რატომ ვერ ეგუებოდა საკუთარ სხეულს ნუკი კოშკელიშვილი ?

  • თბილისელები
  • 9 სექტემბერი 14:25

ნუკი კოშკელიშვილი ზაფხულს ყოველწლიურად საქართველოში ატარებს.

ტრადიცია არც ამჯერად დაურღვევია და ოჯახთან ერთად მთელი სეზონი საქართველოს სხვადასხვა მხარეში გაატარა. მისი ოჯახური იდილიისადმი ინტერესი ყოველთვის დიდია, ამიტომ ნუკისა და ბენის წყვილი გამუდმებით ყურადღების ცენტრშია. ერთი წლის წინ მათ ოჯახს ახალი წევრი, პატარა ოლივერი შეემატა (ფოტოები ეკუთვნის Ninuca photography-ს).


ნუკი კოშკელიშვილი: ოლივერის დაბადების შემდეგ, ხანდახან ვერ ვხვდები, ეს ერთი წელი უცებ გავიდა თუ, პირიქით – ნელა. უცებ, ალბათ, იმ თვალსაზრისით, რომ ბავშვი გაიზარდა და თავისი ხასიათითა და ყველაფრით უკვე ჩამოყალიბებული ადამიანია. ნელა, იმ მხრივ, რომ ველოდებოდი, როდის დაიწყებდა გვერდზე გადაბრუნებას, ხოხვას, სიარულს და ასე შემდეგ. ამ ერთმა წელმა ძალიან შემცვალა, სულ სხვა ადამიანი ვარ. შევიცვალე შინაგანად, აზროვნებით, გონებით, პრიორიტეტებით. ოლივერი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი გახდა ჩემთვის. ვიდრე ბავშვი გამიჩნდებოდა, მანამდე ვფიქრობდი, როგორც „ციგნის ბავშვებს“ ზრდიან, მეც ისე გამეზარდა ჩემი შვილი, რომ ჯანმრთელი და ძლიერი ყოფილიყო. მაგრამ რეალობა სულ სხვანაირი ყოფილა, ყველაფერს ძალიან ემოციურად ვუდგები – რომ დააცემინებს ხოლმე, ცუდად ვხდები.


– თავიდან მარტოს გაგიჭირდა ბავშვის მოვლა?
– მიუხედავად იმისა, რომ სულ ბავშვებთან მქონდა შეხება, გამიჭირდა. მყავდა პატარა და და ჩემთვის არ იყო სიახლე პამპერსის გამოცვლა, ბავშვის მოვლა... თურმე, შენი საკუთარი შვილი სულ სხვა რამ არის. არის მეორე მომენტიც როცა მარტო ხარ და მარტო ზრდი, ყველაფერი გიმარტივდება იმ თვალსაზრისით, რომ ზუსტად იცი, რა დროს რა უნდა გააკეთო, შენს ნებაზე გაქვს ყველაფერი მოწყობილი. ამერიკაში სახლი მთლიანად გადავაკეთე და ყველაფერი ბავშვის საჭიროებებს მოვარგე – ღობეებიც კი მქონდა ოთახებში გაკეთებული, რომ უსაფრთხოდ ეხოხა, ევლო, შესაბამისად, მეც მშვიდად ვიყავი და არ მეშინოდა. თბილისში კი ასე არაა, მაგრამ ძალიან ბევრს ნიშნავს დამხმარე. აქ მაქვს შესაძლებლობა, ბავშვის გარეშე გავიდე გარეთ, თუნდაც ოთახიდან ოთახში. ყველას მინდა ვუთხრა, რომ თუ დამხმარე გყავთ, დედა, დედამთილი თუ სხვა, აუცილებლად გააჩინეთ შვილები. ბავშვზე კარგი და სასწაული ამქვეყნად არაფერია.
– ბენი როგორი მამაა? რამდენად ჩართულია ბავშვის მოვლაში?
– ფანტასტიკური მამაა. ბენი ჩართულია ყველაფერში, რაც კი ბავშვს უკავშირდება. ისევე უვლის ოლივერს და უკეთებს ყველაფერს, როგორც მე. მისთვის არ წარმოადგენს პრობლემას პამპერსის გამოცვლა, ბავშვის ბანაობა, გასეირნება და ასე შემდეგ.
– ამ ყველაფერს მის მოვალეობადაც თვლი თუ მიიჩნევ, რომ ბავშვის გაზრდაში გეხმარება?
– არა, ეს არ არის დახმარება, ეს არის მოვალეობა, რომელიც მშობელმა შვილის წინაშე უნდა შეასრულოს. მართალია, ძირითადი საქმე, რაც ბავშვს ეხება, მე მაკისრია და ეს, შეიძლება ითქვას, ჩემი სამსახურია, მაგრამ ბენი ყველაფერში აქტიურადაა ჩართული, არა იმიტომ, რომ მე დამეხმაროს, არამედ, როგორც მამა. არის შემთხვევა, როცა ბავშვის დატოვება მჭირდება ან რამე მსგავსი, ამაზეც არანაირი პრობლემა არ გვაქვს.


 

წყარო: თბილისელები