გათხოვების გარეშე შვილის გაჩენის გამო ოჯახმა გამრიყა

  • თბილისელები
  • 29 ივლისი 14:09

"თბილისელების" რუბრიკაში "მოდი ვილაპარაკოთ" 25 წლის მარის ისტორია ვრცელდება. 

"წლების წინ უმაღლესში ჩავაბარე და სასწავლებლად სოფლიდან დედაქალაქში ჩამოვედი. დედამ ბინა ერთ-ერთ ძველ უბანში მიქირავა და ჩემი თავი მეპატრონეს ჩააბარა. მართლა არ მიფიქრია სიყვარულსა და თბილისში გათხოვებაზე, სწავლა მინდოდა და მერე ჩემს სოფელში, სახლში დაბრუნება. თან, ჩემს თანაკლასელ ბიჭს ვუყვარდი და ვფიქრობდი, სწავლას რომ დავასრულებ და დავბრუნდები, ცოლად იმას გავყვები-მეთქი. მოკლედ, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ ვგეგმავთ. ბინის პატრონის შვილს დავუახლოვდი, შემიყვარდა და მასთან დავიწყე შეხვედრები. რასაკვირველია, ეს ამბავი ჩვენ შორის რჩებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვსწავლობდი, მასთან შეხვედრას და დროის გატარებასაც ვასწრებდი. ზაფხულის მოსვლა და არდადეგები ჭირივით მეზიზღებოდა. სოფელში რომ მივდიოდი, ვახოს მონატრებაში მხდებოდა სული. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, მე და ვახოს ოჯახის შექმნაზე საუბარიც კი არ გვქონია. ორსულად რომ დავრჩი, მაშინ დავფიქრდი, მივხვდი, რა შარში გავყავი თავი, თუმცა ბავშვის მოცილება და აბორტის გაკეთება აზრადაც არ მომსვლია. ვახოს არ უნდოდა ბავშვი და მეხვეწებოდა: მოდი, ამ ეტაპზე არ გააჩინო, წინ კიდევ ბევრი წელი გვაქვს. ჯერ პატარები ვართ, შენც სწავლობ, მე არ ვმუშაობ, თან, ჩვენი ურთიერთობა მშობლებმა არ იციან და არ მინდა, პრობლემები შეგვექმნასო. სწორედ, ამ სიტყვების მერე დავფიქრდი და მივხვდი, ვახო არ მიიღებდა ბავშვს, ჩემს ცოლად მოყვანასაც არ აპირებდა და გამოსავალი თავად უნდა გამომენახა. რამდენიმე დღეში, სხვა ბინა მოვძებნე, იქ გადავბარგდი და ვახოსთან შეხვედრებსაც ვერიდებოდი. ყოფილი ბინის მეპატრონემ, ანუ ვახოს დედამ, დედაჩემს დაურეკა და უთხრა: ჩვენგან წავიდა, სად გადავიდა, არ ვიცი. ვერც იმას გეტყვი, რა მოხდა, არაფერი უთქვამს და მერე, მე რომ არ მომთხოვო პასუხი, ახლა გეუბნებიო. მეორე დღესვე ჩამოქანდა დედაჩემი სოფლიდან. შემომხედა თუ არა, ეგრევე მიხვდა, რაც მჭირდა. მუცელი ოდნავ მემჩნეოდა. დაჯდა და მოჰყვა ვაი-ვიშს. ისე ტიროდა, თითქოს შვილი მოუკლეს. ვთხოვე, არ გაახმაურო სოფელში, გავაჩენ ბავშვს და მერე ვიტყვი, ქალაქში გავთხოვდი, ვერ შევეგუე და გავშორდი-მეთქი, მაგრამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. ერთსა და იმავეს მიმეორებდა: ვისგან ხარ ორსულად, მითხარი და შენს თავს ცოლად მოვაყვანინებთო. რასაკვირველია, ბავშვი ვისგან მყავს, ჩემმა მშობლებმა დღესაც არ იციან. ვახოც არ კითხულობს, სად ვარ, რა მჭირს, გავაჩინე თუ არა მისი შვილი. ნინი უკვე დიდი გოგოა – მალე სამი წლის გახდება და ბაღშიც დადის. მეც დავამთავრე უმაღლესი და ერთ-ერთ კომპანიაში, ნახევარ განაკვეთზე ვმუშაობ. ასე თუ ისე, მადლობელი ვარ განგების, რომ ასეთი შვილი მყავს და ცხოვრება მიხარია. თუმცა, ჩემი მშობლები დღემდე ხმას არ მცემენ, გამრიყეს და მომიძულეს, მხოლოდ იმის გამო, რომ დედობაზე არ ვთქვი უარი. არც სანათესაო მკითხულობს. გული მწყდება, მტკივა მათ გარეშე გატარებული დღეები, მაგრამ რას ვიზამ. ჩემი კურსელი გოგონები დღემდე გვერდში მიდგანან, ბავშვიც მათ მოვანათვლინე. თუ რამე გამიჭირდა, მხოლოდ მათი იმედი მაქვს. ამ ზაფხულს მინდოდა ბავშვთან ერთად სოფელში ჩასვლა. ვიფიქრე, ბავშვი ჰაერს გამოიცვლის, ჩემებსაც გული მოუბრუნდებათ-მეთქი, მაგრამ დედაჩემმა რომ გაიგო, შემომითვალა: აქ ფეხდადგმული არ დაგინახოთო. რაღა უნდა მეთქვა? ისევ ჩემმა მეგობარმა, ნინის ნათლიამ შემომთავაზა მასთან აგარაკზე დასვენება და იქ წავალთ. არადა, მენატრება ჩემი სახლი, მინდა ჩემმა შვილმაც ნახოს, სად გავიზარდე, რა ლამაზი სახლი და ეზო მაქვს. იმედია, ჩემი მშობლები ოდესმე მიხვდებიან, რომ თუ შეცდომას უშვებ, მაგრამ არ ამბობ უარს გაუთხოვრად შვილის გაჩენაზე და დედა ხდები, არ არის დანაშაული და სირცხვილი".


 

წყარო: თბილისელები