რას უნდა ვუმკურნალოთ მუშმალით

  • თბილისელები
  • 7 ივნისი 13:43

მუშმალა, ანუ იაპონური ზღმარტლი, გასაოცარი ქიმიური შემადგენლობით გამოირჩევა. მცენარის ნაყოფში შედის შაქარი, ხილის მჟავები, C, PP, P ვიტამინები, პროვიტამინი A, პექტინები, ფიტონციდები, არომატული და მთრიმლავი ნივთიერებები.

მუშმალას ოდნავ უმწიფარ ნაყოფს კუჭის შემკვრელი თვისებები აქვს. კარგად დამწიფებული ნაყოფის რბილობს კი – პირიქით, გამხსნელი მოქმედება. პარალელურად, ის ორგანიზმს შლაკებისა და ტოქსინებისგან წმენდს. მუშმალა შეუცვლელია თირკმლის კოლიკების დროს, ის შესანიშნავად უმკლავდება შარდკენჭოვან დაავადებებსაც. იაპონური ზღმარტლის ნაყოფის თაფლთან არეული რბილობი აუმჯობესებს სუნთქვას, ასუფთავებს ფილტვებს ლორწოსგან, გვათავისუფლებს ქოშინის, გულის არეში ტკივილებისა და ხანგრძლივი ხველებისგან.


ფასდაუდებელი შემადგენლობა აქვს მუშმალის არა მხოლოდ ნაყოფს, არამედ მის ფოთლებსაც. მათ სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ. მუშმალას ფოთლებისგან დამზადებული ნაყენები და ნახარშები დიარეას, ასთმას, ბრონქიტებსა და ზედა სასუნთქი გზების ანთებებს კურნავს.
იაპონური ზღმარტლის შემადგენლობაში შემავალი პექტინები აქვეითებენ მავნე ქოლესტერინის დონეს. ორგანიზმიდან გამოდევნიან მძიმე მეტალების მარილებს, რადიონუკლიდებს, შხამებსა და სხვა მავნე ნივთიერებებს. მუშმალას ხანგრძლივი მიღება ორგანიზმს დიდ სამსახურს უწევს: აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, აჯანსაღებს ღვიძლს, ხელს უწყობს ანთების ჩაქრობას კუჭქვეშა ჯირკვალში, დადებითად მოქმედებს კანის მდგომარეობაზე.


C ვიტამინისა და A პროვიტამინის (უძლიერესი ანტიოქსიდანტის) შემცველობის წყალობით, მუშმალას ნაყოფი უაღრესად დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე, აწესრიგებს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს ქსოვილების აღდგენასა და სისხლის შედედების პროცესს. მუშმალა მატონიზებელ მოქმედებას ახდენს მთელ ორგანიზმზე, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ებრძვის ნაადრევ დაბერებას, ხელს უშლის ონკოლოგიური წარმონაქმნების გაჩენას, ინფარქტებსა და ინსულტებს.
მუშმალას ნაყოფის სასარგებლო თვისებები: ებრძვის შაქრიან დიაბეტს (მისი ფოთლები შეიცავს ნივთიერება ტრიტერპენს და პოლისაქარიდს, რომლებიც სისხლში ინსულინის გამომუშავებას უწყობენ ხელს); ზრდის ორგანიზმის მედეგობას სხვადასხვა ვირუსების, ინფექციებისა და მიკროორგანიზმების მიმართ; აუმჯობესებს თირკმელების ფილტრაციის უნარს, ხსნის დისფუნქციის სიმპტომს; მოლეკულური წყლის დიდი მოცულობის წყალობით, ორგანიზმს ათავისუფლებს ტოქსინებისა და ნაგვისგან. აუმჯობესებს მხედველობას, მონაწილეობს საჭმლის მონელების პროცესში, აუმჯობესებს კუჭისა და ნაწლავების მოქმედებას, სპობს ყაბზობას და კუჭ-ნაწლავის სხვა დარღვევებს, შხამებისა და ტოქსინებისგან წმენდს კუჭ-ნაწლავს, ხსნის ნაწლავურ კოლიკებს, აწესრიგებს არტერიულ წნევას, ებრძვის სურდოსა და გრიპს.
ისევე, როგორც სხვა ხილის, მუშმალას მიღებაც ცოცხალი სახითაა სასურველი, თუმცა ის არც თერმული დამუშავებით კარგავს თავის სამკურნალო ძალას. მისგან დამზადებული მურაბები, ჯემები და კომპოტები დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, ნაწლავებიდან გამოდევნის მავნე ნივთიერებებს და აღადგენს მის მიკროფლორას. მუშმალას გამშრალი და დაფქული კურკებისგან იაპონელები ყავის შემცვლელს ამზადებენ, რომელიც ძალზე სასარგებლო, მატონიზებელი სასმელია და ნატურალური ყავის გემოსგან თითქმის არ განსხვავდება.


ცოცხალი, განსაკუთრებით უმწიფარი ნაყოფის სახით იაპონური ზღმარტლი უკუნაჩვენებია წყლულოვანი დაავადებების, ასევე, მომატებული მჟავიანობის, გასტრიტისა და კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებების დროს. დიდი ყურადღებით უნდა ჩავრთოთ ბავშვების რაციონშიც, თუმცა ბავშვებს დღეში მხოლოდ ერთი ცალი უნდა მივცეთ, რათა ალერგიული რეაქციები გამოვრიცხოთ.

წყარო: თბილისელები