რატომ არ ეხატებათ გულზე უკრაინელ "კანონიერ ქურდებს" სააკაშვილი

  • ვერსია
  • 6 ივნისი 18:25

რა შეუთვალა შავი სამყაროს "გენერლებს" და რა ქონებას ფლობს მიშა კიევში.

ერთ-ერთი პირველი, რაც უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნება გახლდათ.


ისე როგორ იქნებოდა, მიშას ყველაფერ ამისგან დიდი აჟიოტაჟი არ შეექმნა, უკრაინაში ხმაურით არ ჩასულიყო და ხმამაღალი განცხადებები არ გაეკეთებინა. უფრო მეტიც, მიშა ზელენსკისთან შეხვედრას აანონსებს და ამტკიცებს, ახალი უკრაინა ქართულ თარგზე უნდა მოვჭრა, ის რეფორმები უნდა გავატარო, რომელიც პოროშენკომ არ დამაცადაო. ნამდვილად ვერ გეტყვით, რამდენად დაუჯერებს ზელენსკი სააკაშვილს, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, ეს ამბები მიშამ უკრაინის პირველი პირის პარტნიორთან, ცნობილ ოლიგარქ იგორ კოლომოისკისთან გაიარა. კოლომოისკი ის კაცია, ვის სახელსაც ზელენსკის ფართო ასპარეზზე გამოჩენა-წარმოჩენა უკავშირდება და იმასაც ამბობენ, უკრაინის რეალური პრეზიდენტი, სწორედ ცნობილი ოლიგარქიაო. პოლიტიკაში ორმაგი სტანდარტები "მოსულა" და სწორედ ამიტომ, სააკაშვილი კოლომოისკის ოლიგარქად არასდროს მოიხსენიებს, სამაგიეროდ, სხვებს ერჩის.


საქართველოს ხელისუფლება კი უკრაინის ახალ პრეზიდენტს თითქოს არც იმჩნევს და ეს მაშინ, როცა ზელენსკი დონალდ ტრამპმა დაპატიჟა აშშ-ში და დიდი ალბათობით, მისი პირველი საერთაშორისო ვიზიტიც შტატებში იქნება. ეს ვიზიტი არ მოეწონება რუსეთს, მაგრამ ისე ჩანს, რომ ზელენსკის ნაკლებად აღელვებს, რა მოეწონება რუსეთს. 


უკრაინაში სააკაშვილის ტრიუმფით ჩასვლამ, აქაური ოპოზიცია შეაგულიანა და რაც მთავარია, მიშას პარტიაში შერყეული პოზიციები გაუმაგრა. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ კაცი, რომელიც ექვსი წელია, საქართველოში არ ყოფილა, იძებნება და მისჯილიც აქვს, ქართულ ოპოზიციაში მთავარ მოთამაშედ რჩება. 


"არ ვიცი, საქართველოში როგორ არის, მაგრამ აქ მიშას ნამდვილად არ შეხვდნენ ისეთი აჟიოტაჟითა და სიხარულით, როგორც გაშუქდა. ჩვეულებრივად, 20-30 კაცი დახვდა, ძირითადად ის ადამიანები, რომლებიც მისი გუბერნატორობის დროს მუშაობდნენ და შემდეგ გაათავისუფლეს. ის გულზე არ ეხატება აქაურ გავლენიან ქურდებსაც, რადგან საქართველოს პრეზიდენტობის დროს, გივი თარგამაძის ხელით, უკრაინაში მცხოვრებ ქურდებს ატერორებდა და ოჯახის წევრების დაჭერით ემუქრებოდა. ამიტომ, მიშას არ ექნება ისეთი გავლენა, როგორიც პოროშენკოს დროს ჰქონდა, რადგან მისი რეალური სახე ყველამ დაინახა. ის ფიქრობს საკუთარ თავზე და არა _ ქვეყანაზე, არ აქვს მნიშვნელობა, ეს საქართველოა, თუ უკრაინა", _ გვითხრა ოდესაში მცხოვრებმა ქართველმა, რომელიც თავს სწორედ კრიმინალით ირჩენს. 


სხვათა შორის, რუსეთში მიღებული კანონის შემდეგ, რომელიც ,,კანონიერ ქურდობაზე'' ციხეს ითვალიწინებს, უკრაინას ,,შავი სამყაროს'' ბევრი წარმომადგენელი მიაწყდა. საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ცალკე პოროშენკო და ცალკე კოლომოისკი (და არა _ ზელენსკი) ცდილობდა ეს რესურსი სათავისოდ გამოეყენებინა და ახლა საინტერესო ის არის, სჭირდება თუ არა ახალ ხელისუფლებას ამდენი ქურდი უკრაინის ტერიტორიაზე. 


"ჯერჯერობით, განსაკუთრებული არაფერი იგრძნობა, ვცხოვრობთ ისე, როგორც ვცხოვრობდით. ზოგადად, "კანონიერი ქურდი" ჭკვიანია და ზედმეტებს არ სჩადის, მისი არსებობა ხელისუფლებასაც აწყობს, რადგან ის აკონტროლებს კრიმინალს და, ასე ვთქვათ, უმართავი პროცესები არ არის. 


აი, რა ხდება ახლა საქართველოში? ვისაც არ ეზარება, ყველა ძარცვა-გლეჯვაზეა გადასული და პატრონი არ ჰყავს. პარავენ ყველას, პენსიონერიდან დაწყებული, ბავშვებით დამთავრებული. სკოლის მოსწავლეებს აცლიან ფულს ჯიბიდან. დამიჯერე, რა, ერთი "კანონიერი ქურდიც" კი ამ ქაოსს მოსპობდა და თუ ვინმეს გაწეწავდა, ეს მსხვილი ბიზნესმენი იქნებოდა", _ გვეუბნება უკრაინაში მცხოვრები ქართველი. 


მისივე თქმით, უახლოეს მომავალში, ოდესაში გავლენიანი "კანონიერი ქურდის'', ედიშერ სტურუას ჩასვლას ელიან. ედიშერი ძველი თაობის ქურდია, უდიდესი გავლენითაც სარგებლობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ნარკოტიკების დიდი ოდენობით მოხმარების გამო, რამდენიმე დაავადება გაუჩნდა, მისმა გავლენამ იკლო. როგორც ამბობენ, სტურუას გულზე სასწრაფო ოპერაცია სჭირდება და სწორედ ამიტომ, ის სადეპორტაციო ციხეში არ გადაიყვანეს და ერთკვირიანი ვადა მისცეს ქვეყნის დასატოვებლად. ახალ ნავსაყუდელად ედიშერი უკრაინას ირჩევს და, როგორც ამბობენ, ოპერაციასაც სწორედ იქ გაიკეთებს. 


რუსეთში კი უკვე ალაპარაკდნენ ახალი კანონის შერჩევითობაზე. წესითა და რიგით, ახალი კანონის მიხედვით, სტურუა ციხეში უნდა შეაბრუნონ, მაგრამ ამას არ აკეთებენ და ქვეყნიდან წასვლის ნებას აძლევენ. ზუსტად ისე, როგორც ამის უფლება არაერთ ქურდს მისცეს და ზოგიერთებს კი, უბრალოდ, არ ეხებიან. ყველაფრის გათვალისწინებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ რუსმა სამარალდამცავებმა, უფრო კონკრეტულად კი, უშიშროების სამსახურმა ,,კრიმინალური სამყარო'' საკუთარ ხელს დაუქვემდებარა და მართვადი გახადა. 


ისევ უკრაინას დავუბრუნდეთ, იმის მიუხედავად, რომ სააკაშვილი თავს მსოფლიოში ყველაზე ღარიბ ექსპრეზიდენტად აცხადებს, აღმოჩნდა, რომ მაიამიში ახლადნაყიდი სახლის გარდა, მას სახლი უკრაინაშიც ჰქონია, თანაც ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში და ყველაფერთან ერთად, მიშას იმის თქმაც დაავიწყდა საკუთარი მხარდამჭერებისთვის, რომ მეზობლად, ორი "კანონიერი ქურდი'" ცხოვრობს. 


"თავიდან, როცა სააკაშვილი სახლს იშენებდა უკრაინაში, ქურდები შეფიქრიანდნენ, მაგრამ მიშამ შემოუთვალა, კეთილი მეზობელი ვიქნებიო. მისთვის ქურდების მეზობლობა იმის ერთგვარი გარანტიაა, რომ არ გაქურდავენ. ეს არ არის ერთადერთი ქონება, რომელიც სააკაშვილს უკრაინაში აქვს. მას ორ რესტორანში აქვს წილი და ოდესაში, საკურორტო ზონაში, კაფეებსაც ფლობს. ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ თურმე, მიშას ფული არ აქვს, გადაჭარბებულია. დავით საყვარელიძეს უკრაინაში, რეალურად სააკაშვილის პარტია კი არა, მისი ბიზნესი აბარია'', _ გვეუბნება უკრაინაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე. 


ექსპერტების ვარაუდით, იმ შემთხვევაში, თუ ზელენსკი გადაწყვეტს უკრაინაში ,,კანონიერი ქურდების'' მიგრაციას რამენაირად შეუშალოს ხელი და მათი გავლენები შეასუსტოს, ყველაზე კარგი მეკავშირე, სწორედ სააკაშვილი იქნება. მიშას მარტივად შეუძლია არაფრისგან შექმნას პიარი და პოლიცია, რომლის დაარსებასაც სწორედ საკუთარ სახელს უკავშირებს, ქურდებზე დაგეშოს. 


მეორე მხრივ, ოლიგარქად წოდებული იგორ კოლომოისკი, ,,კანონიერ ქურდებთან'' ზედმეტად კარგ ურთიერთობაშია და ამიტომ, ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საკითხი იმის შესახებ, რომ ზელენსკი ,,შავ სამყაროს'' დაუნდობელ ბრძოლას გამოუცხადებს. 


სხვათა შორის, უკრაინაში არავინ მალავს, რომ ოდესის პორტის უდიდეს ნაწილს, სწორედ ,,კანონიერი ქურდები'' აკონტროლებენ. სააკაშვილის გუბერნატორობის დროს, იქიდან რამდენიმე მაღალჩინოსანი კი ჩახსნეს, მაგრამ მაშინ "კანონიერი ქურდები'' არც სააკაშვილს უხსენებია და არც თავად ,,კრიმინალური სამყაროს გენერლებს'' გამოუდვიათ თავი, აქ ვართ და მოგვხედეთო. 


სამაგიეროდ, სააკაშვილმა ის თქვა, რომ ოდესის პორტიდან, ყოველწლიურად, გაურკვეველი მიმართულებით ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი ქრება, თუმცა ამ ოდენობის თანხა გაურკვეველი მიმართულებით რომ ვერ გაქრება, ყველაზე კარგად სწორედ სააკაშვილმა უნდა იცოდეს. 


დასასრულს, როგორც ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა კულუარულად გვითხრა, უკრაინაში ქართული ოპოზიციის არაოფიციალური შტაბი გაკეთდება და ლიდერები სააკაშვილთან სასაუბროდ, მთელი ზაფხულის განმავლობაში ივლიან. 


რას მოიტანს ეს ვოიაჟები, ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ მიშა ისევ საქმეშია და ოპოზიციაში ისევ პირველკაცობს.

წყარო: ვერსია