ქუთაისში აფეთქება მოხდა - დაშავებულია 7 ადამიანი

  • pia.ge
  • 18 ივნისი 10:09

ქუთაისში, ავტომშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსის მე-2 სართულზე, სავარაუდოდ, მოხდა აფეთქება, რასაც ხანძარი მოჰყვა. შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, ავტომშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის მე-2 სართულზე, სავარაუდოდ, მოხდა აფეთქება, რასაც ხანძარი მოჰყვა. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. ადგილზე, ასევე, მობილიზებული იყვნენ პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.


30-მდე მეხანძრე-მაშველმა კორუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია პირველივე წუთებში განახორციელა. ყველა მათგანი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. ხანძრის ქრობის პროცესში, ცოცხალ ძალასთან ერთად, 10-მდე სახანძრო და სამაშველო ტექნიკა იყო ჩართული.


ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია.


მომხდარის შედეგად, 7 ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.


პოლიციამ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge