ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ვაჟა-ფშაველას ციტირება მოახდინა

  • 11 ივლისი 12:20

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში რჩება.

 

"2019 წელს აღვნიშნავთ ევროკავშირის გაფართოების 15 წლის თავს და ამავე დროს საბჭოური დომინირების კოლაფსს, რომელიც თბილისსა და პოლონეთში გამოსვლებით დაიწყო.


გახსოვთ ალბათ, რომ 2005 წელს რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს იმ ეპოქის უდიდესი შეცდომა იყო, მაგრამ ეს იყო უდიდესი მოვლენა, როგორც საქართველოსთვის, ისე პოლონეთისთვის და მთელი სამყაროსთვის.


პირველ 10 წელში აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ჩვენი ურთიერთობა გაღრმავდა, მოვაწერეთ ხელი ასოცირების ხელშეკრულებას მოლდოვასთან, საქართველოსთან და უკრაინასთან. ვმუშაობთ სატრანსპორტო, ინფრასტრუქტურულ და ენერგოეფექტურობის საკითხებზე. 


ვიზალიბერალიზაციამ მე გამაცნო ბევრი ქვეყანა, თქვენი ქვეყნის სიმდიდრე და ობიექტური ჭეშმარიტება დაინახა ევროპამ.


მინდა გავიხსენო ვაჟა-ფშაველა, ერთ-ერთი უდიდესი ქართველი კლასიკოსი კოსმოპოლიტიზმსა და პატრიოტიზმზე.


ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი პატრიოტია.


ეს გამოთქმა უკვე 100 წელზე მეტი ხნისაა და ჯერ კიდევ მაშინ გლობალიზაციაზე იყო საუბარი. ეს პარტნიორობაც სწორედ ამ მიზნით არის შექმნილი, რათა მეტი ურთიერთობა შედგეს ქვეყნებს შორის.  ის ვითარდება ძალიან რთულ პოლიტიკურ კონტექსტში, როგორც ევროპაში, ისე დანარჩენ წევრ ქვეყნებში. საქართველოს კონფლიქტების მხრივ ძალიან დიდი გამოწვევები უდგას. და ჩვენ ვეცდებით დავეხმაროთ მას მშვიდობის შენარჩუნებაში როგორც ქვეყანაში ისე რეგიონში. 


თქვენი ქვეყნის ევროკავშირში წევრობა არის ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა და ის დღის წესრიგში რჩება. არსებობს ეჭვები გაფართოებასთან დაკავშირებით მაგრამ მე ასეთი ეჭვები არ მაქვს, თუმცა ეს 1 დღეში არ ხდება და დროს მოითხოვს. ჩვენ გავაგრძელებთ ინკლუზიურ ინიციატივებს პარტნიორ 6 ქვეყანასთან და ვეცდებით შევქმნათ ახალი შესაძლებლობები მათთვის.


მინდა ვთქვა, რომ მაისის კონფერენციის შედეგად იწყება კონსულტაციები აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით და იმედი გვაქვს, რომ ყველა მხარე აქტიურად ჩაერთვება ამ პროცესში.


როგორც ევროსაბჭოს პრეზიდენტი და როგორც პოლონელი, როცა ვამბობ საქართველოს - ვგულისხმობ თავისუფლებას, სიამაყეს, სიმამაცეს, პატარა ქვეყანაა მაგრამ უდიდესი ერი ხართ, თქვენ მიაღწიეთ შეუძლებელს, გაერთიანდით ერთი მიზნისთვის და გააოცეთ მთელი ევროპა. არავის მისცეთ უფლება დაგყოთ, გაუმარჯოს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს",- განაცხადა დონალდ ტუსკმა .