ლადო კახაძე: მთაწმინდზე სამი ქუჩის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება

  • 21 მაისი 15:42

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლადო კახაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა.

ლადო კახაძემ მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის  და მეორე ტურში  მეტი აქტივობისკენ მოუწოდა.

„პირველ რიგში, დიდ მადლობას მოგახსენებთ ჩემს მთაწმინდელებს მხარდაჭერისთვის,  სწორედ თქვენი დამსახურებაა, რომ არსებული კონკურენციის პირობებში, თქვენმა რჩეულმა კანდიდატმა საუკეთესო შედეგი აჩვენა, მაგრამ ვიცით, რომ ეს შუალედური არჩევნებია და აქტიურობა შედარებით ნაკლებია.

იმედი მაქვს, რომ მეორე ტურისთვის  ჩვენ უფრო ორგანიზებულად დავირაზმებით და შედეგი იქნება გაორმაგებული,“- განაცხადა ლადო კახაძემ.

„ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა იმ ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ილაპარაკა, რომელიც მთაწმინდაზე უახლოეს პერიოდში დაიწყება.

„ჩემს მთაწმინდელებს სასიხარულო ამბავი მინდა გითხრათ, რომ მთაწმინდის რაიონში სამი ქუჩა დგება სრული რეაბილიტაციის გრაფიკში, ეს არის ასათიანის ქუჩა, სულხან-საბას ქუჩა და ეს არის ინგოროყვას ქუჩა, რომელიც აქ მოსახლე ადამიანების ქონებრივი პოტენციალის გაზრდას მოემსახურება და, რაც მთავარია, ტურისტულ არეალებს გაზრდის,“- განაცხადა ლადო კახაძემ.

მისივე თქმით, მთავარი პრობლემა სოციალური გამოწვევებია, რომელიც  საერთო ძალისხმევით  უნდა დაიძლიოს.  კახაძემ, მისი აზრით, პირველ რიგში მოსაგვარებელი საკითხები დაასახელა.

„ ეს არის ძველი ავარიული სახლების გამაგრება-რეაბილიტაცია, ეს არის ისტორიული კუთვნილების ობიექტების გაკეთილშობილება.

 ზოგადად, ვიცით, რომ გაჭირვებაა, სოციალური გამოწვევებია, ვიცით, რომ არის დასაქმების პრობლემები, რომელიც ქვეყანასაც ისევე აწუხებს, როგორც ჩვენს მთაწმინდელებს და, ჩემი პარლამენტში მოხვედრის პირობებში, გააქტიურდება მუშაობა ამ კუთხით. ეკონომიური პროექტების აქტიური მხარდაჭერა თქვენთან ერთად, თქვენი  მიერ დელეგირებული უფლებებით იქნება განხორციელებული  ზუსტად იმ პოზიციიდან  გამომდინარე, რომ ჩვენ უნდა ვაშენოთ, შევქმნათ ახალი კონსტრუქციები, ახალი ურთიერთობები,  რომელიც ჩვენი სისხლისა და ხორცის, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების  ჩვენთან  გაერთიანების სურვილს გააათმაგებს“,- განაცხადა ლადო კახაძემ.