გაყალბებული დოკუმენტით ცდილობს ოქრუაშვილი ხმაური გამოიწვიოს - პაატა სალია

  • fortuna.ge
  • 20 ივლისი 23:33

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით, დოკუმენტზე, რომლის თანახმადაც, ირაკლი ოქრუაშვილი კომპანიის საკუთრებაზე პრეტენზიას აცხადებს, ექსპერტიზა ქიბარ ხალვაშის მხარის მოთხოვნით დაინიშნა.

 

როგორც სალია აცხადებს, ოქრუაშვილი გაყალბებული დოკუმენტით ცდილობს ხმაური გამოიწვიოს.


„არა მარტო ექსპერტიზით, არსებობს სხვა მტკიცებულებებიც, რომლებიც დაამტკიცებენ, რომ ეს დოკუმენტები და ასევე ის დოკუმენტიც, რომელიც ექსპერტებმა შეადარეს და დაამტკიცეს, რომ ხალვაშის ხელმოწერა იყო, გაყალბებული დოკუმენტებია. ყალბი მონაცემები შედარდა ერთმანეთს, ამიტომ ექსპერტიც შეცდომაში იქნა შეყვანილი. იყო საუბრები იმაზე, რომ ქიბარ ხალვაში ექსპერტიზაზე არ მიდის, ეს არ არის სწორი ინფორმაცია, იქედან გამომდინარე, რომ ექსპერტიზის დანიშვნა მე თვითონ მოვითხოვე ერთი და იგივე დოკუმენტიდან გამომდინარე, გაყალბებული ერთგვერდიანი შეთანხმებიდან. მან დავა დაიწყო შარშან. მერე, რა თქმა უნდა, გავადამოწმე ქიბარ ხალვაშთან და ის ამბობს, რომ მსგავს რამეზე ხელი არ მოუწერია და არც ზეპირად, არც რაიმე სხვა ფორმით. შესაბამისად, ხდება ის, რომ გაყალბებული დოკუმენტით ცდილობს ოქრუაშვილი ხმაური გამოიწვიოს“, – განაცხადა სალიამ.


კითხვაზე, როდის აპირებს ხალვაში ექსპერტიზაზე მისვლას, სალია აცხადებს, რომ მან ზუსტი დრო არ იცის.


რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის თანამშრომლების შეხვედრას ირაკლი ოქრუაშვილთან, როგორც სალია აცხადებს, მას ასეთი ინფორმაცია არ აქვს.

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge