ტარიელ ონიანი 8 ოქტომბერს თბილისში ჩამოდის

  • ვერსია
  • 29 მაისი 12:54

ტარიელ ონიანი, რომელმაც რუსულ ციხეში მისჯილი 9 წელი დაამთავრა და თავისუფლებაზე აპრილში გამოვიდა, რუსმა სამართალდამცავებმა მაშინვე დააკავეს და საექსტრადაციო განყოფილებაში გადაიყვანეს.

მაშინ ითქვა, რომ ონიანს 19 მაისს გაუკეთებდნენ დეპორტაციას, თუმცა არ სახელდებოდა ქვეყანა, სადაც ის გაემგზავრებოდა. ახლა კი ირკვევა, რომ სასამართლომ "კრიმინალის გენერალს" სადეპორტაციო ვადა გაუხანგრძლივა და ციხეში 8 ოქტომბრამდე დარჩება _ 8 ოქტომბერი ის ვადაა, რომლის შემდეგაც მოსამართლე ვეღარ შეძლებს ონიანის დაკავებას და ის აუცილებლად, რომელიმე ქვეყანაში უნდა გაამგზავრონ.


რუსეთში მისი დარჩენა გამორიცხულია, რადგან მოქალაქეობა ჩამოართვეს და რეალურად, არცერთი ქვეყნის მოქალაქედ არ ირიცხება. 


რას გადაწყვეტს რუსეთის ფედერაცია _ სად გაამგზავრებენ ტარიელს? ვარაუდობდნენ, რომ მას დეპორტს ან საქართველოში გაუკეთებდნენ, ან ესპანეთში. 


მოგეხსენებათ, ესპანურმა პოლიციამ ონიანს დაუსწრებლად მიუსაჯა 10 წელი და 50 მილიონი ევროთიც დააჯარიმა. შესაბამისად, მას ყველაზე ნაკლებად, სწორედ პირენეის ნახევარკუნძულზე წასვლა უნდა სურდეს. 


კარგი არც ქართული ვარიანტია, რადგან აუცილებლად გაასამართლებენ "კანონიერი ქურდობის'' ბრალდებით და ციხეში 7 წლით შეაბრუნებენ. 


დეტალების გასარკვევად, მოსკოვში მცხოვრებ ერთ-ერთ ქართველს შევეხმიანეთ, რომელსაც ონიანის გარშემო მიმდინარე პროცესებზე სრული ინფორმაცია აქვს. 


"წესითა და რიგით, ტარიელი ახლაც თავისუფლებაზე უნდა იყოს, მაგრამ მოლაპარაკება ვერ შედგა. არ აქვს მნიშვნელობა, ვისთან და რა თემაზე ვაწარმოებდით მოლაპარაკებას, მაგრამ აღნიშნული საკითხი უკვე დახურულია და შეთანხმებაც მიღწეულია. ტაროს 8 ოქტომბერს გაათავისუფლებენ და მის დეპორტაციას თურქეთში მოახდენენ'', _ გვითხრა მოსკოვში მცხოვრებმა ქართველმა. 


ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ თურქეთამდე, მოსკოვიდან გამოფრენილი რეისი თბილისში შეჩერდება ანუ ონიანი თბილისში იქნება, თუმცა ნეიტრალურ ზონაში ჩვენს სამართალდამცავებს მისი დაკავების შესაძლებლობა არ ექნებათ. ორსაათიანი შესვენების შემდეგ, ის იმავე თვითმფრინავს თურქეთში გაჰყვება, სადაც სავარაუდოდ, დასახლდება კიდეც. 


რა თქმა უნდა, ოპოზიცია ხმაურს ატეხს და ხელისუფლებას დაადანაშაულებს, რომ ონიანი არ დააკავა, თუმცა კიდევ ვიმეორებთ, ქართველ სამართალდამცავებს ამის შესაძლებლობა, უბრალოდ, არ ექნებათ. 


სანამ ონიანი ისევ ციხეშია, შაქრო კალაშოვი გრძელვადიან სასჯელს იხდის, ხოლო ნადირ სალიფოვი დუბაიში ცდილობს თავის დამკვიდრებას, კრიმინალური სამყარო თავის გარეშეა დარჩენილი. ვარაუდობდნენ, რომ დროებით ყველაფერ ამას თბილისელი ქურდი, რევაზ კახმაზოვი (იგივე რეზო ლოტკინსკი) დაალაგებდა, თუმცა მასზე რუსმა პოლიციელებმა საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს. 


კახმაზოვი შაქრო კალაშოვის სიძეა და კრიმინალურ სამყაროში დიდი გავლენით სარგებლობს. მას პერმის ოლქის ყველა ბიზნესმენი უხდიდა წილს, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, პოლიციაში 21 ბიზნესმენის განცხადება შევიდა, სადაც ისინი ,,რეზო ლოტკინსკის'' ფულის გამოძალვაში ადანაშაულებდნენ. კახმაზოვმა გაქცევა მოასწრო და როგორც ვარაუდობენ, მან თავი ალბანეთს შეაფარა. 


დადასტურებული ინფორმაციით, გასულ წელს, რუსეთის მოქალაქეობა წართმეულმა და საქართველოს მოქალაქეობაზე უარის მთქმელმა კახმაზოვმა, როგორღაც მოახერხა და ალბანეთის მოქალაქეობა მიიღო, ტირანაში სახლიც იყიდა და ძირითად დროს ახლა სწორედ იქ ატარებს. უფრო მეტიც, მან ალბანეთის დედაქალაქში ინვესტიციებიც განახორციელა, ქალაქის თვითმმართველობასთან საუცხოო ურთიერთობა აქვს და საეჭვოა, რუსი სამართალდამცავები მას ალბანეთში მისწვდნენ. 


* * * 


მთავრობის მორიგ სხდომაზე ბოლო ხმაზე ღრიალებდა სომხეთის ლიდერი, ნიკოლ პაშინიანი. მიმდინარე წლის თებერვალში, პაშინიანმა ქვეყანაში მცხოვრები ,,კანონიერი ქურდების'' გაცნობა ისურვა, მათ პირადად შეხვდა და მართალია, შეხვედრის დეტალები დღემდე არ ხმაურდება, მაგრამ ფაქტი ერთია _ ქვეყნის პირველმა პირმა გადაწყვიტა, სომხეთიდან ,,კანონიერი ქურდები'' განდევნოს. 


მარტში იუსტიციის სამინისტრომ სომხეთის პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ,,კანონიერი ქურდობა'' დასჯადი ხდებოდა. პარლამენტმა კანონპროექტი შენიშვნებით უკან დააბრუნა, თუმცა განახლებული ვერსია დღემდე აღარ შესულა. სწორედ ეს გახდა პაშინიანის გაბრაზების მიზეზი და მან იუსტიციის მინისტრს სურათებიც დაულაგა, რომლებშიც აღბეჭდილი იყო, როგორ იხდიან დაბადების დღეებს ქურდები სომხურ ციხეებში, როგორ უდევთ მაგიდაზე ალკოჰოლური სასმელი და როგორ ერთობიან დიჯეების ფონზე. 


ძალიან დიდი ალბათობით, ქართული კანონის ანალოგს, სომხური პარლამენტი შემოდგომისთვის დაამტკიცებს. 


* * * 


საქართველოში კი, ტურისტული სეზონის ზრდასთან ერთად, წვრილმანი კრიმინალი იზრდება. უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, ტურისტები ტელეფონების, საფულეებისა და ლეპტოპების დაკარგვას უჩივიან, თუმცა ჯერჯერობით ყველაფერ ამას მასიური სახე არ აქვს. რაც მთავარია, ამ მიმართულებით ზრდა ჯერჯერობით არ ფიქსირდება ზღვისპირეთში, მაგრამ ეჭვი გვაქვს, სიცხის მომატებასთან ერთად, კრიმინალები ზღვას უფრო აქტიურად მიაშურებენ. 


,,წელს პირველად იქნება უფორმო პატრული ანუ ზღვისპირეთში იმოძრავებენ ადამიანები, რომელთაც არ ექნებათ პოლიციის ამომცნობი ნიშანი, თუმცა იქნებიან სამართალდამცავები. ეს იმისთვის კეთდება, რომ კრიმინალებმა იცოდნენ, შესაძლოა, მათ გვერდით დამსვენებელი წყვილი სულაც არაა წყვილი და ისინი საპატრულო პოლიციის მეწყვილეები არიან. ვფიქრობთ, ეს კრიმინალის დონეს საგრძნობლად დაწევს. ყოველ შემთხვევაში, ამ მიდგომამ ევროპის, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანაში გაამართლა და მაგალითისთვის, ესპანეთში, სერფერი პოლიციელებიც კი არიან'', _ გვითხრა ძალოვანი უწყების ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა. 


* * * 


აქვე, იმასაც გეტყვით, რომ ბოლო კვირის განმავლობაში, ციხიდან ორმა პატიმარმა დარეკა, რომლებიც საკვების ხარისხზე ჩიოდნენ. ისინი ამბობენ, რომ რაც უფრო დათბა, მით უფრო ცუდი სუნი ასდის საკვებს, თუმცა ჯერჯერობით სიტუაცია ასატანია, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, პატიმრები ხმაურს აუცილებლად ატეხენ. ნამდვილად ვერ გეტყვით, ვინ ამარაგებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას საკვები პროდუქტებით, მაგრამ ხარისხის პრობლემა მუდმივად არსებობდა და მიდგომა _ ,,პატიმრები ყველაფერს ჭამენ'', დღემდე არ შეცვლილა. 


ციხეებში მანამდეც ხშირად იყო ხოლმე საკვები, რომელსაც გარეთ ვერ იშოვიდი და იმიტომ ვერ იშოვიდ, რომ მის გაყიდვას არავინ რისკავდა. ნაციონალების დროს, პატიმრებზე რიგდებოდა სოსისი ,,მხედრული'', რომელსაც ,,ზონის'' ტერიტორიაზე მყოფი კატებიც არ ჭამდნენ, თუმცა გარეთ ამ სახელწოდების სოსისი, უბრალოდ, არ იყო. 


იქნებ, დადგა დრო, რომ პატიმრები ნებისმიერმა ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ადამიანებად ჩათვალოს...

წყარო: ვერსია