მაშინ ჩვენი ღვინოც ნუ იგზავნება რუსეთში გასაყიდად... - სიხარულიძე რუსული ესტრადის აკრძალვაზე

  • რეზონანსი
  • 31 მაისი 17:17

სოციალურ ქსელებში გავრცელდა პეტიცია, რომლის ხელმომწერებიც საქართველოს ტერიტორიაზე რესტორნებსა და კაფეებში რუსული ესტრადის აკრძალვას ითხოვენ.

პეტიციას უკვე 1500-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს. მწერალი და მსახიობი გივი სიხარულუიძე „რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ სიმღერა და პოლიტიკა ერთმანეთთან კავშირში არ არის და რუსული ესტრადა არ უნდა აიკრძალოს.


„ეს უაზრობაა. სად პოლიტიკა, სად რუსის ჯარი და სად რუსული სიმღერა... ყოვლად მიუღებელია ჩემთვის, რომ აიკრძალოს რუსული სიმღერები. არასოდეს მაგ აზრზე არ ვყოფილვარ. მაშინ ჩვენი ღვინოც ნუ იგზავნება რუსეთში გასაყიდად... მე ვთვლი, რომ ეს არასწორია და არ უნდა აიკრძალოს", - აცხადებს სიხარულიძე.


პეტიცია სოციალურ ქსელებში ორი დღის წინ გავრცელდა, ავტორები საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე კვების ობიექტებში რუსული მუსიკის აკრძალვის მთავარ მიზეზად რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას ასახელებენ.


„მაშინ, როდესაც საქრთველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, საქართველოში ყვავის ტურიზმი ამავე ოკუპანტი ქვეყნიდან. ამის პასუხად ქართველი მეწარმეები, ვინც ვერ ან არ ხვდება სიტუაციის სიმძაფრეს, ცდილობენ ამ კონკრეტული ტურისტებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას. ამისათვის რესტორნები ამზადებენ რუსულ ენაზე მენიუებს, აბრებს და ხმამაღლა რთავენ რუსულ უგემოვნო ესტრადას.


„თბილისის ცენტრალურ რუსთაველის გამზირზეც კი ჩაუვლით რესტორანებს, საიდანაც ბოლო ხმაზე ისმის რუსული სიმღერები. ეს ყოველივე არის სრულიად მიუღებელი, დამამცირებელი და აუტანელი. არავითარი აზრი არ აქვს დამოუკიდებლობის დღის საზეიმო აღნიშვნას, თუ ჩვენ თვითონ ელემენტარულ პატივს არ ვცემთ ჩვენს თავს და ჩვენს მოსახლეობას. ვითხოვთ საქართველოს ქალაქებსა და რეგიონებში მოქმედ რესტორნებსა და კაფეებში აიკრძალოს რუსული ესტრადა", - ნათქვამია პეტიციაში.


შეგახსენებთ, რომ მსგავსი აკრძალვა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში მოქმედებდა.

წყარო: რეზონანსი