დეპუტატის შვილს ძარცვაში ედება ბრალი

  • pia.ge
  • 13 ივნისი 15:37

59 წლის მამაკაცის მკვლელობისა და ბენზინგასამართი სადგურის ძარცვის ბრალდებით, შსს-მ სამი პირი დააკავა. აქედან ერთ-ერთი არასრულწლოვანი, 17 წლის კ. საკრებულოს წევრის შვილია.

 ის წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ძალადობით და მუქარით ჩადენილ ძარცვაში არის ბრალდებული.
   


   ოჯახმა ადვოკატი უკვე აიყვანა. დეპუტატის თქმით, მისი შვილი აღიარებს დანაშაულს.
„ძარცვის მუხლით აქვს ბრალი წაყენებული, თავს დამნაშავედ სცნობს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. იმიტომ არა, რომ ჩემი შვილია, სხვა ბუნების ადამიანია, არასდროს ყოფილა შეჩნეული მსგავს რამეში“, - გვითხრა საკრებულოს წევრმა.
   


„სამივე ერთ სოფელში ცხოვრობს, წყნარი ბიჭები არიან. დეპუტატის შვილი სკოლაში სწავლობს, ცოტა მეტიჩარა ბავშვია, მაგრამ არაფერი დაუშავებია აქამდე“, - გვითხრა დაკავებულების მეზობელმა.
   


შემთხვევა 12 ივნისს, გამთენიისას, ბორჯომ-ბაკურიანის გზაზე მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, სამივე პირმა გარდაცვლილს ავტომობილი დაუზიანეს, ერთ-ერთმა მათგანმა კი თავის არეში სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობა მიაყენა. ა.პ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.



   ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულები მკვლელობის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ბენზინგასამართ სადგურში მივიდნენ და ძალადობის მუქარით ოპერატორი გაძარცვეს.



   განზრახ მკვლელობის და ძარცვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "დ" ქვეპუნქტებით და 108-ე მუხლით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge