ატესტატის გაცემის წესი შეიცვალა

  • primetime.ge
  • 12 ივნისი 10:29

„ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებაში დაგეგმილი ცვლილება შევიდა. 

ცვლილების თანახმად  პირველად ატესტატს ის პირებიც მიიღებენ ვინც გასულ წლებში ვერ დაძლიეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები.


ახალი ჩანაწერით, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიღწევის დონეს.


რა ვალდებულებები აქვს სკოლას და რა პროცესებია ატესტატის გაცემამდე:


1.სკოლა ვალდებულია იმ პირთა სია, რომლებმაც დაძლიეს საბაზო და/ან საშუალო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიღწევის დონე, მიაწოდოს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას (შემდგომში – საინფორმაციო სისტემა) სასწავლო წლის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.


2.სკოლა ვალდებულია იმ პირთა სია, რომლებმაც საბაზო და/ან საშუალო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიღწევის დონე დაძლიეს ექსტერნატის, სემესტრული, საშემოდგომო ან წლიური გამოცდების შედეგად, მიაწოდოს საინფორმაციო სისტემას შესაბამისი გამოცდების შედეგების დამტკიცებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.


3.საინფორმაციო სისტემა სკოლებიდან წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ქმნის ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების უფლების მქონე პირების მონაცემთა ელექტრონულ ბაზას (შემდგომში - მონაცემთა ელექტრონული ბაზა), რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: მოსწავლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი (არსებობის შემთხვევაში), დაბადების თარიღი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება და მოსწავლის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის წელი.


4.იმ პირებზე, რომლებმაც „ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების შესაბამისად სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის და ამ კლასში შემავალი ცალკეული საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაუძლევლობის გამო ვერ მოიპოვეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და შესაბამისი საგანი/საგნები არ შედიოდა სკოლის გამოსაშვები გამოცდების იმ საგანთა ჩამონათვალში, რომელთა დაძლევა 2019 წლის 11 აპრილამდე მოქმედი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოადგენდა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების საფუძველს, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გაიცემა განაცხადისა და საბოლოო შეფასების უწყისის მიხედვით შედგენილი მოსწავლეთა საშუალო საფეხურის სახელობითი ნუსხის საფუძველზე.


5.იმ პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური და რომლებსაც მონაწილეობა არ მიუღიათ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი - ატესტატი.




სრული ვერსიის ნახვა primetime.ge