ფილტვების კიბოს პროფილაქტიკისთვის უტყუარი საშუალებაა

  • თბილისელები
  • 22 ივლისი 15:06

ნესვი შეიცავს A, B1, B2, PP, C ვიტამინებს. განსაკუთრებით მდიდარია რკინით. ამ ელემენტის მასური წილი ნესვში 17-ჯერ აღემატება რძეში არსებულს. ნესვში უხვად არის კალიუმი, კალციუმი, ნატრიუმი და ქლორიც.

ამიტომაც ურჩევენ მას ანემიის (სისხლნაკლებობა) და ორგანიზმის განლევის, აგრეთვე, ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს. ნესვი აძლიერებს ანტიბიოტიკების მოქმედებას, აქვეითებს მათ ტოქსიკურობას. ნესვი უამრავ ფერმენტს შეიცავს, ამიტომ ის ადვილი ასათვისებელია და ნაწლავთა ფუნქციასაც აუმჯობესებს. ის შეგიძლიათ, მიირთვათ საჭმლის მონელების ნებისმიერი დარღვევის დროს, ოღონდ, არავითარ შემთხვევაში სხვა საკვებთან ერთად. ექიმები ნესვს გვირჩევენ ღვიძლის ნებისმიერი პათოლოგიის, ასევე, თირკმელებისა და შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადების დროს. ის მაღლა სწევს ჰემოგლობინის დონეს და აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აუმჯობესებს გარეგნობას. ნესვის თესლი პოტენციის ასამაღლებელი უძველესი საშუალებაა. ამ მიზნით რეკომენდებულია უმი თესლის დაღეჭვა, უმჯობესია, თაფლთან ერთად და აუცილებლად ზომიერების დაცვით – არა უმეტეს დღეში ორი გრამისა. სხვაგვარად შესაძლოა, ელენთა გაგიღიზიანდეთ. თესლს, ასევე, აშრობენ და ფქვავენ და პოტენციის ასამაღლებლად თითო ჩაის კოვზ ფხვნილს დღეში სამჯერ იღებენ. ნესვს უნიკალურ დიეტურ და სამკურნალო საშუალებად მიიჩნევენ, თუმცა არასწორი გამოყენების შემთხვევაში მან შესაძლოა, გვაწყინოს კიდეც. ნესვი დაბალკალორიულია (30-38 კილოკალორია 100 გრამში), ამიტომ თამამად შეგიძლიათ მოიწყოთ მისი ნაყოფით განტვირთვის დღეები, ოღონდ სამ დღეზე მეტხანს ამ გემრიელი და სასარგებლო დიეტის გაგრძელებას არ გირჩევთ. ნესვი ფოლიუმის მჟავას ანუ B9 ვიტამინის უნივერსალური წყაროა. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით საჭიროა ქალებისთვის ორსულობისა და კლიმაქტერიულ პერიოდში, ასევე, მათთვის, ვისაც მეხსიერების გაუმჯობესება და დეპრესიის დაძლევა სურს. ნესვში უხვად არსებული ბეტა კაროტინი ალამაზებს კანს და აუმჯობესებს თმის სტრუქტურას. ნესვი ამაღლებს გუნება-განწყობას, ხსნის უძილობას, დაღლილობასა და გაღიზიანებადობას. ეს ფერმენტ სუპეროქსიდის დისმუტაზის დამსახურებაა. ნესვის სამკურნალო თვისებებს მასში შემავალი მიკროელემენტები განსაზღვრავს.


სასარგებლოა ნესვის ჩირიც. ის აღმოსავლეთში ჩაის სმის რიტუალის ერთ-ერთი განუყოფელი ატრიბუტია. გამხმარი ნესვი, პრაქტიკულად, ყველა სასარგებლო თვისებას ინარჩუნებს. მწიფე ნაყოფის მსგავსად, ჩირიც ორგანიზმის მატონიზებელი და გამწმენდი საშუალებაა. შეგიძლიათ, ნესვი გაყინოთ და სამი თვით შეინახოთ მაცივარში. რეკომენდებულია მხოლოდ მწიფე ნაყოფის გაყინვა.


ნესვი აუცილებლად ჭამიდან ჭამამდე, შუალედში უნდა მიირთვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მონელება გაგიჭირდეთ. არ არის სასურველი მისი ჭამა უზმოზე.


ამ პროდუქტში კაროტინოიდების დონე ყველაზე უტყუარი საშუალებაა ფილტვების კიბოს პროფილაქტიკისთვის. რაც უფრო მეტ ნესვს მიირთმევთ, მით უფრო ნაკლებია სიმსივნური უჯრედების წარმოქმნის ალბათობა თქვენს ორგანიზმში.


ანტიკოაგულანტისა და ადენოზინის შემცველობის წყალობით, ნესვი არ აძლევს სისხლის უჯრედებს თრომბებად გადაქცევის საშუალებას, რაც ამცირებს ინსულტის განვითარების რისკებს. როდესაც ნესვს მიირთმევთ, ეს ხელს უწყობს სისხლის გათხელებას, სპილენძის არსებობა კი ამ ნაყოფს სრულყოფილ ელექტროლიტად აქცევს, რომელიც არტერიულ წნევას აკონტროლებს.

წყარო: თბილისელები