17 წლის მაკუნას გათხოვება მამისგან თავის დასაღწევად უნდა

  • სარკე
  • 24 მაისი 18:52

ჩვენი რესპონდენტი საკმაოდ პატარა გოგონაა და უკვე გათხოვება აქვს გადაწყვეტილი. მას ბავშვობიდან დიდი პრობლემა აქვს მამის სახით და ფიქრობს, რომ გათხოვება მისთვის შვება იქნება.

თუმცა, იმდენსაც ხვდება, რომ სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს, რათა გათხოვების შემდეგ უარეს სიტუაციაში არ აღმოჩნდეს. ამბობს, რომ მისი შეყვარებული ყველაფრით კარგი ბიჭია, მაგრამ პოკერებში თამაშობს.


მაკუნა, 17 წლის:


“გამარჯობა! მე მაკუნა ვარ, 17 წლის. მაქვს დიდი პრობლემა. მჭირდება თქვენი რჩევა. ერთი ბიჭი მიყვარს და მისი ცოლი მინდა გავხდე, მაგრამ ის მაბრკოლებს, რომ პოკერებში თამაშობს. ალბათ, იტყვით, ასე პატარა გოგოს გათხოვება რატომ გეჩქარებაო, მაგრამ მამაჩემის გამო ვაკეთებ ამას, რადგან მასთან ცხოვრება აღარ შემიძლია და სიმშვიდეს ვეძებ. ძალიან მრცხვენია იმის თქმა, რომ ცუდი მამა მყავს. ჩვენს საახლობლოში თუ სანათესავოში ეს ამბავი ყველამ კარგად იცის.


მამაჩემს საშინელი ხასიათი აქვს. მის ხელში მე, დედა და ჩემი და მონებივით ვართ. არ გეგონოთ, რამეს ვაზვიადებ, მამაჩემი მართლაც პათოლოგია. როცა სვამს, უფრო აუტანელი ხდება. კიდევ კარგი, ხშირად არ სვამს, თორემ არ ვიცი, რა გვეშველებოდა. მამა ძალიან ეჭვიანი და მკაცრია. ჩემთვის და ჩემი დისთვის არც გართობა არსებობს, არც მეგობრები, არც სადმე წასვლა. კატო ჩემზე 3 წლით პატარაა. ისიც ძალიან განიცდის, რომ ასეთი მამა გვყავს. საწყალ დედას მონასავით აცხოვრებს, სულ ამცირებს ჩვენ თვალწინ და ხალხშიც. ხალხს რომ ხედავს, მაგ დროს ახსენდება ყველაფერი და დედას საშინელ დღეში აგდებს ხოლმე. სულ იმას ამბობს, ქალი არ უნდა გაათამამო, უნდა დაიმონოო. როგორც დედასგან ვიცი, მამა არ უყვარდა, ცოლად ისე გაჰყვა. თავისი ნებით არ გაჰყოლია, მოიტაცა და დარჩა. საერთოდ, დედა ცდილობს, მამა ჩვენს თვალში ცუდი არ გამოიყვანოს და ხშირად ამართლებს, მაგრამ ზოგჯერ სიმწრისგან რაღაცები წამოსცდება ხოლმე.


დედასა და მამას ერთმანეთი არ უყვართ, ზუსტად ვიცი. როგორ შეიძლება, ქალმა ასეთი მოძალადე, ეჭვიანი და მკაცრი ქმარი შეიყვაროს. მოძალადე-თქო, იმიტომ ვამბობ, რომ თუ რამე არ დავუჯერეთ, მაშინვე გაგვარტყამს ხოლმე. წარმოიდგინეთ, რა რთული ასატანია 17 წლის გოგოსთვის მამისგან ასეთი დესპოტური მოპყრობა. პატარაობიდან მეშინოდა მისი და როცა ვხედავდი, კანკალს ვიწყებდი. მისგან ერთი თბილი სიტყვა ან მოფერება არ მახსოვს, “შვილოც” კი არასდროს უთქვამს ჩემთვის და ჩემი დისთვის. სულ იმას ვხედავდი, როგორ დამამცირებლად ექცეოდა დედას. ის კი ჩუმი ქალია, წყნარი, ხმას არ იღებს. მიუხედავად ქმრისგან მიღებული ამდენი შეურაცხყოფისა, ის ერთხელაც კი არ შეპასუხებია. ან რომ შეეპასუხოს, რა აზრი აქვს, უარესად მოექცევა, დედამ ეს იცის და ამიტომ თავს იკავებს. მე და ჩემი და მამას არაფერს ვუთმობთ. პატარა რომ ვიყავი და გამარტყამდა, ვღიზიანდებოდი, აგრესია მიჩნდებოდა. მე და კატო სულ იმას ვფიქრობდით, როგორ მოგვეკლა მამა. ხომ იცით, პატარა გოგონები ასეთ რამეებს როგორ მძაფრად აღიქვამენ.


ერთხელ სტუმრად წავედით. იშვიათად სადმე თუ წაგვიყვანდა, მარტოებს ხომ საერთოდ არსად გვიშვებდა. ერთ დღესაც თავისი ბიძაშვილის შვილის ნათლობაზე წაგვიყვანა. წასვლა არ გვინდოდა, ვიცოდით, იქაც შეგვარცხვენდა, მაგრამ ძალით წაგვიყვანა. მთელი ეზო სავსე იყო, ბევრი სტუმარი ჰყავდათ. მამა იქ, რა თქმა უნდა, ხმაურობდა, ტრაბახობდა, ხალხში ასე იქცევა ხოლმე. დედა გასუსული იჯდა. კარგად იცოდა, ერთი ზედმეტი სიტყვა, რაც მამას არ მოეწონებოდა და პასუხსაც მიიღებდა. მერე კი ერთმა ნათესავმა ქალმა რაღაც ჰკითხა, დედაშენი როგორ არისო თუ რაღაც. ბებოს ოპერაცია ახალი გაკეთებული ჰქონდა და ამიტომ მოიკითხა ჩვენმა ნათესავმა ქალმა. მერე კიდევ რაღაც ჰკითხა და გააბეს საუბარი. დედა მოკლე-მოკლე პასუხებს აძლევდა, თან შიშით ქმარს გახედავდა. მე და კატოც დაძაბულები ვისხედით. უცებ მამა მოუტრიალდა და დაუყვირა, ენა გააჩუმეო და მერე სახეში გაარტყა. ვაიმე, ვერ აღგიწერთ, ეს რა საშინელება იყო. მინდოდა, მიწა გამსკდომოდა და თან ჩავეტანე, ოღონდაც დედის ასეთი დამცირება არ მენახა. საწყალმა ქალმა ცრემლიც კი შეიკავა და ისევ გასუსული იჯდა. ხალხი გაოცებული იყო, ერთმანეთში ჩურჩულებდნენ. მამაჩემმა კი საშინელი ხარხარი ატეხა და თან დააყოლა, ასე უნდა დაიმორჩილო ქალიო. იმ წუთებში მამა ერთი-ორად შემზიზღდა. მერე მე და კატო ავდექით, ეზოს უკან, სადაც ხალხი არ იყო, იქ გავედით და ტირილით გული ვიჯერეთ.


ასეთი შემთხვევა უამრავი ყოფილა. მე სულ მიკვირდა, როგორ უჩერდებოდა დედა ასეთ დესპოტ ქმარს. მე პროტესტი ყოველთვის მქონდა და ვეუბნებოდი, სახლიდან წავიდეთ-მეთქი. დედა კი მპასუხობდა, უნდა მოვითმინოთ, ასეთია ჩვენი ბედიო. ერთხელ წამოსცდა, შენ რომ ძალიან პატარა იყავი, სახლიდან წავედი, მაგრამ ისეთი დღე მაყარა, ვერ წარმოიდგენ. სახლში მოგვივარდა და ყველაფერი დალეწა. მეორედაც ვცადე წასვლა და მაშინაც ასე მომექცა. მითხრა, თუ კიდევ დააპირებ ჩემგან წასვლას, სულ ერთია, მაინც მოგკლავო. ამიტომაც დედას ამის მერე სახლიდან წასვლა აღარც უცდია. თანაც არც მამა ჰყავს, არც ძმა, ვინმემ მისი მხარე რომ დაიჭიროს. საწყალი ქალი მამას ხელში ძალიან დაბეჩავებულია და სადამდე გაუძლებს ამდენ აგრესიას, არ ვიცი.


რაც შემეხება მე, ჯერ კიდევ 5 წლის რომ ვიყავი, ვამბობდი, ნეტავ მალე გავთხოვდე და მამაჩემს მოვშორდე-მეთქი. ასეთ შემთხვევაში სხვა გამოსავალი არ მაქვს. ვიცი, ჩემი გათხოვების წინააღმდეგი იქნება, მაგრამ მისი სულ არ მეშინია. დედა და კატო მეცოდებიან, მის ხელში რომ უნდა დავტოვო. როგორც გითხარით, მამა სკოლის გარდა არსად გვიშვებს, არასდროს ვყოფილვარ კლასელის ან მეგობრის დაბადების დღეზე, არც ექსკურსიაზე. უკვე ერთი წელია, გავიგე, რომ ერთ ჩემს მეზობელ ბიჭს ვუყვარვარ. ლაშა მეც შემიყვარდა, მაგრამ მასთან ურთიერთობას ვერ ვახერხებდი, მხოლოდ შორიდან თუ დავინახავდი. ერთხელ გაბედა ჩემთან მოსვლა და გრძნობებში გამომიტყდა. ასე ნელ-ნელა აეწყო ჩვენი ურთიერთობა. შეხვედრებს ძლივს ვახერხებთ. სკოლაში ბოლო გაკვეთილს ვაცდენ ხოლმე და მაგ დროს ვნახულობ, მერე კი სახლში მოვდივარ. მამა ისე გვაკონტროლებს მე და კატოს, რომ 5 წუთითაც რომ დავაგვიანოთ სახლში მოსვლა, საშინლად გვიყვირის და ზოგჯერ ჩვენზე ხელსაც სწევს. ამიტომაც მტკიცედ გადავწყვიტე, რომ ლაშას ცოლი გავხდე. ის ჩემზე 6 წლით დიდია. იცის ჩემ შესახებ ყველაფერი და მეუბნება, როცა ჩემი ცოლი გახდები, დაისვენებ და ბედნიერი იქნებიო. მითხრა, რომ ამ შემოდგომაზე ცოლად მომიყვანს და მეც ძალიან გახარებული ვარ. უბრალოდ პრობლემა ერთი რაღაც არის და ამაში თქვენი რჩევა მჭირდება.


ლაშა ყველაფრით კარგი ბიჭია, შრომობს კიდეც, თან სწავლობს მაგისტრატურაში, მაგრამ ის პოკერებით თამაშობს. კი მეუბნება, ამაში სერიოზული არაფერია და არც მიდრეკილი ვარ მაგისკენო, მაგრამ არ მინდა, ისე მოხდეს, “ვაის გავეყარე და უის შევეყარე” დამემართოს. მართალია, 17 წლის ვარ, მაგრამ ცხოვრებას სერიოზული თვალით ვუყურებ. ჩემი ტოლი გოგონებივით არ ვაზროვნებ, ამიტომ ხშირად ვფიქრობ ლაშას ამ უარყოფით თვისებაზე. მინდა, რომ პოკერებში აღარ ითამაშოს, თორემ ამან შეიძლება დიდ პრობლემებამდე მიიყვანოს. მირჩიეთ, როგორ დავარწმუნო ის, რომ პოკერებში თამაშს თავი დაანებოს. ახლა მხოლოდ იმაზე ვოცნებობ, რომ მამაჩემს თავი დავაღწიო და თან ჩემი საყვარელი ადამიანის ცოლი გავხდე. არ მინდა, რომ გათხოვების მერე ლაშას თამაშისკენ მიდრეკილებამ რამე პრობლემა შეგვიქმნას. გთხოვთ, მირჩიეთ როგორ მოვიქცე. წინასწარ გმადლობთ!”.

წყარო: სარკე