სოზარ სუბარი: ივანიშვილი არ არის ის ადამიანი, ვინც თავის გადაწყვეტილებებს თავს ახვევს ვინმეს

  • 22 მაისი 17:28

„თუკი გამოჩნდება ჯანსაღი ძალა, არა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც შეუძლია თუნდაც ხვალ ძალაუფლების ხელში აღება, ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვიქნებით ამით“, - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საოზარ სუბარი.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელსაც ყველაზე დიდი რესურსი აქვს, ქვეყანა წარმატებისკენ წაიყვანოს.


„რაც ბიძინა ივანიშვილთან მისაუბრია, შემიძლია, მისი სახელითაც ვილაპარაკო, რომ, თუკი გამოჩნდება ძალა, არა „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ რეალური ჯანსაღი ძალა, რომელსაც შეუძლია თუნდაც ხვალ ძალაუფლების ხელში აღება, ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვიქნებით ამით.


ერთი წუთითაც არ ვამბობ, რომ გინდა თუ არა „ქართული ოცნება“ უნდა იყოს ხელისუფლებაში. დღეს „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი რესურსი, ქვეყანა წარმატებისკენ წაიყვანოს.


მიუხედავად იმისა, რომ NDI-ს კვლევებში ძალიან ბევრს ლაპარაკობენ მის ანტირეიტინგზე, ზუსტად იმიტომაც არის სამიზნე, რომ ძალიან კარგად იციან მისი ძალა, მისი დამსახურება ქვეყნის წინაშე, გნებავთ პოლიტიკაში, გნებავთ როგორც მეცენატის, გნებავთ როგორც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და გნებავთ დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებაში.


სწორედ ამიტომაა, რომ მთავარი დარტყმის ობიექტი არის ის. ჩვენი ოპონენტები რაზეც არ უნდა ლაპარაკობდნენ, იწყებენ ივანიშვილით, ამთავრებენ ივანიშვილით და ძალიან სამწუხაროა, რომ ზოგიერთი კვლევით ორგანიზაციაც ამ კონტექსტში ჯდება.


მე ვარ აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი, ვიყავი მინისტრი, დღეს ვარ პრემიერის მრჩეველი და შემიძლია, დანამდვილებით გითხრათ, რომ დიახ, დღეს გადაწყვეტილებებს იღებს მთავრობა, გადაწყვეტილებებს იღებს პარლამენტი, პარტიის თავმჯდომარე არის პარტიის თავმჯდომარე და მასთან ძალიან ხშირად ვიკრიბებით, ვმსჯელობთ, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღება ხდება იქ, სადაც უნდა ხდებოდეს ინსტიტუციურად.


ივანიშვილი არ არის ის ადამიანი, ვინც თავის გადაწყვეტილებებს თავს ახვევს ვინმეს, მით უმეტეს, როდესაც საუბარია ხელისუფლებაზე. მეტსაც გეტყვით, რამდენიმე სხვადასხვა პრემიერმა ისე დანიშნა მინისტრები, რომ ამ მინისტრების აბსოლუტურ უმრავლესობას, ახალ მინისტრებს ის არ იცნობდა“. - განაცხადა სოზარ სუბარმა.