ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ომარ გამყრელიძეს ბრალი არ შეუმსუბუქდება

  • 14 აგვისტო 13:34

ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ომარ გამყრელიძისთვის ბრალის შემსუბუქებასთან დაკავშირებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

გამოძიების მიერ მოპოვებული დამატებითი მტკიცებულებების საფუძველზე, ომარ გამყრელიძის მიმართ წარდგენილი ბრალდება 2019 წლის 17 ივლისს დაზუსტდა. კერძოდ, მას ბრალი ედება მკვლელობის დახმარებაში, რაც ამ მიზნით დანაშაულის იარაღის სხვა პირისთვის გადაცემაში გამოიხატა. მას ასევე ბრალად ედება სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა. ომარ გამყრელიძის მიმართ საქმე უკვე წარიმართა სასამართლოში განსახილველად.


გარდა ამისა, 18 ივლისს, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ოჯახის წევრის მკვლელობისთვის ბრალი დაუსწრებლად წარედგინა ნ.გ-ს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.


სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 11-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილით, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.