"უკვე ერთი კვირაა დილამდე ირანული პაპსა გუგუნებს ასი ათასი მოწამის მოფარფატე სულთა წმინდა ლოკაციაში"

  • 11 სექტემბერი 17:22

"უკვე ერთი კვირაა დილამდე ირანული პაპსა გუგუნებს ასი ათასი მოწამის მოფარფატე სულთა წმინდა ლოკაციაში", -ამის შესახებ სოციალურ ქსელში მწერალი, პუბლიცისტი პაატა ქურდაძე წერს. 

"შარდენის გეტოს მუსიკალური რეპერტუარი ფაქტობრივად ქვეყნის კულტურული და ტურისტული მაჯისცემაა - უკვე ერთი კვირაა დილამდე ირანული პაპსა გუგუნებს ასი ათასი მოწამის მოფარფატე სულთა წმინდა ლოკაციაში - მართლმადიდებლური და გრიგორიანული ეკლესიების, სინაგოგის, მეჩეთისა და კალასუბნის ზოროასტ - ცეცხლთაყვანისმცემლთა ტაძრის ტოლერანტულ გარემოცვაში !


მგონი აჯობებს თავი დავანებოთ ამ პეროებიან კლასიკური მუსიკის ფესტივალებს და ეთნიკურ პაპსა ფესტივალებს მივაწვეთ - ეს აშკარად ბევრად უფრო ახლოს არის ხალხის და ჩვენი სპეციფიური და ეგზოტიკური ტურისტების გულებთან, გუშინ მაგალითად ღამის ორ საათზე რუსული კალინკას და რაღაც აღმოსავლური თანამედროვე საოცრების ისეთი მიქსი მოვისმინეთ, რომ მრავლისმნახველი გაბრიელიც კი გაოცებული დარჩა - მოგეხსენებათ ჩვენ სულიერად დაცემული და განადგურებული ქალაქიდან ვართ - აი 'არაბებმა და ზანგებმა" რომ გადაჭამეს, დარტანიანის და კარდინალის მუშკეტერების სული რომ ჩაკლეს... რა არ მომისმენია, მაგრამ კალინკასა და ბაიათის "გაკლუბებული" მიქსი!... ღმერთო!... შარდენის გეტომ საკუთარ თავს გადააჭარბა ! ვარანცოვლები ამბობენ აღმაშენებელის გეტოშიც ძალიან კრეატიული განწყობააო.. ერთი არქიტექტურულად გარიმეიკებულ კალხოზნიზე უკრავენ ვიღაც "უჯიშო ევროპელები" პიანინოს...მაგრამ ვის რაში ჭირდება! ხალხს "სავრემენნი" კლუბური კალინკა და ბაიათი სწყურია! ამიტომ ვამბობ, დავამთავროთ ეს როიალივით ელეგანტური ტინგიცობა და მართლა რეალურად სახალხო ფესტივალის ჩატარებაზე ვიფიქროთ,ისეთი მუსიკის, ჩვენი მრავალტანჯული ერის გულის აშლილ სიმებს რომ შეეხება და ააფორიაქებს ! !... ქვეყნის და ქალაქის კულტურა ხომ ის არის, რაც ისმის და რაც ჩანს ყოველ ნაბიჯზე და არა ის, რაც გვსურს რომ იყოს! .. ასე არ არის ?,- წერს პაატა ქურდაძე.