რატი იონათამიშვილი: ჩვენ სიმართლეს ყველგან დავიცავთ და მივიტანთ ადამიანებამდე

  • 12 სექტემბერი 17:51

„ჩვენ სიმართლეს ყველგან დავიცავთ და მივიტანთ ადამიანებამდე“, - პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი განათლების მინისტრთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

მისი განცხადებით, დღეს მოხდა სიცრუის ტირაჟირების კიდევ ერთი სამწუხარო შემთხვევა:


„რადგან ჩვენმა გუნდმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ცრუ ბრალდებებს არ გაუჩუმდება და ტყუილს ყველგან ამხელს, გადავწყვიტე გამოვეხმაურო განათლების მინისტრის დისკრედიტაციის მცდელობას. დეტალებში აღარ შევალ. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ვრცელი განმარტება გაავრცელა და მყარი არგუმენტებით დაასაბუთა, რომ უწყების ხელმძღვანელის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდება უსაფუძვლოა. აქ მთავარია, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ფეიკნიუსებით ოპონირება და ტალახის სროლით ამომრჩევლის ყურადღების მიპყრობა. ცალკე თემაა მედიის პასუხისმგებლობა და პროფესიული სტანდარტის დაცვის ვალდებულება. სრულიად მიუღებელია გადამოწმების და არგუმენტაციის გარეშე მინისტრისა თუ სხვა საჯარო მოხელისთვის მსგავსი ბრალდების წამოყენება. ამით ხდება არა თანამდებობის პირის, არამედ თავად მედიის დისკრედიტაცია, რაც ნამდვილად არ წაადგება ქვეყნის განვითარებას, რადგან თავისუფალ, ობიექტურ და კვალიფიციურ ჟურნალისტიკას თავისი წვლილი შეაქვს დემოკრატიის გაძლიერებაში. კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ აღარ გავუჩუმდებით ცრუ ბრალდებებს და ყველგან ხმამაღლა ვიტყვით, რა არის სიმართლე და რა ტყუილი. ჩვენ სიმართლეს ყველგან დავიცავთ და მივიტანთ ადამიანებამდე, ისე როგორც დღეს გავაკეთეთ“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.