"თქვენ რა დედები ხართ და რა ქალები? როგორ შეგიძლიათ, თუნდაც გაივლოთ გულში, ამის დაწერა შვილმკვდარი დედის კომენტარებში?"

  • 17 ივლისი 14:11

ლაგოდეხის ჩანჩქერზე დაღუპული სოფო ნიკოლეიშვილის დედა საოციალურ ქსელშ ვრცელი პოსტის საზოაგდოების იმ ნაწილს მიმართავს, რომლებიც მას და ზოგადად შვილმკვდარი დედების მიმართ აგრესიულობითა და არაკორექტილობით გამოირჩევიან.

"ვნახე მაია ასათიანს არ ანებებს ბოროტი სულის და ენის პატრონები თავს. ვხედავ ჩემი პოსტები რომ მიაქვთ ინტერნეტნიუსებს და იქ კომენტარებში (მადლობაღმერთს იშვიათად, მაგრამ მაინც) წერენ, რა გეფეისბუქება შვილი იგლოვეო. ასეთ არაადამიანებს მინდა ვუთხრა:


თქვენ რა იცით, რას გრძნობს დედა იმ წუთიდან, გაიგო რა, შვილი აღარ ჰყავს. ამას ვერასოდეს შეიგრძნობს სხვა ადამიანი. შეიძლება საკუთარ შვილზე წარმოიდგინოს, მაგრამ წარმოდგენა რეალობა არაა. წარმოდგენა არის ის დროებითი განცდა, სადაც წინასწარ დარწმუნებული ხარ, რომ ეს ტყუილია. რეალური? ამ განცდას ვერ დაარქმევ, ვერს საშინელებას, ვერც უბედურებას, ვერც ტანჯვას, ვერც სიმწარეს... ესაა თუ რამე არსებობს ყველაზე საზიზღარი მდგომარეობის გამომხატველ სიტყვას პლუს დიდი იმედგაცრუება აზელილი ერთმანეთში... ესაა დილით თვალს ახელ თუ არა პირველივე გაელვება იმისა, რომ შენ შვილი აღარ გყავს... მერე შენს თავს ეუბნები, ჰო, ეგ გავიგე, ეგ ხომ ვიცი რომ აღარ მყავს... მაგრამ ამ ფრაზასთან ჭიდილი? ამის ანალიზი? ამას გაურბიხარ. არ აკეთებ დასკვნას ბოლომდე. არ ეთანხმები. გგონია რომ ეს შენს თავს არ მოხდა. იყო რაღაც ცუდი სიზმარი და არ გინდა ამ სიზმრის გარეალურება... ხედავ შენი შვილის ფოტოებს , მის ნივთებს... ეფერები ან უმეტესად ვერ ეკარები. ისევ გგონია რომ სადღაც გყავს გაშვებული დროებით და მალე დაგიბრუნდება. მერე დადიხარ მონოტონურად, აკეთებ საქმეს, რასაც აქამდე აკეთებდის პლუს ფიქრები, ფიქრები... კითხვები რატომ? როგორ? რას განიცდიდა? ეტკინა? უკანასკნელ წამს დედაზე ფიქრობდა? შველას ითხოვდა? იქნებ ჯერ გონება დაკარგა და მერე გარდაიცვალა? ბევრი იწვალა? რომ ყოლოდა ახლა ამას უნდა აკეთებდეს... მის ზარს ელოდები, მის სმსს... ადამიანებს ელაპარაკები, ეურთიერთობები, ზოგჯერ გაიღიმებ, გაიცინებ, ზოგჯერ ფიქრობ, ხომ არ გაეცალო საერთოდ იმ გარემოს, სადაც შენ შვილმკვდარ დედად გცნობენ, სადაც შენი შვილის ნატერფალებია... მერე ფიქრობ, სადაც არ უნდა წახვიდე, ეს ხომ უკვე შენი სულის და სხეულის მწარე ნაგლეჯია, რომელიც არ რჩება... გადის დრო და წყლულდება უფრო და უფრო... მეტად და მეტად გენატრება... ზოგჯერ გეზიზღება შავი ტანსაცმელი, რომელიც გაცვია. გეზიზღება იმიტომ, რომ შენს შვილს ფერადი სამყარო უყვარდა... შენი შვილი ძაძებიანი ქალების დანახვაზე გულნატკენი იყო, შენი შვილის ნაწერები "მიყვარხარ დეე" მინდა ბედნიერს გხედავდე დეე... არ გასვენებს და გულს გტკენს. თუ კი მართლმადიდებლობაზე თავს დებთ და სულის არსებობის და იქმვეყნიურობის გჯერათ, რატომ უარყოფთ მაშინ იმას, რომ მაიას შვილს, ჩემს შვილს და ყველა უბედური დედის შვილს შეუძლიათ დაინახონ ზეციდან თავიანთი დედები? თუ კი იმას მარწმუნებთ შენი შვილი გხედავსო. გაუბედურებულს უნდა მხედავდეს? და ამით მას ვახარებ? ანუ უნდა განვაგრძოთ შვლმკვდარმა დედებმა მთელი დარჩენილი სიცოცხლე ჩვენი შვილების სულის ტანჯვა ჩვენი გამწარებული ცხოვრებით. ჩაცმით, ფორმით, გვემით?


თქვენ რა დედები ხართ და რა ქალები?


როგორ შეგიძლიათ, თუნდაც გაივლოთ გულში, ამის დაწერა შვილმკვდარი დედის კომენტარებში?
იცით რას ნიშნავს ადამიანებში გარევა, ადამიანურად ჩაცმა ანუ როგორიც იყო მაია, ისე რომ ცხოვრობს?
თავს იტყუებს. ცოტა ხნით იტყუებს თავს, რომ ისევ წარსულში ბრუნდება... სულ რამდენიმე საათით ხდება ისევ ის მაია, და იმ რამდენიმე საათშიც კი ათასჯერ მაინც ახსენდება და ტკივა თავისი გოგო. მე რომ სკოლაში დავბრუნდე, ბავშვებს არ გავუღიმო? მაიას ჩაცმას რომ აკრიტიკებთ, მკერდმოღეღილი და წითელი საცურაო კოსტუმით რატომ იყოო, გადაცემაში მაია სხვანაირი გინახავთ? წარმოგიდგენიათ მაინც ის ნაბიჯები პირველივე წამებიდან რომ გამოდის გაღიმებული, როგორი მძიმეა მისთვის? მეც გავედი ჩემს სამსახურში, ჩვეულებრივ ვდგავარ და ვმუშაობ, მაგრამ რაც უნდა მეცვას შავი, წითელი თუ ყვითელი, ეგ ყველაფერი გარედანაა. შიგნით უკუნია... შიგნით უკვე არაფერი განათებს. შიგნით შვილის სიკვდილია და მწარე რეალობა -მისი საფლავი...


დაფიქრდით სანამ შვილმკვდარ დედას ტალახს ესვრით..... თქვენ არავინ ხართ მის ცხოვრებაში... მხარდაჭერა თუ არ შეგიძლიათ, ჩუმად მაინც იყავით...
ნუ გგონიათ.... არც მე მეგონა ....."