"27 წლის შემდეგაც არჩევანი მხოლოდ ერთია - უნდა დავბრუნდეთ და ჩვენ დავბრუნდებით აუცილებლად!"

  • 14 აგვისტო 15:34

აფხაზეთში შეირაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 27 წლისთავს აფხაზეთის ა/რ-ის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"27 წელი გავიდა იმ ტრაგიკული დღიდან, საიდანაც ქართველების და აფხაზების ურთიერთობების ახალი მტკვინეული ათვლა დაიწყო. ძმათამკვლელ ომში ქართველებიც და აფხაზებიც სხვების მტრული და ბოროტი ჩანაფიქრის იარაღად გვაქციეს და მოუნელებელი ჭრილობა დაგვიტოვეს, რომელიც მერე - როცა ისევ ერთად ვიქნებით, ალბათ, მაინც მწარედ შეგვახსენებს თავს.


13 თვე და 13 დღე იბრძოდა საქართველო სეპარატისტების და დაქირავებული მებრძოლების წინააღმდეგ და ამ ბრძოლაში არავის გაუმარჯვია. სოხუმის დაცემას და მაშინდელ დამარცხებას კი ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა მოჰყვა. გადარჩენილი 300 000 ეთნიკურად ქართველი, ბერძენი თუ სხვა უმცირესობები აფხაზეთიდან ლტოლვილ-დევნილი გახდა. რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა დაცემული ქალაქიდან გამოღწევას...


ახლა შორს არის ჩვენგან აფხაზეთი, ოკუპირებულია, როგორც ჩვენთვის, ასევე აფხაზებისთვის, მაგრამ თითოეულს იქაური ზღვის სურნელი მაინც თან დასდევს. 27 წლის განმავლობაში დაიბადა თაობა, რომელიც აუცილებლად შეძლებს მშვიდობით ჩასვლას სოხუმში, ოჩამჩირეში, გულრიფშში და სხვა ქალაქებში, რომელსაც 27 წლის წინანდელი ომის კვალი დღემდე ატყვია.


27 წლის წინ იყო გმირობა და მარცხიც, რომელიც საერთო გამარჯვებად უნდა იქცეს. გმირია ყველა, ვინც 403 დღე იბრძოდა საკუთარი სიმართლისთვის, ვინც დაიღუპა და გადარჩა ამ ომში.


27 წლის შემდეგაც არჩევანი მხოლოდ ერთია - უნდა დავბრუნდეთ და ჩვენ დავბრუნდებით აუცილებლად!", - წერს მინისტრი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.


აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 27 წელი გავიდა. 1992 წლის 14 აგვისტოს დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირება ომში გადაიზარდა. პირველი შეტაკებები ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში მოხდა.


სამხედრო დაპირისპირება 403 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემითა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.


შეიარაღებულ კონფლიქტს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი შეეწირა, სამასი ათასამდე ადამიანი დევნილი გახდა.


აფხაზეთის რეგიონში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 27 წელი გავიდა.
ომი აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. საქართველოს შეიარაღებული ძალები ტერიტორიაზე რკინიგზის დაცვის მიზნით შევიდნენ. ომის ძირითადი ფაზა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. სოხუმის დაცემას წინ უძღოდა რუსეთის მონაწილეობით მხარეებს შორის მოლაპარაკებები.


27 ივლისს ხელი მოეწერა სოჭის ხელშეკრულებას, რომელიც აფხაზურმა მხარემ ცალმხრივად დაარღვია, როდესაც ქართულ მხარეს აფხაზეთიდან გამოყვანილი ჰყავდა მძიმე სამხედრო ტექნიკა.


ომის შედეგად, აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300 000-მდე ადამიანს მოუწია. საომარი მოქმედებების შედეგად, ქართული მხრიდან, ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახით, 10 000-მდე ადამიანი დაიღუპა.