"ფორსმაჟორულმა გარემოებამ ბავშვი – მაქსიმე სამიოდ საათით დაგვიბრუნა" - რას წერს გელა ჩარკვიანი

  • 24 აგვისტო 19:33

მწერალი და დიპლომატი გელა ჩარკვიანი შვილიშვილთან მაქსიმე ჩარკვიანთან დაკავშირებით წერს. 

"მოვიდა ზაფხული და მოსკოვიდან მაქსიმე ჩამოგვივიდა, გაზრდილი და შეცვლილი. ტუჩს ზემოთ ულვაშისმაგვარი ღინღლი ამოსვლოდა, ჩაფიქრებული დადიოდა და ტრადიციულ შეკითხვებზე პასუხს თითქოს გვამადლიდა. მოულოდნელად გამოგვიცხადა, რომ ქობულეთში ჩვენთან ერთად არ წამოვიდოდა, – იქ შარშანაც ძალიან მომწყინდაო. „რევოლუცია იწყება“, – გავიფიქრე და 14-15 წლის ირაკლი გამახსენდა, როგორ უარობდა ყველაფერს, რასაც ჩვენ შევთავაზებდით. არსებობს მარტივი ტესტი თინეიჯერული ნონკონფორმიზმის თუ პროტესტის დასადგენად – შესთავაზეთ ის, რაც მას ძალიან უყვარს და თუ უარს გეტყვით, ესე იგი თქვენი საყვარელი ბავშვი ნერვიული მოზარდობის, ახალი როლის ძიების ფაზაშია გადასული და მთელ სამყაროს, თქვენი ჩათვლით, დროებით უნდობლობას უცხადებს.


ისე მოხდა, რომ ფორსმაჟორულმა გარემოებამ ბავშვი – მაქსიმე სამიოდ საათით დაგვიბრუნა. იმ დროს ჩვენს ბინაში ზურას ბრიგადა რემონტს აკეთებდა. ეს კოსმეტიკა არ იყო, ინგრეოდა კედლები, სათავსოებს ეცვლებოდა ფუნქციები, თეონას მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით. მუშებს წამდაუწუმ ეზოში უხდებოდათ გასვლა და ბინის კარს ზოგჯერ ღიას ტოვებდნენ... ერთ დღეს თავზარდაცემულმა აღმოვაჩინე, რომ კატა გამქრალიყო. ავტეხე ერთი ამბავი და მაქსიმეც გავაღვიძე. რომ გაიგო, კატა დაიკარგაო, წამოხტა, შარვალი ამოიცვა და ქუჩაში გავარდა. ცოტა ხანში კატით ხელში დაბრუნდა და დაბნეული ცხოველი ჩემ წინ იატაკზე დასვა. „ჰეი, ბიჭო, ეს სხვა კატაა. ჩვენსას წინ კულონი ეკიდა“, – ვუთხარი იმედგაცრუებულმა. „ძმა იქნება, ძალიან ჰგავს. იმასაც მოვიყვან“, – მიპასუხა პოზას მოკლებული, ძველებური, ბავშვური ღიმილით. უცხო კატა ხელში აიყვანა და ეზოში დაბრუნდა. მერე ძმაკაცები მოიშველია და შუადღისთვის ოპერაცია წარმატებით დაასრულა",-აღნიშნავს გელა ჩარკვიანი.