“ლუფთანზა” თბილისიდან მიუნხენის მიმართულებით ორ ავიარეისს ამატებს

  • M2B
  • 22 მაისი 15:09

„ლუფთანზამ“ თბილისი-მიუნხენის ორი ავიარეისი დაამატა და ჯამში მგზავრებს ამ მიმართულებით 9 ყოველკვირეულ რეისს სთავაზობს. 

სამშაბათსა და შაბათს დაგეგმილ დილის რეისებთან ერთად (გამგზავრება: 05:05), ხელმისაწვდომი იქნება მეორე, შუადღის რეისიც. აღნიშნული ფრენა 15:55 საათზე შესრულდება Airbus A320 თვითმფრინავით, რომელიც მიუნხენის ჰაბში 18:00 საათზე ჩაფრინდება. სამშაბათსა და შაბათს, 09:00 საათზე ასევე ხელმისაწვდომია ავიარეისები მიუნხენი-თბილისის მიმართულებით.


დამატებითი რეისებით ავიაკომპანია უფრო დიდ არჩევანს სთავაზობს მგზავრებს - განსაკუთრებით კი მათ, ვინც მიუნხენის გავლით ევროპაში, აზიასა თუ ჩრდილოეთ ამერიკაში მიემგზავრებიან. „ლუფთანზას“ ყველა მგზავრს საშუალება აქვს, მიუნხენიდან გადაადგილდეს 46 ქვეყნის 140 მიმართულებით. თბილისიდან ორი ახალი ავიარეისის დამატება აღნიშნულ რეისზე მგზავრთნაკადის 14%-იან ზრდას განაპირობებს. სწორედ მიუნხენშია „ლუფთანზას“ ერთ-ერთი ძირითადი ჰაბი.


“ცხრა ყოველკვირეული რეისის არსებობით, საქართველოს დედაქალაქიდან მიმავალ თუ თბილისში მომავალ მგზავრებს უფრო დიდი არჩევანის საშუალება აქვთ. „ლუფთანზას“ დამატებითი რეისები ეხმაურება მგზავრების დიდ მოთხოვნას, რომელსაც ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა და თბილისისა თუ რეგიონების მასშტაბით ვიზიტორების მზარდი რაოდენობა განაპირობებს. „ლუფთანზას“ მოღვაწეობა საქართველოში ცხადი პოზიტიური მაგალითია იმისა, რომ ჩვენს გრძელვადიან და მდგრად სტრატეგიას ზრდისა და წარმატებისკენ მივყავართ“ - აღნიშნა შტეფან კროიცფეინტერმა, „ლუფთანზას“ გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტმა ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში, 22 მაისს, თბილისში ოფიციალური ვიზიტის დროს.


თბილისი-მიუნხენისა და მიუნხენი-თბილისის რეისის ბილეთის ფასი 791 ლარიდან იწყება, ხოლო მიუნხენის გავლით თბილისი-ნიუ იორკის რეისის ბილეთის ფასი -  2,274 ლარიდან. ბილეთების დაჯავშნა შესაძლებელია lufthansa.com-ზე ან ნებისმიერი ტურისტული სააგენტოს მეშვეობით.


ლუფთჰანზა საქართველოში 2005 წლის 5 ივნისიდან ოპერირებს. რაც შეეხება თავად კომპანიას ის 1953 წლის 6 იანვარს დაფუძნდა. 2017 წელს მის საკუთრებაში 728 საჰაერო ხომალდი ირიცხებოდა, მგზავრთნაკადი კი 130 მლნ-ს შეადგენდა. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 8.4 მლრდ ევროს შეადგენს.

სრული ვერსიის ნახვა M2B