ტიმოთესუბნის მთავარ ტაძარში საყოფაცხოვრებო კარადა ჩააშენეს (ფოტო)

  • fortuna.ge
  • 19 აგვისტო 11:52

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, სოფელ ტიმოთესუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამონასტრო კომპლექსში მორიგი უნებართვო ქმედება გამოვლინდა.

ადგილობრივი ეპარქიის მღვდელმთავრის განმარტებით, აღნიშნული ქმედების შესახებ არც ეპარქიას და არც საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაცია არ ჰქონია.


სააგენტოში აცხადებენ, რომ მოქალაქეებისგან ფოტომასალა მიიღეს, სადაც მთავარ ტაძარში თანამედროვე სამშენებლო მასალით აგებული სათავსო ფიქსირდება, რომელიც ინტერიერში თვითნებურადაა დამონტაჟებული.


მიწოდებულ ფოტომასალაზე სააგენტოს სპეციალისტების პირველადი შეფასებით, საყოფაცხოვრებო დანიშნულების მქონე სათავსო ეროვნული კატეგორიის სტატუსის მქონე უძრავი ძეგლის ინტერიერის ვიზუალურ მხარესთან სრულ შეუსაბამობაშია და მის კულტურულ ღირებულებას ხელყოფს.


სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფი სოფ. ტიმოთესუბანში 20 აგვისტოს გაემგზავრება. მონიტორინგის ვიზიტის მსვლელობაში სხვა სასულიერო პირებთან ერთად ჩაერთვება ადგილობრივი ეპარქიის მღვდელმთავარი. შესაძლოა, ფაქტის შესწავლის შემდეგ, ადგილობრივ სასულიერო პირებს მისი დემონტაჟიც კი მოსთხოვონ.


სააგენტოში ამბობენ, რომ ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფის მიერ მომზადებულ ანგარიშს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში გაასაჯაროებს.

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge