რას მოაქვს ბინაში მატერიალური დოვლათი

  • თბილისელები
  • 29 ივლისი 16:31

სახლში არსებული თითოეული ნივთი გარემოცულია თავისი აურით, რომელიც ადამიანის აურაზე ზემოქმედებს.

 როცა ნივთებისა და ადამიანების ველები ერთმანეთს უერთდება, მაშინ ესა თუ ის ნივთი უფრო მიმზიდველი, საყვარელი და სასიამოვნო გეჩვენებათ. გირჩევთ, თავიდან მოიშოროთ ის საგნები, რომლებიც თქვენში უარყოფით ემოციებს აღძრავს. ასევე, ხშირად შეუცვალეთ ოთახში ადგილი ავეჯსა და საგნებს. თუ რომელიმე საგანი ან ავეჯი ცუდ მოგონებებს აღძრავს, არავითარ შემთხვევაში არ გააჩუქოთ, უბრალოდ, გადააგდეთ ან დაწვით.


სახლში არსებული საგნების აურა ადამიანს თავისი აურის ნაწილს ართმევს და მათთან შეხება მის მფლობელზე ენერგეტიკულ კვალს ტოვებს.


ნებისმიერ სახლში არის ისეთი საგნები, რომლებსაც დადებითი ენერგეტიკა აქვს და, შესაბამისად, ადამიანებშიც დადებით და პოზიტიურ ენერგიებს აღძრავს. თუმცა, ეს მხოლოდ ავეჯი არ არის. მაგალითად, ფოტოსურათებს ჩვენ იშვიათად ვიყენებთ ბინების ინტერიერის გასალამაზებლად. არადა, ეს შესანიშნავი საშუალებაა, გამოვკვეთოთ ჩვენი ხასიათი. თუ, რა თქმა უნდა, სურათზე ცხოვრების ბედნიერი მომენტია ასახული. ამიტომ, ის ფოტო რომელზეც თქვენი ბედნიერი წამებია ასახული, ჩასვით ლამაზ ჩარჩოში და კედელზე ისეთ ადგილას დაკიდეთ, რომ ხშირად შეხედოთ და ის ემოცია თავიდან განიცადოთ. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს, სად დაკიდებთ ან დადებთ ჩარჩოში ჩასმულ სურათს. უმჯობესია, ის დაკიდოთ სარკის მარჯვნივ, თუ მისაღებში, კედელზე დიდი სარკე გაქვთ დაკიდებული. თუ სურათი სამუშაო მაგიდაზე გინდათ დადოთ, მაშინ მას ადგილი მარჯვენა კუთხეში მიუჩინეთ, რადგან ეს ურთიერთობის ზონად მოიაზრება.


სკულპტურული გამოსახულებები და ნახატები გარე სამყაროს ენერგეტიკის ანარეკლთან გვაახლოებს, ამიტომ, აუცილებელია, შევიგრძნოთ, რა ემოციებს აღძრავს ხელოვნების ესა თუ ის ნიმუში და რამდენად შეესატყვისება ავტორის ხედვა შინაგანი სამყაროს ჩვენეულ აღქმას. მაგალითად, წყლის პეიზაჟების, მთების, ყვავილების გამოსახულება დადებითად მოქმედებს სახლის ენერგეტიკაზე.


თუ სახლში „გადახალისებას“ გეგმავთ, გირჩევთ, ყვავილებისა და პეპლების გამოსახულებიანი ფარდა ანშპალერი შეიძინოთ, რადგან მისი ყურება, ადამიანს რომანტიკულ განწყობას უქმნის. ასევე, ურთიერთობის სტაბილურობას უწყობს ხელს. არ ვარგა გამხმარი ყვავილებისა და პეპლების სახლში შენახვა, მათი ჩარჩოში ჩასმა და კედელზე დაკიდება ან მაგიდაზე დადგმა. ნაჭერზე ამოქარგული ან საღებავებით მოხატული სურათის ჩარჩოში ჩასმა და მისაღებ ოთახში ჩამოკიდება კი ძალიან კარგია. სამზარეულოს მოსაპირკეთებლად შავი ფერი არ გამოიყენოთ, რადგან ის, უარყოფითი ენერგიის დაგროვებას იწვევს და შედეგად, ადამიანის განწყობაზე, ბედსა და ზოგადად, ცხოვრებაზე ასევე, მუქად ანუ უარყოფითად აისახება.


ზოგადად, საცხოვრებელში ნეგატიურია ის ადგილები, სადაც თავს ცუდად გრძნობთ, დისკომფორტს განიცდით, მოუსვენრობა გეუფლებათ და ასე შემდეგ. მცენარეებს კი, შეუძლიათ ასეთი ნეგატიური ზონებიდან უარყოფითი ენერგიების გამოდევნა და მისი განეიტრალება. ოთახის ყვავილები დიდ გავლენას ახდენენ სახლის ენერგოსტრუქტურის ფორმირებაზე. მაგალითად, გვიმრა შთანთქავს ადამიანისთვის მავნე ენერგიას სახლში. თუ ყვავილის ფოთლები ყვითლდება, ესე იგი, ბინაში ბნელი ძალა ჭარბობს, კარგი იქნება, თუ გექნებათ კაქტუსი, რადგან სიავეს მისი ნემსების ეშინია. ეს მცენარე დადებითი ენერგიის ნამდვილი რეზერვუარია. ამას გარდა, კაქტუსებს უარყოფითი ენერგიის დადებითად გარდაქმნაც შეუძლიათ.


თუმცა, ადამიანი ზუსტად უნდა ერკვეოდეს, რომელი მცენარეა მისთვის და მისი ოჯახისთვის სასარგებლო და სიმშვიდის მომტანი. მაგალითად, ადამიანებისთვის საშიში მცენარეებია და კატეგორიულად იკრძალება საცხოვრებელში მცურავი ლიანას გახარება. ის ისრუტავს ჩვენს ძალებს, ღამით, როცა მშვიდად გვძინავს, ჩვენგან დადებით ენერგიას იწოვს. ბევრ ბინაში მინახავს ქოთანში გახარებული წიწაკა, პომიდორი თუ კიტრი. არადა, ეს ბოსტნეულიც ცუდი ენერგიის მქონეა და ჩვენს ენერგიას შეიწოვს. კარგია, თუ სახლში ჯუჯა ხეებს განათავსებთ, რადგან მათ მატერიალური დოვლათის მოაქვთ და მათგან „გამოტყორცნილი” აურა საქმეშიც ხელს მოგიმართავთ.


ასე რომ, ყველა ადამიანმა უნდა დაიცვას საკუთარი თავი, იცოდეს, თუ როგორ შემოიტყუოს სახლში დადებითი ენერგიები, დაიცვას ოჯახის სიმყუდროვე, შექმნას პოზიტიური აურა და ჰარმონიული გარემო. თუ გსურთ, თქვენი ბინა ყველასთვის თბილი და მშვიდი იყოს, სიამოვნებდეთ თქვენთან სტუმრობა და ჭიქა ყავაზე საუბარი, მაშინ ეს გარემო თავად უნდა შექმნათ.

წყარო: თბილისელები