როდის სჭირდება ქალს მამაკაცისთვის "შემაკავებელი ფაქტორი"

  • თბილისელები
  • 20 მაისი 18:16

ღალატი არის თემა, რომელიც ქალბატონების უმრავლესობას აწუხებს, განსაკუთრებით გათხოვების შემდეგ. როცა ოჯახი იქმნება, ის ნდობაზე და სიყვარულზე უნდა იყოს დაფუძნებული.

თუმცა, იშვიათი არ არის შემთხვევა, როცა მამაკაცი „გასართობს“ ოჯახის გარეთ ეძებს. შეიძლება, მან ამ ურთიერთობას სიყვარული არც დაარქვას, მაგრამ შეურაცხყოფილი და გულნატკენი ცოლისთვის ეს ვერაფერი შეღავათია. ქალები თავისებურად ცდილობენ, მოახდინონ ღალატის პრევენცია.


მარიკა (37 წლის): იმით დავიწყებ, რომ არ მჯერა მამაკაცების პატიოსნების. ვინც რა უნდა, ის ამტკიცოს, მაგრამ არ არსებობს კაცი, რომელიც მომენტით არ ისარგებლებს და არ გიღალატებს.


– ანუ, ყველა კაცი მოღალატეა?


– პოტენციურად კი. თუ რომელიმე არ „გაძვრა“ და არ უღალატა ცოლს, იმიტომ კი არა, რომ ერთგულების ფიცის გატეხა არ უნდოდა, უბრალოდ, ხელსაყრელი მომენტი არ ჩაუვარდა. მომენტით ყველა სარგებლობს. როგორ დავიჯერებდი, რომ ჩემი ქმარი არასოდეს მიღალატებდა. შესაბამისად, ოჯახის შექმნისთანავე დავიწყე ზრუნვა ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე. პრევენციისთვის, ასე ვთქვათ. საკმაოდ ბევრ ლექციას მოვუსმინე და ბევრი ბლოგი წავიკითხე. მაინტერესებდა, როგორ იქმნება ჰარმონიული ურთიერთობა. რა უნდა გააკეთოს ცოლმა, რომ მის ქმარს თვალი და კიდევ სხვა რამე ვიღაცისკენ არ გაექცეს.


– ურთიერთობისა და ფსიქოლოგიის შესწავლა დაიწყეთ?


– შეიძლება, ასეც ითქვას. მინდოდა, მცოდნოდა, არსებობს თუ არა ღალატის პრევენცია ან შემაკავებელი ფაქტორი.


– შემაკავებელი ფაქტორი? საინტერესოა.


– დიახ, საკმაოდ საინტერესოა. ჩემი გამოცდილებიდან და პრაქტიკიდან გამომდინარე, ვიტყვი, რომ ასეთი შემაკავებელი ფაქტორი ნამდვილად არსებობს.


– შეგიძლიათ, უფრო დეტალურად მოგვიყვეთ?


– რა თქმა უნდა. რთულია, მაგრამ შესაძლებელია. დავიწყებ იმით, რომ მამაკაცს თქვენი „მუნჯური“, უკიდეგანო და უაზრო ნდობა არაფერში სჭირდება.


– მგონი, არც ეჭვიანი ცოლი სჭირდება.


– მე არ ვამბობ, რომ ეჭვიანობის სცენები უნდა მოუწყოთ. ერთხელ აუცილებელია. მეტჯერ საჭირო აღარ უნდა გახდეს. მოკლედ, ქმარმა უნდა იცოდეს, უნდა იგრძნოს, ვინ ჰყავს გვერდით – ცოლი თუ მორჩილი ბოჩოლა, რომელსაც, როცა უნდა, მაშინ დაუკეტავს სადგომის კარს. მამაკაცს თუ გასდის და გაუვიდა, აუცილებლად შეეცდება, ოჯახში ავტორიტარული რეჟიმი დაამყაროს.


– ანუ, ყველა მამაკაცი დიქტატორია?


– ყოველ შემთხვევაში, მბრძანებლობაზე უარს არ იტყვის. „ცივილური“ ფორმით მაინც. ეს არ უნდა დაუშვას ჭკვიანმა ცოლმა. მაგრამ სკანდალების მომხრე არ ვარ. სხვანაირად უნდა მოუარო ამ ამბავს. ანუ, შევთანხმდით: ღალატის პრევენცია არსებობს და ეს არის „შემაკავებელი ფაქტორი“. პირველი: მამაკაცმა უნდა იცოდეს, რომ ღალატი ძვირად დაუჯდება. რომ ჰყავს თავმოყვარე ცოლი, რომელიც ამას არ აპატიებს. თქვენ, ანუ ცოლმა უნდა დააყენოთ ისე საკითხი, რომ კაცს აღარ მოუნდეს ღალატი.


– როგორ?


– მამაკაცები მშიშრები არიან. თანაც, მათ ძალიან უყვართ კომფორტის ზონაში ყოფნა. მე არ მეგულება კაცი, რომელმაც იცის, რომ ღალატისთვის პასუხს აგებინებენ და არ დაფიქრდეს, სანამ გართობას გადაწყვეტს. კაცისთვის ყველაზე კარგი შემაკავებელი ფაქტორი, მოსალოდნელი „აპოკალიფსის“ შიშია. და ეს არ არის ისტერიკა. მშვიდად და ცივსისხლიანად უნდა განუმარტოთ ის რეალობა, რომელიც ექნება, თუ გიღალატებთ. ისიც უნდა უთხრათ, რომ არ ხართ ხელწამოსაკრავი ქალი, რომელზეც „ფეხების გაწმენდა“ შეიძლება. რომ არ მისცემთ საშუალებას, ბოროტად ისარგებლოს თქვენი სიყვარულით, რომ ურთიერთობას აუცილებლად დაუსვამთ წერტილს და უკან არასოდეს დაბრუნდებით.


– თქვენ ფიქრობთ, რომ კაცს ამით შეაშინებთ?


– თუ უღირხართ, რა თქმა უნდა, გაგიფრთხილდებათ, თქვენი დაკარგვის შეეშინდება. თუ არ უყვარხართ, საერთოდ, რაზეა ლაპარაკი. ეს უკვე თქვენ უნდა იცოდეთ. სხვათა შორის, კაცების ღალატის მთავარი მიზეზი ქალების გაუაზრებელი საქციელია.


– რატომ?


– როცა ქალები ვმსჯელობთ, რომ კაცს ღალატი მეტ-ნაკლებად ეპატიება, არ არის ეს ქვეყნის აღსასრული და რა მოხდა, მაშინ ნუღარც გვაქვს პრეტენზია, რომ გვღალატობენ. კაცები სულელები არ არიან, რომ ვერ გამოიყენონ ეს მათთვის სასარგებლო არგუმენტი. დაუსჯელობის სინდრომი მათ სწორედ ჩვენ გავუჩინეთ – ცოლებმა, ქალიშვილებმა, დედებმა... საჯარო სივრცეშიც, სოციალურ ქსელშიც და პირად საუბრებშიც ქალები სულ იმას ამტკიცებენ, რომ კაცისთვის ღალატზე მწვანე შუქის ანთება, სწორედ ჩვენი ბრალია. ქალბატონებო, ნუ იქნებით სირაქლემის პოზაში. გაუსწორეთ თვალი სიმართლეს. ათიდან ცხრა ქალი იტყვის, რომ კაცს მაინც ეპატიება ღალატი... ნუ, ერთხელ მაინც. ჩემმა ქმარმა ზუსტად იცის, რომ მე ასეთი ქალების კატეგორიას არ მივეკუთვნები. შემაკავებელი ბარიერი იცავს ოჯახს, ხელს უშლის ურთიერთობის დანგრევას და ეს ბარიერი თავის ქმარს ქალმა უნდა შეუქმნას, თანაც ჭკვიანურად. დრო არ უნდა დაკარგო და თავიდანვე უნდა მოაგვარო ეს ამბავი. ერთად ყოფნის პირველივე ეტაპზე უნდა იყოს გარკვეული ასეთი დეტალები, თორემ „კლანჭებს“ მერე თუ გამოაჩენთ, აზრი აღარ აქვს. ქმარს მხოლოდ გააკვირვებს თქვენი მოულოდნელი გაჭირვეულება. სერიოზულად აღარ აღგიქვამთ.

წყარო: თბილისელები