ დანაზოგი აქვს.


დანაზოგის ქონის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი უმცირესობათა დასახლებებშია (24%). კვლევის თანახმად, მოსახლეობა ეკონომიკურ უთანასწორობაზეც საუბრობს: 70%-ის თქმით, საქართველოს ეკონომიკა საზოგადოების მხოლოდ გარკვეულ ჯგუფს აძლევს სარგებელს. 84%-ის აზრით, ქვეყნის ეკონომიკურ პრობლემებზე საქართველოს ხელისუფლებაა პასუხიმგებელი.


“ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებული პესიმიზმი იზრდება, რაც სავარაუდოდ, მოქალაქეების მხრიდან ქვეყნის ეკონომიკის უარყოფით შეფასებას უკავშირდება,” - განაცხადა ლორა თორნტონმა, NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა. - “მოქალაქეები ეკონომიკაში არსებულ პრობლემებზე პასუხისმგებლად ხელისუფლების წარმომადგენლებს მიიჩნევენ. ეს პირდაპირი მესიჯია ქვეყნის ლიდერებისთვის, რომ ეკონომიკური განვითარებისა და დასაქმების პროგრამები შეიმუშავონ.” მოსახლეობისთვის კიდევ ერთ პრიორიტეტულ საკითხად ჯანდაცვა რჩება.


იმის მიუხედავად, რომ საზოგადოება ჯანდაცვის ხარისხითა და მისაწვდომობით კმაყოფილია, სამედიცინო მომსახურებისა და წამლების მაღალი ფასი მათთვის შემაშფოთებელია. გასული წლის განმავლობაში, მოსახლეობის ნახევარს უსახსრობის გამო სამედიცინო მომსახურებისა (54%) და წამლის ყიდვის გადადება (50%) მოუწია. ევროკავშირისა და ნატო-ს მხარდაჭერა კვლავაც მაღალია. მოსახლეობის 78% ევროკავშირში, ხოლო 71% ნატო-ში გაწევრიანებას უჭერს მხარს. გარდა ამისა, მოქალაქეების 65% სავალდებულო გენდერულ კვოტას ემხრობა, დიდი უმრავლესობის (83%) აზრით კი, ქალები პარლამენტის დეპუტატების მინიმუმ 30%-ს უნდა შეადგენდნენ.


NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კვლევებიდან მიღებული ინფორმაცია ეხმარება მათ საქმიანობას და გამოთქვამენ სურვილს, კვლავაც გაგრძელდეს მსგავსი გამოკითხვები.


აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,131 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.7%. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge