"იყო ჩემთან სატელეფონო ზარი, გაცხადებული მუქარა, დაშინების მცდელობა" - "ქალბატონო, არ გინდა, რომ შენს შვილებს დიდხანს უმღერო "იავნანა?"

  • სარკე
  • 28 მაისი 13:35

ცოტა ხნის წინ მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ ტელევიზია, “რუსთავი 2”-ში დაიწყო მუშაობა. მისი ნაბიჯი ბევრს გაუკვირდა. თამრიკო ჭოხონელიძეს ჩვენც ეს კითხვა დავუსვით ინტერვიუს დასაწყისში.

 


– გაოცება გამოიწვია ფაქტმა, რომ თქვენ “რუსთავი 2”-ზე მიხვედით სამუშაოდ, იმ არხზე, რომელიც ცალსახად ნაციონალურ მოძრაობის მხარდამჭერია, თქვენ კი ნაციონალური მოძრაობას ყოველთვის ოპოზიციაში ედექით.


– იცით, რა? მე მაოცებს ზუსტად იმ საზოგადოების პოზიცია, რომელიც ასე აფასებს მოვლენებს – თუ “რუსთავი 2”-ზე გამოხვალ, მტერი ხარ, ან პირიქით – თუ სხვაგან მიხვალ, მაშინ მეორე მხარის მტერი ხარ. სანამ მუშაობას დავიწყებდი, მანამდეც მივდიოდი “რუსთავი 2”-ში და გამოვთქვამდი ჩემს აზრს ამა თუ იმ საკითხზე. მერე რა, თუ ზოგჯერ და ბევრჯერაც ტენდენციურად მიმაჩნდა მათი გადაცემები. მაინც ვთვლიდი, რომ იქაც და, საუბედუროდ, გაგლეჯილი ერის ყველა მხარეს ქართველები არიან და ყველას თავისებურად უნდა ქვეყნისთვის სიკეთე.


შემომთავაზეს გადაცემაში რუბრიკის წაყვანა “ერთი სიმღერის ამბავი” და ჩავთვალე, რომ ეს სიკეთის მომტანი იქნებოდა საზოგადოებისთვის, ახალგაზრდებისთვის. მაყურებელს ვაცნობ ისეთი კომპოზიტორების სიმღერებს, მათი შექმნის ისტორიებს, მათ მუსიკალურ ღირებულებებს, რომელთაგან ზოგი კარგა ხანია დავიწყებულია. ეს ძირითადად ქართული სიმღერაა, ქართველი კომპოზიტორების შემოქმედება.


მინდა, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი მოვიწვიო სტუდიაში, გამოთქვან აზრი, დაინახონ, რომ მათ განსხვავებული აზრის გამოთქმას არავინ უშლის.


და კიდევ, მე ყოველთვის მინდა, ჩემი საქმე ვაკეთო, ჩემი ცოდნა გადავცე ახალგაზრდებს და მივცე მიმართულება, რა ჯობია მოისმინონ მათ – ხარისხიანი მუსიკა  თუ მდარე ტაშ-ფანდური.


– წლების წინ ტელევიზიამ დიდი როლი შეასრულა თქვენს ცხოვრებაში, “მზიურის” შემდეგ იქ გამოჩნდით მაყურებლების წინაშე, პოპულარობა ისევ მოვიდა თქვენთან და მომავალი ქმარიც, მსახიობი გია როინიშვილი, ტელევიზიაში გაიცანით.


– საქართველოს ტელევიზიაში (მაშინ ერთი ტელევიზია იყო) გადიოდა შემეცნებითი გასართობი პროგრამა, სადაც შემომთავაზეს, მუსიკალური მიმართულებით მომემზადებინა სიუჟეტები. ძალიან მიმზიდველი წინადადება იყო, ბევრ თემას ვეხებოდი – მუსიკოსების, კომპოზიტორების ცხოვრებას, მათ ისტორიებს. არც საჩოთირო თემებს ვერიდებოდი, განვიხილავდი თანამედროვე სასიმღერო ტექსტებს, არასწორად დასმულ მახვილებს, მიმბაძველობას, განსაკუთრებით რუსული ესტრადის გავლენას, უგემოვნებო მუსიკის დამკვიდრებას.


ჩემი ასეთი მწვავე თუ მკვახე გამოსვლები ბევრს არ მოსწონდა, ბევრი პირიქით, მამხნევებდა. მახსოვს, ბატონმა ჯანსუღ ჩარკვიანმა მითხრა, თამრიკო, ასე გააგრძელე, შენ გვერდით მიგულეო. ხოლო ეკა კახიანის ქორწილში ბატონმა რეზო თაბუკაშვილმა ჩემი სადღეგრძელო დალია და გადაცემა შემიქო.


ამ პროგრამის წამყვანი გახლდათ მსახიობი გია როინიშვილი. ჩვენ შორის გაჩნდა ნაპერწკალი, რომელიც სიყვარულში გადაიზარდა და გაცნობიდან ერთ წელში ვიქორწინეთ. ჩვენ ცხოვრებამ არაჩვეულებრივი საჩუქარი გვიბოძა, ორი უსაყვარლესი შვილი, რომლებიც უკვე დამოუკიდებელი და, ვფიქრობ, კარგად აღზრდილი პიროვნებები არიან.


ყველაფერი ხდება და ჩვენს ცხოვრებაშიც გაჩნდა ბზარი, რომელიც იმდენად ღრმა აღმოჩნდა, რომ ერთმანეთს დავცილდით.


 


– თქვენ ყოველთვის შეულამაზებლად გამოთქვამთ აზრს სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე. თქვენმა პირდაპირობამ არ გავნოთ ცხოვრებაში?


– არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის ცხოვრობენ და არიან ადამიანები, რომელთაც საკუთართან ერთად ქვეყნის ბედ-იღბალიც სტკივათ. როცა საქმე ჩემს ქვეყანას, მის სატკივარს თუ კეთილდღეობას ეხება, ვერ გავჩერდები. არც არასდროს გავმდგარვარ გვერდზე. მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და მიფიქრია კიდეც, რომ მთლად უსაფრთხო არ იყო ჩემი ოჯახისთვის ჩემი ნაბიჯები.


უკვე საკმაო დრო გავიდა და ვიტყვი. იყო ჩემთან ასეთი სატელეფონო ზარი: “ქალბატონო, არ გინდა, რომ შენს შვილებს დიდხანს უმღერო “იავნანა?”. ეს გაცხადებული მუქარა იყო, დაშინების მცდელობა. ვერ გავიგე, ვინ დარეკა.


არც მაშინ გავჩუმებულვარ და ვერც ახლა გავჩუმდები, როცა ვხედავ, რომ არაფერი კეთდება ჩემი სფეროს გასავითარებლად და ყველაფერი ზედაპირულია, როცა ბევრ უვიცს ჩაუვარდა ხელში ჩვენი საგანძური, რისი ფასიც არ იციან. დამღუპველია, როცა ტელეეკრანებიდან ხშირად ისმის თვითმარქვია მუსიკოსების მენტორული ტონით ნათქვამი სრულიად არაპროფესიონალური რჩევები და ეს ყველაფერი საზოგადოებას ჭეშმარიტება ჰგონია.


 


 

წყარო: სარკე