ბორჯომის ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება

  • M2B
  • 22 მაისი 15:11

კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს ინიციატივით, ბორჯომში კავკასიური ფიჭვის 2500 ნერგი დაირგო. აქცია ტყის საფარის აღდგენა-განახლების პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

ეგიდით, #ბორჯომიბუნებისგულშემატკივარი, კომპანია აგრძელებს ბორჯომის პლატოს განაშენიანებისა და მოვლის ტრადიციას. ტყის საფარის აღდგენა-განახლების სურვილმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების სამსახურების წარმომადგენლები, ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მედია და კომპანია  IDS ბორჯომი საქართველოს  თანამშრომლები გააერთიანა.

ღონისძიება ფიჭვების დარგვით დაიწყო. კამპანიის მონაწილეებმა საინფორმაციო პუნქტიდან ხელთათმანები, ნიჩბები და ნერგები აიღეს და პლატოს ტერიტორიაზე გადანაწილდნენ. პროცესი 1 საათს გაგრძელდა. გამომდინარე იქიდან, რომ ყველა მონაწილე აქტიურობდა, 2500-ვე ნერგი დაგეგმილ დროში დაირგო.

„უკვე მეორე წელია ამ აქციის მონაწილე ვარ. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი არა მარტო ბორჯომისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის კეთდება. რაც უფრო ხშირად დაიგეგმება მსგავსი აქციები, მით უფრო მალე აღდგება დაზიანებული ტყის საფარი. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის ჩართულობა და აქტიურობა, არა მარტო ადგილობრივი, არამედ სხვა კომპანიების სახითაც“,- ამბობს „ბორჯომის“ მეორე ქარხნის მთავარი ინჟინერი ზაზა გოგოლაძე.

საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ სახეებს შორის იყო „მის საქართველო 2018“ ნინი გოგიჩაიშვილიც, რომელიც „ბორჯომის“ კამპანიას, გარემოს დაცვის მიზნით,  სიამოვნებით შეუერთდა: ”მიხარია, რომ ვარ დღევანდელი აქციის მონაწილე. ხეების დარგვის ასეთი მასშტაბის ღონისძიებაში პირველად ვიღებ მონაწილეობას. ვფიქრობ, რომ გარემოზე ზრუნვა თითოეული ადამიანის მოვალეობაა, რადგან ეს არა მარტო ბუნებისთვის, არამედ მომავალი თაობისთვის არის მნიშვნელოვანი და დღეს ჩვენ სწორედ მომავლისთვის ვაკეთებთ ამას“, - ამბობს ნინი გოგიჩაიშვილი.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, უკვე აღდგენილია დაზიანებული ტყის საფარის 80%, რაშიც კომპანია „ბორჯომს“ უდიდესი წვლილი მიუძღვის.

„ბუნებრივი განახლების პროცესში „ბორჯომის“ მიერ გაწეულმა სამუშაოებმა უდიდესი როლი ითამაშა. მადლობას ვუხდით კომპანიასა და საზოგადოების თითოეულ წევრს ამ დახმარებისთვის. რაც გასულ წლებში მათ დარგეს, ყველა ნერგმა გაიხარა“,- აღნიშნავს ბორჯომის სატყეო სამსახურის მეტყევე სპეციალისტი ლევან ჩადუნელი.

ამის შემდეგ მონაწილეებმა უკვე საპიკნიკე ადგილზე გადაინაცვლეს, სადაც კომპანია IDS ბორჯომი საქართველომ ბორჯომის გმირი 2019-ის გამარჯვებულები დააჯილდოვა. წელს ეს სტატუსი გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს გადაეცათ. ესენი არიან: სამცხე-ჯავახეთის მთავარი მეტყევე კობა სილაგაძე, ბიოდინამიური მეთოდით მომუშავე მევენახე გიორგი ალადაშვილი, „ეკომედიის“ დამფუძნებელი შორენა ცხოვრებაშვილი, მასწავლებელი მარინე ფერაძე, ახალი ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორი ზაალ ხელაძე, „ეკოვიჟენის“ გრაფიკოს დიზაინერი თამუნა გრძელიძე, გარემოსდაცვით საკითხებში ერთ-ერთი პირველი ჟურნალისტი ბარბარე ბენაშვილი და დამსახურებული ბუნების მცველი კუკური სარალიძე.

„ბორჯომის გმირის ტიტულის მიღება ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. მე ვფირობ, რომ თითოეულმა ადამიანმა უნდა მოუაროს გარემოს და ყველა ადამიანი, რომელიც თუნდაც ერთ ხეს მაინც დარგავს, გმირია“, - ამბობს კობა სილაგაძე.

პოზიტიური განწყობის შესაქმნელად და გარემოზე ზრუნვის საკითხის აქტუალურობის გასაზრდელად, კომპანიამ ღონისძიების მონაწილეებს ფოტოკონკურსი შესთავაზა. ფიჭვების დარგვის პროცესში მათ გადაიღეს და სოციალურ ქსელში ატვირთეს ფოტოები ჰეშთეგით #ბორჯომიბუნებისგულშემატკივარი“. გამარჯვებული ფოტოს ავტორი „ლაიქების“ მიხედვით გამოვლინდა. საუკეთესო ფოტოს ავტორის პოზიცია არავის დაუთმო ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა, რომელსაც კომპანიამ პრიზი, „ბორჯომი-ლიკანის“ სასტუმროს ვაუჩერი გადასცა.

„სუფთა ჰაერზე ზრუნვა და ტყის გადარჩენა მხოლოდ „ბორჯომის“ მოვალეობა როდია, ეს თითოეული ადამიანის ვალია. ჩვენც უბრალო მოქალაქეებს შეგვიძლია ვიზრუნოთ ჰაერის სისუფთავეზე, მაგალითად თუნდაც 1 დღით მანქანები დავტოვოთ სახლში და ფეხით ვიაროთ, დავკეტოთ ონკანი, როცა ის დროებით არ გვჭირდება, ნაკლები სიხშირით მოვიხმაროთ სარეცხი მანქანა, რათა მდინარეები ნაკლებად დავაბინძუროთ და ა.შ.“,- აღნიშნა გოგა ჩანადირმა.

„ტყის საფარის აღდგენა და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, შენარჩუნება თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. ჩვენი პროექტიც, რომელიც უკვე ბევრი წელია არსებობს, სწორედ, ამას ემსახურება, დავრგოთ ახალი ნერგები და 5 წლის მანძილზე განვახორციელოთ მოვლა - პატრონობა. ასევე, მნიშვნელოვანია ამ თემაზე ბევრი საუბარი, რათა საზოგადოების ფართო მასები ჩავრთოთ ამ აქტივობებში  და ისინიც ბუნების გულშემატკივრებად გადავაქციოთ.  წელს, ჩვენ გვინდოდა მადლობა გადაგვეხადა და „ბორჯომის გმირი 2019“ სტატუსი მივანიჭეთ  იმ ადამიანებს, რომლებმაც ბუნების მნიშვნელობა კარგად იციან,“ - აღნიშნა კომპანია IDS ბორჯომის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა,ნიცა ჩოლოყაშვილმა. 

ბორჯომის ტყის აღდგენის პროექტს კომპანია IDS ბორჯომი საქართველო“2011 წლიდან ახორციელებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთობლივი პროექტი კი 3 წელიწადს ითვლის, ისევე როგორც კამპანია „ბორჯომი ბუნების გულშემატკივარი“ . ამ პერიოდის განმავლობაში   მოხერხდა 3 ჰექტარი ფართობის ტყის აღდგენა და ჯამში 11 200 ნერგი დაირგო. კომპანია ნერგების მოვლა-პარტონობას 5 წლის ვადაში საკუთარ თავზე იღებს. აღნიშნული ღონისძიება ტრადიციულად წელიწადში 2-ჯერ იმართება. აქციის მიზანია, ბორჯომის ტყის აღდგენა-განახლება და ამ პროცესში საზოგადოების წევრების აქტიურად ჩართვა.

სრული ვერსიის ნახვა M2B