საქართველოს თვრამეტწლამდე რაგბის ნაკრები ევროპის ჩემპიონია

  • 1tv.ge
  • 20 აპრილი 22:10

რუსეთში თვრამეტწლამდელთა ევროპის ჩემპიონატი დასრულდა, რომლის ფინალშიც ერთმანეთს უმცროსი „ბორჯღალოსნები“ და ესპანეთის თვრამეტწლამდელთა ნაკრები დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და საბოლოო ჯამში საქართველოს გამარჯვებით, ანგარიშით 20:10 დასრულდა.

მატჩის პირველ ნახევარში თანაბარი თამაში მიმდინარეობდა. 20 წუთის შემდეგ საქართველო მეტოქეს ერთი საჯარიმო დარტყმით, ანგარიშით 6:3 უგებდა, თუმცა  25-ე წუთზე ესპანელებმა შეხვედრის პირველი ლელო დადეს და ტაიმი მოიგეს – 6:10. ანგარიში მეორე ტაიმში, 57-ე წუთზე შეიცვალა. უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ ლელოს გაქვითვა მოახერხეს და წინ გავიდნენ. ქართველმა მორაგბეებმა მეორე ლელო ესპანელთა მგეზავის შეცდომის შემდეგ, 61-ე წუთზე დადეს – 20:10.

ამის შემდეგ, ესპანეთი ანგარიშში სხვაობის შემცირებას ცდილობდა, თუმცა მოქმედმა ჩემპიონებმა თავი კარგად დაიცვეს და ევროპის ჩემპიონის სტატუსი ზედიზედ მეორედ მოიპოვეს.

სრული ვერსიის ნახვა 1tv.ge