15 აგვისტოს სავსე მთვარეა - 23-24 აგვისტოს მოსალოდნეილია ერთი ნახვით შეყვრება

  • 14 აგვისტო 11:49

15 აგვისტოს სავსემთვარობის შედეგად გამოწვეულ მოსალოდნელ მოვლენებზე გთავაზობთ ასტროლოგ დავით ნიბლაძის პროგნოზს.

 

 

ნიბლაძის ვარუდით, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში სასიყვარულო თემები იქნება აქტუალური კოსმიური მესიჯი გულისა და გონების ბალანსი იქნება.


"15 აგვისტოს სავსე მთვარეა პიკი - 16:29სთ.


სავსე მთვარე ამჯერად მერწყულისა და ლომის ღერძზე გველოდება (22’24 გრადუსი).


ეს სავსე მთვარე გამოირჩევა იმით, რომ ლომში იმყოფება მზე, ვენერა, მარსი და მერკური, მთვარე კი ლომის საწინააღმდეგო ნიშან მერწყულში.


მერწყული ჰაერის ლოგიკური ნიშანია, რომელიც მიგვითითებს ცოდნის ძალასა და ლოგიკის საჭიროებაზე. ლომი ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელია თავისი ლიდერული ბუნებითა და გამბედაობით. ლომი ასტროლოგიურად გულს უკავშირდება, მერწყული გონებასა და ლოგიკას. კოსმიური მესიჯი სწორედ გულისა და გონების ბალანსია. იპოვნეთ ოქროს შუალედი, სადაც შეძლებთ იცხოვროთ გულით და ამავე დროს, იყოთ პრაქტიკული თქვენს სურვილებსა და ოცნებებთან მიმართებაში. გამოიყენეთ მერწყულის ლოგიკა იმისათვის, რომ მიხვდეთ, რისი დასრულება გჭირდებათ ცხოვრებაში და ლომის გამბედაობა ამ ცვლილების პრაქტიკულად განსახორციელებლად. ლომი ასოცირდება ეგოსთან და საკუთარი ინდივიდუალიზმის კრეატიულ თვითგამოხატვასთან, რომელსაც რომანტიული თავგადასავლებითა და გართობით ავლენს. მერწყული კი უფრო მეტად მეგობრულ ურთიერთობებსა და ჯგუფურ მუშაობაზეა ორიენტირებული. თუ ლომისთვის ეგო, სიამაყე და მისი დაკმაყოფილებაა მთავარი, მერწყული ცდილობს, სრული თავისუფლების ფარგლებში გამოავლინოს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება თანამოაზრეებთან ერთად. დააბალანსეთ ეს თვისებები.


მერწყულს მართავს ზეცის ღმერთად წოდებული ურანი, პლანეტა, რომელიც უკავშირდება ტრადიციების უარყოფას, სიახლეებს, ორიგინალურობასა და ინდივიდუალიზმს, პროგრესულობას, უმაღლეს ლოგიკას, მოულოდნელ ცვლილებებს, ტოლერანტობას, ინოვაციებს, კრეატივს, სოციალურ ჯგუფებს, აღმოჩენებსა და ახალ ტექნოლოგიებს; უარყოფითი კუთხით - მეამბოხე სულისკვეთებასა და უპასუხისმგებლობას. თუ სატურნი (წინა სავსე მთვარის მმართველი პლანეტა) გვაყოვნებს და მეტ სიფრთხილესა და გარანტიებს ითხოვს კონკრეტული ნაბიჯის გადადგმისას, ურანი პირიქით, ხელს გვიწყობს გარისკვასა და ექსპერიმენტების ჩატარებაში. ურანი სწორედ ის პლანეტაა, რომელიც ვერასდროს შეეგუება სტაგნაციასა და შეზღუდვებს. აქ პირადი თავისუფლება უმნიშვნელოვანესია. სატურნის პრინციპი რეალობასთან პირისიპირ შეჯახებაა, ურანი კი მზადაა ყველაფერი შეცვალოს საჭიროების მიხედვით, ამბოხით თუ ამბოხის გარეშე.


სავსე მთვარის დროს მზესთან ზუსტ შეერთებაში იმყოფება ვენერა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 2 კვირის განმავლობაში სწორედ სასიყვარულო თემები იქნება აქტუალური. მზისა და ვენერას ზუსტი ოპოზიცია სავსე მთვარესთან კიდევ უფრო გააძლიერებს ურთიერთობების, სხვა ადამიანთან კავშირის სურვილს და შესაძლოა იმდენადაც, რომ ამ სურვილით ანთებულებმა სტანდარტების დაწევის ხარჯზე წამოვიწყოთ რომანტიკული თავგადასავლები. ამ კუთხით მეტი ყურადღებაა საჭირო იმედგაცრუების თავიდან არიდების მიზნით. პრობლემატურ ურთიერთობებში გაცილებით ცხადი გახდება განსხვავებული ხასიათი, კონფლიქტების მიზეზები და ყველა ის ხელისშემშლელი გარემოება, რაც განვითარებას აფერხებს. გაცილებით მარტივი და სასიამოვნო იქნება ეს პერიოდი იმ წყვილებისთვის, სადაც ნაკლებია პრობლემები. ასეთ შემთხვევაში, ეცადეთ, დრო სიახლეებსა და ორიგინალურ თავგადასვლებს დაუთმოთ.


მომდევნო დღეებიდან აღსანიშნავია 23-24 აგვისტო, როდესაც ვენერა და მარსი უკვე ქალწულში ზუსტი ასპექტით შეუერთდება ერთმანეთს. ეს მდებარეობა გაზრდის სითბოს გამოხატვისა და პარტნიორზე ზრუნვის სურვილს. მოიმატებს ასევე სექსუალური ენერგია და სურვილი, მივაღწიოთ სრულყოფილებასა და ჰარმონიას ურთიერთობაში. ეს ასპექტი აძლიერებს ერთი ნახვის შეყვარების ტენდენციასაც. 25-26 აგვისტოს კი ვენერას ჰარმონიული ასპექტი ურანთან გარისკვის შიშს დაგვავიწყებს და გაგვიჩენს სურვილს, რაღაც ახალი, უცნაური და ჯერ გამოუცდელი გამოვცადოთ. იყავით ღია ექსპერიმენტებისთვის. ფინანსების კუთხით შანსი გვაქვს, შემოსავლის მიღების ახალი წყაროებიც აღმოვაჩინოთ.


კონკრეტულად 14-16 აგვისტოს შუალედში მოჭარბებული ენერგია შესაძლოა, კონფლიქტური სიტუაციების წინაპირობა გახდეს, ამიტომ ნუ იკამეთებთ, მაქსიმალურად აარიდეთ თავი გაუგებრობებს. კონფლიქტური სიტუაციების წარმოქმნას მერკურისა და ურანის კვადრატი და მთვარე-მარსის ოპოზიციაც შეუწყობს ხელს. შედარებით გართულდება ურთიერთგაგება. მოიმატებს აგრესია, რომელიც შესაძლოა, უკონტროლო ფორმებამდეც მივიდეს პროვოცირების შემთხვევაში. ამიტომ, მსგავს სიტუაციებში ნუ ეცდებით ერთმანეთისთვის რამის დამტკიცებას. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ეცადეთ, სიტუაციას გვერდიდან შეხედოთ. სიფრთხილეა საჭირო საჭესთან და საგზაო გადასასვლელებთან. მოუფრთხილდით ჯანმრთელობას(განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას)."