როგორ აქტიურდებიან ქალები კაცის შესანარჩუნებლად?

  • თბილისელები
  • 28 მაისი 16:51

მამაკაცების უმრავლესობას მცდარი წარმოდგენა აქვს ქალების სურვილებზე. მაგალითად, მათში გავრცელებულია მოსაზრება, რომ ყველა ქალს გათხოვება უნდა, თანაც იმდენად, რომ მიზნის მისაღწევად არაფერს ერიდება.

მამაკაცებს აფრთხობთ ეს სტერეოტიპი, აშინებთ ქალის აქტიურობა. მათი გონება მაშინვე რთავს გამაფრთხილებელ სიგნალს – „გაიქეცი“! სინამდვილეში, ქალს გათხოვება კი არა, საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნა უნდა. ოფიციალური ურთიერთობა კი, სტაბილურობის განცდას იწვევს. სტატისტიკამ აჩვენა, რომ თანამედროვე ქალები სულ უფრო ხშირად ამბობენ უარს ოჯახის შექმნაზე. ანუ, არავინ არავის არ დასდევს უკან, თუ საკუთარი თავის ფასი იცის.


ლილიკო (34 წლის): მე მყავს ორი გაუთხოვარი დაქალი, რომლებსაც ქორწინების გაგონებაც კი არ სურთ. ერთი პერიოდი ვფიქრობდი, ამათ „პოზა უჭირავთ“, თორემ გათხოვება ყველა ქალს უნდა-მეთქი, მაგრამ მერე დავრწმუნდი, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.


– ანუ, ქალებიც განიცდიან სტერეოტიპების გავლენას?


– რა თქმა უნდა. ეს ხომ გადამდებია. ჩვენ ერთი საზოგადოების წევრები ვართ და ამაში განსაკუთრებული არაფერია. ერთმანეთზე ვახდენთ ზეგავლენას. ჩვენ –კაცებზე, კაცები – ჩვენზე. ბევრჯერ მითქვამს სამეგობროში, როგორ შეიძლება, არსებობდეს ქალი, რომელსაც გათხოვება არ უნდა. უბრალოდ, არ აღიარებენ, რომ ცოლად არავის მიჰყავთ-მეთქი. ამის გამო ჩემს ერთი-ორ მეგობართან რამდენჯერმე სერიოზული უთანხმოება მომივიდა. მეკამათებოდნენ, ეგრე არ არის, შენ სწორად არ ფიქრობო. ბევრი ქალია, რომელსაც საერთოდ არ უნდა გათხოვებაო. მეღიმებოდა.


– მაშინ გათხოვილი იყავით?


– არა. მე ვლაპარაკობ იმ პერიოდზე, როცა ჩემი გათხოვებისთვის შესაფერისი დრო არ იყო, იმიტომ, რომ სხვა პროტესტები მქონდა. გათხოვება არ მინდა და არავითარ შემთხვევაში არ გავთხოვდები-მეთქი, ეს არასოდეს მითქვამს.


– იმიტომ, რომ გჯეროდათ – ყველა ქალს უნდა გათხოვება.


– დიახ. გეთანხმებით. როცა მეკითხებოდნენ, რა აზრის ვიყავი ამ საკითხზე, ვპასუხობდი: მინდა გათხოვება, მაგრამ ახლა პირადი ცხოვრების მოსაწყობად დრო არ მრჩება.. მალე აუცილებლად ვიფიქრებ ამაზეც-მეთქი. ახლა ცოტა მერიდება ჩემი განცხადებების გამო – რასაც ვამტკიცებდი, ჩემს ცხოვრებაში სრულიად საპირისპირო რაღაცები მოხდა. ფაქტობრივად, რაზეც თეორიულად ვლაპარაკობდი, ყველაფერი რეალურად გავიარე. საკუთარ თავზე რასაც გამოცდი, ის არის ნამდვილი და ჭკუის სასწავლი. სხვისი ცხოვრება მაგალითად არ გამოდგება.


– თუმცა, სხვისი ცხოვრება შეიძლება, იყოს დაკვირვების ობიექტი, თანაც საინტერესო.


– რა თქმა უნდა. ისე მოხდა, რომ ჩემი ცხოვრებაც აღმოჩნდა „დაკვირვების ობიექტი“. სხვათა შორის, ყველაზე დიდი ყურადღებით და კრიტიკულად ჩემი მეგობრები მაკვირდებოდნენ, რომლებსაც ვეკამათებოდი ხოლმე. მოკლედ, როცა ოჯახის შექმნა გადავწყვიტე, არ მიფიქრია, რომ ვინმესთვის ანგარიში უნდა გამეწია.


– ვისთვის უნდა გაგეწიათ ანგარიში?


– გარემოსთვის, თუნდაც... მე ხომ ვამტკიცებდი, რომ ყველა ქალს აქვს გათხოვების სურვილი და ეს სურვილი მათ ყველაფერს აკეთებინებს. მე მივხვდი, რომ ასეც არ არის საქმე. რა თქმა უნდა, არსებობენ ქალები, რომლებიც ყველაფერზე მიდიან კაცების გამო. მე მათ არ განვსჯი – ყველა ისე ცხოვრობს, როგორც უნდა და მოსწონს.


გათხოვება ყოველთვის მინდოდა. ამას არ ვმალავ. მყავდა თაყვანისმცემლები, მაგრამ არცერთი მათგანისთვის არ მიბრძოლია.


– ბრძოლაში რას გულისხმობთ?


– ყველაფერს. აკრძალულ მეთოდებსაც კი. ისეთ რაღაცებს კადრულობენ, ისეთებს სჩადიან და ისეთ უმსგავსობას ეძახიან „აქტიურობას“, ნამდვილად სირცხვილია. კიდევ ვიმეორებ, ვისაც როგორ უნდა, ისე იცხოვროს, მაგრამ მერე ასეთების საქციელი ძალიან განზოგადდება ხოლმე. კაცებიც იჯერებენ, რომ ქალი ოღონდ გათხოვდეს, მათი გულისთვის ყველაფერზე წავა. ეს ძალიან ცუდია. იმიტომ, რომ მერე რაღაცნაირად გიყურებენ.


– „რაღაცნაირად“ რას ნიშნავს?


– აი, მაგალითად, როცა ჩემი მომავალი ქმარი გავიცანი და ურთიერთობა დავიწყეთ, ვხვდებოდი, ვგრძნობდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. მოვწონდი, ამას არც მალავდა, მაგრამ დისტანცია ეჭირა და ცოტა შიშითაც მიყურებდა. მაშინ, პირველ ეტაპზე ვერ გავაცნობიერე, რაში იყო საქმე. ვერც ვეკითხებოდი და თავი მტკიოდა ფიქრით. მერე, ერთ საღამოს ვკითხე – რატომ ცდილობ, სიყვარულზე არ ილაპარაკო-მეთქი. სიყვარულზე იმიტომ არ ვლაპარაკობ, რომ შენ ეგრევე თეთრ კაბაზე და ქორწილზე დაიწყებ ოცნებას, როგორც ყველა ქალი. მე არ ვარ ამისთვის მზად. ამიტომ არ ვიჩქარებ, თორემ მერე მთელი ეს რომანტიკა დასრულდება. დაიწყებ ლაპარაკს მომავალზე, რომელიც აუცილებლად ჩვენს ქორწილს გულისხმობს და მე ამისთვის მზად არ ვარო. ანუ, ამით პირდაპირ მიმანიშნა, შენ ყველაფერზე წახვალ, ცოლად რომ მოგიყვანოო. სერიოზულად გავბრაზდი და ლამის დავასრულე ურთიერთობა. თუმცა, მიყვარდა. ამიტომ შევეცადე, ამეხსნა, რომ ქალს მარტო მაშინ უნდა გათხოვება, როცა უყვარს-მეთქი. არა, თქვენ ოღონდ გათხოვდეთ და რას არ იზამთ. აქტიურები და თავგამოდებულები მარტო მაშინ ხართ, როცა თეთრი კაბის ჩაცმა გინდებათო. ლამის ჭკუიდან შემშალა. იძულებული გავხდი, გავბუტულიყავი. რამდენიმე დღე საერთოდ არ ვეკონტაქტებოდი, სანამ ცოტა ჭკვუაზე არ მოვიდა და უკან დევნა არ დამიწყო.

წყარო: თბილისელები