საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლების პირობებს ლავროვიც აყენებს

  • M2B
  • 17 ივლისი 09:22

რუსეთის მთავარმა დიპლომატმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვის საკითხს იმ შემთხვევაში გადახედავს, თუ ამ ქვეყანაში რუსი ტურისტებისთვის საფრთხეები აღმოიფხვრება.

„თუ ასე მოხდება, შეიქმნება აუცილებელი პირობა რუსეთის მხრიდან მიღებული უსაფრთხოების ღონისძიებების გადასახედად, მათ შორის ავიამიმოსვლის აკრძალვის საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ რუსი და ქართველი ხალხების საკეთილდღეოდ გვინდა მეგობრობა და თანამშრომლობა“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინიტრმა.


ლავროვის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობები ქვეყნის საშინაო საქმეა და ამ პროცესში რუსეთის ფედერაცია ჩარევას არ აპირებს.


„თუმცა, შეუძლებელია არ შეგვაშფოთოს ქართული პოლიტიკური ელიტის ზოგიერთი რადიკალური განწყობის წარმომადგენლის მცდელობამ, გააღვივოს რუსოფობიური განწყობები და ჩვენი ხალხები დააპირისპირონ“, – აღნიშნა ლავროვმა გაზეთ „არგუმენტი ი ფაქტისთან“ ინტერვიუში.


რუსეთ–საქართველოს შორის ურთიერთობები 20 ივნისს დაიძაბა, მას შემდეგ რაც საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძლიდან რუსი დეპუტატი გავრილოვი ააყენეს და საკანონმდებლო ორგანოს შენობიდან გააძევეს.


მომხდარს საზოგადოების მძლავრი საპროტესტო ტალღა მოჰყვა. 20–21 ივნისის ღამით სამართალდმცველებმა პარლამენტის შენობის წინ აქცია, ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს, რა დროსაც დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის პოლიციელები და ჟურნალიტებიც.


მოვლენების მეორე დღეს, პარლამენტის თავჯდომარეს ირაკლი კობახიძეს გადადგომა მოუწია, ხოლო ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეი მთავრი ორგანიზატორი იყო პარლამენტის მანდატი დატოვა.


ამის შემდეგ შეიცვალა აქციის მონაწილეების მოთხოვნები. ისინი შს მინისტრის გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას, არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასა და 20 ივნისის ღამით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას ითხოვდნენ.


მოთხოვნებიდან ამ დროისთვის შესრულებულია 2 პირობა - გათავისუფლებულია 20 ივნისი ღამეს დაკავებული ყველა მოქალაქე და მთავრობის გადაწყვეტილებით 2020 წელს არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება. რაც შეეხება შს მინისტრის თანამდებობდან გადადგომას ის კვლავ შეუსრულებელია.

სრული ვერსიის ნახვა M2B