რა წერია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებში "რუსთავი 2"-ის საქმეზე

  • pia.ge
  • 18 ივლისი 12:37

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. გადაწყვეტილების დეტალებს გამოცემა "ნეტგაზეთი" ავრცელებს.

ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს, რაც ნიშნავს, რომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს გადაუფორმდება, როგორც ეს გადაწყვეტილება სამი ინსტანციის სასამართლომ მიიღო საქართველოში.


რა გადაწყვიტა სასამართლომ?



1. სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ დაეშვა აპლიკანტების საჩივარი „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შესახებ;



2. ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღარ დატოვონ ძალაში დროებითი ღონისძიება — აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი;



3. 6 ხმით ერთის წინააღმდეგ გადაწყვიტა, რომ არ დარღვეულა მე-6 მუხლი, სამართლიანი სასამართლოს უფლება, თბილისის საქალაქო სასამართლოში;



4. ერთხმად გადაწყვიტა, რომ არ დარღვეულა მე-6 მუხლი თბილისის სააპელაციო სასამართლოში



5. 6 ხმით ერთის წინააღმდეგ გადაწყვიტა, რომ მე-6 მუხლი არც თბილისის უზენაეს სასამართლოში დარღვეულა.



მოსამართლე დე გაეტანომ, რომელიც ორ ნაწილში არ ეთანხმება დანარჩენ ექვს მოსამართლეს, განსხვავებული მოსაზრება დაწერა ამ საქმეზე. მისი აზრით, საქალაქო და უზენაეს სასამართლოებმა დაარღვიეს საქმის სამართლიანი განხილვის უფლება.


დავა სტრასბურგში



სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამარლოში ამ საქმეზე 4 მოსარჩელე იყო: თვითონ შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ და მისი მფლობელები: შპს ტელეკომპანია საქართველო (51%-იანი წილი) და ბიზნესმენი ძმები — ლევან (22%) და გიორგი (18%) ყარამანიშვილები.


თავის მხრივ, „ტელეკომპანია საქართველოს“ წილების 25-25 პროცენტს ძმები ყარამანიშვილები ფლობენ, დარჩენილ 50%-ს კი — „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივნის, კობა ნაყოფიას ვაჟი, ნიკოლოზ ნაყოფია.


[ამას გარდა, რუსთავი2-ს ამჟამად კიდევ ერთი მფლობელი ჰყავს — 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე, თუმცა ის მოსარჩელე არ არის].


დაარსების დღიდან 2011 წლამდე „რუსთავი 2“-ის წილების არაერთი ტრანსფერი განხორციელდა, რომელიც დღემდე დავის საგანია. საბოლოოდ, 2011 წელს, კომპანიის მფლობელები „საქართველო“ და ყარამანიშვილები გახდნენ.


საქართველოს სასამართლო სისტემაში ყარამანიშვილების წინააღმდეგ წარმოებული დავა დასრულდა 2017 წელს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელმაც არხი ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge