პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა

  • pia.ge
  • 1 მაისი 14:04, 2019 წელი

87მომხრე 33 წინააღმდეგი - პარლამენტმა ირაკლი კობახიძის მიერ მომზადებული კანონპროექტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის წესის შესახებ ხმათა უმრავლესობით მიიღო.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები და ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატების შერჩევისა და მათი პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურა განისაზღვრა. ასევე დადგინდა, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებიც.


კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას, ინიციატივაში რამდენიმე ცვლილება შევიდა და პროექტში ვენეციის კომისიის რამდენიმე რეკომენდაცია აისახა, მათ შორის გაუქმდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთათვის საკვალიფიკაციო გამოცდები. პროექტში ამ თვალსაზრისით ნათქვამია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო პარლამენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარუდგენს პირს, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით მოსამართლისთვის დადგენილ საერთო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ დამატებით პირობას: არის მოქმედი მოსამართლე; არის ყოფილი მოსამართლე, რომლის სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან არ გასულა 10 წელი; არის პირი, რომლის პროფესიული კვალიფიკაცია შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალ სტატუსს.


გარდა ამისა, კანონპროექტში კიდევ ერთი დამატება შევიდა, რომელიც ინტერესთა კონფლიქტს ეხება. კერძოდ, პროექტში აღნიშნულია, რომ თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია, ის არ სარგებლობს კანდიდატების შეფასებისა და ხმის მიცემის უფლებით პროცედურის არც ერთ ეტაპზე, აგრეთვე, არ არის უფლებამოსილი, კითხვით მიმართოს კანდიდატებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მათი მოსმენისას.


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge