რატომ კარგავენ მომხმარებლები ანგარიშებიდან თანხებს - საქართველოს ბანკის პასუხი

  • 18 აპრილი 12:30

სოციალურ მედიაში მომხმარებლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ბანკის ანგარიშებიდან იხსნება თანხა და ფიქტიურ ანგარიშებზე ირიცხება, საქართველოს  ბანკი განმარტებას აკეთებს.

მათი ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ინტერნეტ სივრცეში "ფიშინგის" რამდენიმე შეთხვევა დაფიქსირდა:


"როდესაც გაჩნდა  BOG ინტერნეტ ბანკის ე.წ. ფიშინგ გვერდი. სოციალურ ქსელში (Facebook, twitter, Instagram) თავდაპირველად იქმნებოდა კომპანიის არაოფიციალური გვერდი, სადაც მომხმარებლებს სთავაზობდნენ შემდეგ აქციას:  პირველი 100 მომხარებელი ვინც გადავიდოდა ბმულზე მოიგებდა iPhoneX, იქვე იყო მოყვანილი ინტერნეტ ბანკის  ყალბი გვერდის მისამართი (ვიზუალურად იდენტური და რა თქმა უნდა განსხვავებული მისამართით). მომხმარებლები გადადიოდნენ ბმულზე და შეყავდათ მათი პირადი პაროლი და ერთჯერადი კოდი. ჰაკერი/თავმდასხმელი  არსებული პარამეტრებით გადიოდა ავტორიზაციას უკვე რეალურ ინტერნეტ ბანკში და ახდენდა გადარიცხვებს გემბლინგის მიმართულებით",-აცხადებენ საქართველოს ბანკში.


მსგავსი შემთხვევის პრევენციის მიზნით, საქართველოს ბანკი მომხმარებლებს აფრთხილებს:


"აუცილებელია, არავის გაუზიაროთ თქვენი პაროლი და კარგად დააკვირდეთ რა საიტზე ხართ და რა ინფორმაციის გაზიარებს ითხოვს თქვენგან კონკრეტული გვერდი.არავის ანდოთ თქვენი პაროლი. ასევე დაიმახსოვრეთ, რომ არცერთი ნორმალური კომპანია ან საიტი არ მოგთხოვთ, რომ გაანდოთ თქვენი პაროლი ზეპირად, ტელეფონით ან ელფოსტით. არ დაუჯეროთ ელფოსტაზე მოსულ წერილებს ან ზარებს ტელეფონზე, თუ პაროლის თქმას გთხოვენ - ეს აუცილებლად თაღლითი იქნება.  თავიდან აირიდეთ ფიშინგი. ეს არის პაროლისა და თქვენი პირადი მონაცემების, მათ შორის საბანკო ინფორმაციის, მოპოვების კიდევ ერთი გზა. მარტივად რომ ავხსნათ, ეს არის მეთოდი, რომლის დროსაც, ონლაინ-კრიმინალები ქმნიან ყალბ ვებსაიტებს, გავსებინებენ იქ არსებულ ველებს და თქვენივე ხელით გართმევენ მათთვის სასურველ ინფორმაციას. ყურადღება მოიაქციეთ  ფიშინგს ვებგვერდებში. მაგალითად, შეიძლება რამე ბმულით მოხვდეთ Amazon-ის ანგარიშში შესვლის გვერდზე, სადაც ყველაფერი ნამდვილი ამაზონის იდენტური იქნება - ლოგო, ფერები ტექსტი… ამ დროს, აუცილებლად დაუკვირდით მისამართს, რომელ საიტზე ხართ, ახედეთ ბრაუზერის მისამართის ველს და ნახავთ, რომ სინამდვილეში არა amazon.com-ზე, არამედ amazon.blabla.com- ზე ხართ.  მაგალითად, თქვენს მიერ დალაიქებული ფეისბუქ-ფეიჯი, ან ჯგუფი, ან თქვენი დავირუსებული მეგობარი აზიარებს ბმულს, რომელსაც მიმზიდველი სათაური აქვს.  ბმულზე დაკლიკვის შემდეგ, თქვენ აღმოჩნდებით გვერდზე, სადაც ვიდეოს, ფოტოს ან სტატიის სანახავად თქვენი იუზერნეიმისა და პაროლის შეყვანას მოგთხოვენ. ცხადია, ეს ტყუილია, იმიტომ, რომ ფეისბუქზე არსებული ყველა ვიდეო პირდაპირ შეგიძლიათ ნახოთ, განმეორებით ავტორიზაციის გარეშე. იგივე პრინციპი მოქმედებს თქვენი საბანკო ბარათის მონაცემების მოპარვისასაც. რეკლამის ან დაშეარებული ბმულის საშუალებით, უცებ აღმოჩნდებით ცნობილი მაღაზიის მსგავს (ან, სულაც ახალ და გაურკვეველი წარმომავლობის) ონლაინ მაღაზიაში. აქ საოცარი ფასები დაგხვდებათ, მაგალითად iPhone 7 სულ რაღაც 300 დოლარად, საჭიროა მხოლოდ თქვენი საბანკო ბარათის მონაცემების შევსება. ცხადია, iPhone 7-ს ვერ იყიდით, სამაგიეროდ, თქვენი ბარათის ყველა მონაცემი შესაძლოა მოხვდეს არასასურველი პირების ხელში ფულის ხარჯვის მიზნით. ამიტომ, ყოველთვის დაუკვირდით, რა საიტზე ხართ და რას ითხოვს თქვენგან კონკრეტული გვერდი, თუ ეჭვი გეპარებათ, გადაამოწმეთ მეგობრებთან და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება",-განმარტავენ აქართველოს ბანკში.


როგორია ფაქტზე რეაგირება?


ბანკის ცნობით, ყალბი გვერდის აღმოჩენიდან დროის უმოკლეს პერიოდში მოხდა იმ მომხმარებლების იდენტიფიცირება ვინც შეიყვანა პირადი მონაცემები ყალბ საიტზე,  მათთვის შეიცვალა პაროლის ვადის გასვლის თარიღი, რათა განმეორებით არ მომხდარიყო არალეგალური  წვდომის განხორციელება.  


"მოხდა  ყალბი გვერდების დარეპორტება, როგორც სოციალურ  მედიაში, ისე გლობალურად, რის შემდეგაც  ფიშინგ გვერდები ხელმისაწვდომი აღარ არის ან დაბლოკილია ბრაუზერების მიერ. ოპერატიულად განხორციელდა კომუნიკაცია მომხმარებლებთან და მოხდა მათი ინფორმირება. ასევე პრევენციის მიზნით გამოქვეყნდა გამაფრთხილებელი პოსტები სოციალურ მედიაში, დაიგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინებები.  მსგავსი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით მომხმარებელს ვურჩევთ დააზღვიოს პლასტიკური ბარათი და ისარგებლოს 3D დაცვის მექანიზმით. ასე მომხმარებელი თავს დაიცავს ბარათი მესამე პირის მიერ არალეგალური გამოყენებისაგან (ბანკომატის, პოსტერმინალისა და ინტერნეტის მეშვეობით) როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ",-ნათქვამია "საქართველოს ბანკის" მიერ სააგენტო "პირველისთვის" მიწოდებულ ინფორმაციაში.


ფაქტთან დაკავშირებით  უკვე დაწყებულია გამოძიება.


კერძოდ, უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 284-ე მუხლის მეორე ნაწილის დ ქვპუნქტით( კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), აგრეთვე, ტარდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი პირების გამოსავლენად.