როგორ დავასვენოთ თვალები და გავიუმჯობესოთ მხედველობა

  • თბილისელები
  • 5 ივნისი 18:35

თუ მხედველობა გაგიუარესდათ, რეალურად აცნობიერებთ მოახლოებულ საფრთხეს, მოტივირებული ხართ და გსურთ გაუფრთხილდეთ თვალებს, მაშინ დაფიქრდით – ალბათ, შეგინიშნავთ, რომ თვალების დახამხამების შემდეგ მხედველობა გარკვეული პერიოდით რამდენადმე უმჯობესდება, უფრო ნატიფი და ჯანსაღი ხდება.

ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ ფუნქციობს თვალის მამოძრავებელი კუნთები, როგორ იტვირთება ისინი, რომ გამოსახულების ფოკუსირება და მხედველობის უნატიფესი ფუნქცია უპრობლემოდ წარიმართოს. სპეციალისტთა დიდი ნაწილის აზრით, მხედველობის გაუმჯობესებას და, საზოგადოდ, გაფრთხილებას სწორედ თვალის მამოძრავებელი კუნთების წვრთნა უდევს საფუძვლად. ამისთვის კი რამდენიმე ვარჯიშს გირჩევთ:


1) პალმინგი – ეს არის მხედველობის გასაუმჯობესებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვარჯიში, რომლის ეფექტი შესრულების პირველივე ჯერზე აშკარაა. თვალების გადაღლა-გადაძაბვისთანავე, მაგალითად, კომპიუტერთან მუშაობისას, აუცილებელია, მოსწყდეთ მას და სულ ხუთიოდე წუთი დაუთმოთ ვარჯიშს. დახუჭეთ თვალები და დაფარეთ ისინი ხელისგულებით, ხუთიოდე წუთიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ამ ვარჯიშის ეფექტი შეიგრძნოთ. თვალების გახელისთანავე მხედველობა თითქოს სრულიად განახლდაო – ადამიანს ისეთი შეგრძნება ეუფლება, თითქოს იმ წამს გაიღვიძა დასვენებული თვალებით.
თუ თვალების დასვენებისა და სრული მოდუნებისათვის 5 წუთი არ გყოფნით, პალმინგი უნდა განაგრძოთ, ორიენტირი ამ დროს ადამიანის პირადი შეგრძნებებია. პირველ ყოვლისა, ხელისგულებსა და სახეს შორის ნაპრალები არ უნდა იყოს, ეს იმას ნიშნავს, რომ სინათლე არ უნდა აღწევდეს თვალებამდე, ხელისგულები უნდა უზრუნველყოფდეს თვალების სრულ სიბნელეში ყოფნას. თვალები დახუჭული უნდა გქონდეთ, ანუ ქუთუთოები სრულად უნდა ფარავდეს მათ. მეორე მნიშვნელოვანი მომენტია პალმინგის დროს თვალებისათვის სრულად მოდუნების ბრძანების მიცემა. ეს თავად უნდა შეძლოთ. ასეთ შემთხვევაში ვარჯიშის შემდეგ აუცილებლად შეიგრძნობთ მხედველობის გაუმჯობესებას. მესამე – პალმინგის დაწყებამდე სასურველია, ხელისგულები ერთმანეთზე სრესით რამდენადმე გაითბოთ. პალმინგი ის ვარჯიშია, რომლის შესრულების ხანგრძლივობა და რაოდენობა შეუზღუდავია. თუ თვალები ძალზე გადატვირთული გაქვთ, განსაკუთრებით – კომპიუტერთან დაძაბული მუშაობით შეგიძლიათ, პალმინგი ყოველ საათშიც კი გააკეთოთ.


2) სოლარიზაცია – ეს არის ვარჯიში, რომელიც სინათლის ნებისმიერ წყაროზე შეგიძლიათ ჩაატაროთ – მზეზე, სანთლის შუქზე და ასე შემდეგ. სოლარიზაცია, ფაქტობრივად, თვალების დამუშავებაა მზის ან სხვა სინათლით. ის მხედველობის აღდგენისა და თვალის მამოძრავებელ კუნთთა მოდუნებისათვის განკუთვნილი საუკეთესო ვარჯიშია. ყველაზე სასარგებლოა მზის სინათლეზე ჩატარებული სოლარიზაცია. ვარჯიშის პრინციპი ამგვარია: ადამიანი ხუჭავს თვალებს და ამოძრავებს თავს მარჯვნიდან მარცხნივ, რაც მთავარია, ამ მოძრაობის გზაზე მზის შუქი და ჩრდილი უნდა მონაცვლეობდნენ. მაგალითისათვის, ვდგებით ხის ან ნებისმიერი საგნის წინ, რომლის უკანაც მზე ანათებს. ვიწყებთ მარტივად თავის გადაწევას (გადახრას) რიგრიგობით – მარჯვნივ, მარცხნივ (თუნდაც ტორსთან, სხეულთან ერთად), რომ ჯერ მზის სინათლე გვეცემოდეს თვალებზე, შემდეგ კი ჩრდილით იცვლებოდეს. ამისათვის შეგიძლიათ სახის წინ ხელის მტევანიც კი გაატარ-გამოატაროთ, რათა ამ მოძრაობით ხან გამოჩნდეს და ხან დაიფაროს მზის სინათლე. ვარჯიში დაახლოებით 20-25-ჯერ უნდა გაიმეოროთ. ამ დროს თვალის ბადურა გარსი აქტიურდება, ხოლო მამოძრავებელი კუნთები მაქსიმალურად დუნდება. ბევრი ავტორი მზეზე სოლარიზაციას მხედველობის აღდგენის მეთოდებს შორის პირველ ადგილს უთმობს.
სოლარიზაცია შესაძლოა, სანთლის შუქზეც განხორციელდეს. ვარჯიში სიბნელეში ტარდება. ამისათვის უნდა მოხერხებულად დაჯდეთ ანთებული სანთლის წინ, თავი აბრუნოთ მარჯვნივ-მარცხნივ, სანთელმა თვალების წინ რომ იციმციმოს. ყოველი სოლარიზაციის შემდეგ რეკომენდებულია ორჯერ მეტი ხანგრძლივობის პალმინგის ჩატარება (მანამ, ვიდრე მხედველობის არიდან, ეგრეთ წოდებული, „მზის ბაჭიები“ არ გაქრება).

წყარო: თბილისელები