"ევროპულ სასამართლოს არ მიეცა სამაუწყებლო კომპანიის გამოხატვის თავისუფლების სავარაუდო დარღვევის საკითხზე არსებითად მსჯელობის შესაძლებლობა"

  • 18 ივლისი 20:38

საქართველოს სახალხო დამცველი სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2–ის" საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

"საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება 2019 წლის 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქმეზე "შპს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" და სხვები საქართველოს წინააღმდეგ".


უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ საქმეში საქართველოს სახალხო დამცველის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებისა და პლურალისტული მედია გარემოს დაცვისა და უზრუნველყოფის საკითხი. სწორედ აღნიშნულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს სახალხო დამცველმა ზემოაღნიშნულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსათვის წარდგენილ სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში. როგორც სასამართლოს მიერ დღეს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებიდან ირკვევა, სამწუხაროდ, გარკვეული პროცედურული გარემოებების გათვალისწინებით, ევროპულ სასამართლოს არ მიეცა სამაუწყებლო კომპანიის გამოხატვის თავისუფლების სავარაუდო დარღვევის საკითხზე არსებითად მსჯელობის შესაძლებლობა.


საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ჯანსაღ მედია გარემოს სასიცოცხლო ფუნქცია გააჩნია; თავისუფალი მედია ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მესაკუთრეთა ნაწილში უკვე განხორციელებული ცვლილებები, უარყოფითად არ აისახება ქვეყანაში პლურალისტურ მედია გარემოს შენარჩუნებაზე და ამავე დროს უზრუნველყოფილი იქნება კომპანიაში დასაქმებული ჟურნალისტების შრომითი უფლებები და მათი პროფესიული თავისუფლება", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.


სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.