რატომ წვავდნენ კოცონზე ქალს, ვისაც შავი კატა ჰყავდა - რას ემსახურება შავი კატის მაგია

  • თბილისელები
  • 17 ივლისი 16:06

კატა ყველაზე მაგიური ცხოველია დედამიწაზე. მას იმდენად ძლიერი აურა აქვს, რომ მარტო პატრონს კი არა, მთელ ოჯახს, სახლსა და იმ ტერიტორიასაც კი იპყრობს, რომელიც თავისად მიიჩნია.

შავი კატა რომ თარსია, მით უმეტეს, თუ გზა გადაგიჭრათ, იცის ყველამ. მაგრამ ინგლისელები რომ შავ კატას სახლში კეთილდღეობის შემტანად მიიჩნევდნენ, იცოდით? ან ქათქათა თეთრი კატა რომ ფულს იზიდავს? – ეს და კიდევ უამრავი მაგიური თვისება მიეწერება ამ ლამაზ, ფუმფულა ცხოველს, რომელსაც ამის გამო ზოგი ეშმაკეულადაც კი მიიჩნევს. მოკლედ, ბევრი რამ გვაქვს სათქმელი, რაც უნდა გაითვალისწინოთ, რადგან კატა სულაც არ გახლავთ ჩვენს ცხოვრებაში ძვირად სანახავი. თქვენ თუ არ გყავთ, მეზობელთან ნახავთ, იქ თუ არაა, ეზო, ქუჩა, ქალაქი, სოფელი სავსეა. კატა ყველგანაა, თუმცა ფილოსოფიურად თუ მიუდგებით:


რატომ წვავდნენ კოცონზე ქალს, ვისაც შავი კატა ჰყავდა


– უნდა ითქვას, რომ ადამიანი კატების მიმართ ყოველთვის ერთგვარ რიდს იჩენდა. ძველ ეგვიპტეში ის წმიდა ცხოველადაც კი მიაჩნდათ. იმ ეპოქაში კი, როცა შავი ფერი დემონურ ძალასთან ასოცირდებოდა, ვრცელდებოდა ხმები, რომ სახლში, სადაც შავი კატაა, უცნაური ამბები ხდებაო. ასეთი სახლის დიასახლისს ჯადოქრად აცხადებდნენ და კოცონზე წვავდნენ, კატას კი წყალში ახრჩობდნენ. მიაჩნდათ, რომ ვინც ამქვეყნად ბევრი ცოდვა ჩაიდინა, ეშმაკები შავ კატაში ჩასახლებულ მის სულს შავ-ბნელი საქმეებისთვის კვლავ უკან აგზავნიდნენ. თუმცა, მისი დემონიზაცია არც ჩვენი თანამედროვეებისთვისაა უცხო, შავი კატისა და გზაზე გადარბენის ამბავი ხომ გახსოვთ?! ასევე, მის საქციელზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული, ცალკეული მათგანი წინასწარმეტყველებაა მოვლენათა განვითარების, ბედის სიურპრიზებისა და სხვა მოსალოდნელი ავი თუ კარგი ამბებისა.


– საბოლოოდ, რა ვირწმუნოთ, ავი ძალაა კატა თუ კარგია მისი სახლში ყოლა?


– შევეცდები მაგალითზე ავხსნა: კატა ფეხებზე რომ გეგლასუნება, ეს მხოლოდ მისი კაპრიზი კი არაა, ცდილობს, კუთვნილი მაგიური ძალა გიწილადოს. თუ გააგდებთ, შენთვის არა მცალიაო, ამით უარს ამბობთ დადებით ენერგიაზე, რომლითაც ამ საოცარ არსებას უნდოდა, დაესაჩუქრებინეთ. ამის მერე, კატა აღარ ეცდება, რომ ასტრალური ძალა კვლავ გაგიზიაროთ. პირიქით, შეიძლება, გამოგაცალოთ კიდეც. არადა, კატა სახლს იცავს უწმინდური ძალისგან და წმენდს იმისგანაც, რაც მანამადე იყო. ძველად ქოხში პირველს კატას შეუშვებდნენ „სახლის სულთან“ მოსალაპარაკებლად, რომ მერე მის ბინადართ იქ ბედნიერად ეცხოვრათ.


– კატაზე დაკვირვებით ბევრი რამის ამოცნობა შეიძლებაო, გამიგია...


– მინიშნება ძალიან ბევრია და შევეცდები, ყველაზე პროდუქტიული გაგაცნოთ. თუ კატა გამალებით იბანს პირს, სტუმარი გეწვევათ. მაგრამ შეუმოწმეთ თათები: თუ თბილი აქვს, მომსვლელი სასურველი, კეთილმოსურნე პიროვნებაა, ხოლო თუ ცივი – არასასურველი, აფერისტი, თვალთმაქცი და მატყუარა. თუ დააცემინა, ეს უიღბლობაა. ყველაზე იღბლიანი მაინც თეთრი, ქათქათა და ღუნღულა კატაა, მას ხვავი, ბარაქა და ფული შემოაქვს ოჯახში.


– ბევრს უთქვამს, კატა არ მიყვარსო და შესაბამისად, სასტიკადაც ექცევა...


– ვინც კატის მიმართ სისასტიკეს გამოიჩენს, არც მას დაადგება კარგი დღე. გადმოცემის მიხედვით, ვინც კატას აწვალებს, გარდაცვალების მერე საიქიოში შეხვდება მას, სააქაოს კი მის ნათესავებს ეშმაკები მოსვენებას არ მისცემენ. კატას თუ განზრახ მოკლავთ, 7-წლიანი უიღბლობა გელოდებათ. სადმე გამგზავრების წინ, თუ კატა თან წასაღებ ჩანთაში ან ჩემოდანში შეძვრა, მოგზაურობა იღბლიანი და წარმატებული იქნება. უყურადღებოდ არ დატოვოთ კატის საქციელი, თუ გსურთ, ამინდის უტყუარი პროგნოზი შეიტყოთ. კატები წინასწარ გრძნობენ ტემპერატურის ცვლილებას. ამიტომ, თუ მორგვივით მოკუნტულს სძინავს, აუცილებლად აცივდება. ხოლო, თუ მთელ სიგრძეზე გაჭიმული თვლემს, სიცხეები კიდევ დიდხანს გასტანს.


– გამიგია, თითქოს მარტოხელა ქალი კატას უნდა ერიდოსო...


– პირიქით, განსაკუთრებით გამოადგება შავი კატა. როგორც ატეხილ, ანუ მარტის კატას დასდევს უამრავი ხვადი, მსგავსად ამისა, თუ მარტოხელა ქალს სახლში შავი კატა ჰყავს, თაყვანისმცემელი გამოუჩნდება.


– სიზმარში კი ნამდვილად თარსია შავი კატა...


– ჰო, ამ შემთხვევაში უნდა დაგეთანხმოთ, მაგრამ დააკვირდით, რა მდგომარეობაში ნახავთ მას. შავი კატის დასიზმრებისას, თუ ის კრუტუნებს და გეგლასუნებათ, ესე იგი უახლოეს წრეში ვერაგი მტერი შემოგეპარათ, რომელიც ფარულად ცდილობს, დაგამარცხოთ და თავად აიღოს ხელში მართვის სადავეები. თუ კატა სიზმარში ირგვლივ გივლით და არ ცდილობს, თქვენს მუხლებზე მოიკალათოს, სახლში მალე უბედურება დატრიალდება. მაგრამ, თუ მკერდზე შემოგახტათ, ავად გახდებით.
რა თქმა უნდა, სულ ამ მინიშნებების მიხედვით ვერ იცხოვრებ, მაგრამ, გახსოვდეთ, ტყუილუბრალოდ არავის არაფერი მოუგონია. მათი გათვალისწინება არაფერს გავნებთ, პირიქით – სავსებით შესაძლებელია, მოსალოდნელი უბედურება აგაცილოთ და ბედსაც გწიოთ.

წყარო: თბილისელები