მამუკა ბახტაძე მიმდინარე კვირას მაიკ პომპეოს შეხვდება

  • 11 ივნისი 10:51

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიმდინარე კვირაში აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვდება. 

ამის შესახებ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა განაცხადა,წერს 1Tv.ge.


ამასთან, პრესსპიკერის განცხადებით, აშშ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს.


„სახელმწიფო მდივანი ელოდება შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, რომელზეც ორმხრივი საკითხების განხილვის შესაძლებლობა ექნება“, – განაცხადა მორგან ორტაგუსმა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებულ შტატებს 5-14 ივნისს სტუმრობს. პრემიერმა სან-ფრანცისკოში, სიეტლსა და დალასში როუდშოუ გამართა.


მან უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელ პირებს საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო გააცნო. ვაშინგტონში მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებული შტატების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდება. პრემიერ-მინისტრი მისასალმებელი სიტყვით გახსნის აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყოველწლიურ კონფერენციას, რომელსაც აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტი მასპინძლობს.


ვაშინგტონში ვიზიტის დასასრულს, მამუკა ბახტაძის სახელით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართება, რომელზეც მიწვეული არიან აშშ-ის ხელისუფლების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესის წარმომადგენლები.