"კარიერასაც უნდა მივხედო - სახლში ვერ ჩავჯდები და დასახლისი ვერ გავხდები"

  • სარკე
  • 18 აპრილი 12:14

მომღერალი სოფო ბედია მეორე შვილის, პატარა ანდრიას მოვლით არის დაკავებული. მისი და მიშა მესხის პირველი საერთო შვილი 2018 წლის 27 დეკემბერს დაიბადა. ახალნამშობიარევი სოფო კი უკვე 31-ში საახალწლო კონცერტზე მღეროდა.

ცოტა ხნის წინ სოფომ ბავშვის პირველი ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. შვილის პირველი საჟურნალე ფოტოსესია კი “სარკისთვის” გადაიღო.


– სოფო, თქვენ და მიშა დიდხანს ელოდით შვილს. ახლა, როცა უკვე ნანატრი ბავშვი გყავთ, როგორია თქვენი ცხოვრება, შეგრძნებები?


– ანდრიამ მე და ჩემს მეუღლეს თანაცხოვრება გაგვიფერადა და გაგვილამაზა. ქორწინებიდან უკვე 4 წელი გავიდა და აქედან 3 წელი ვზრუნავდით, რომ ანდრია მოვლენილიყო. რა თქმა უნდა, ყველაფერი ღვთის ნებაა. ეს იყო ჩვენი დიდი ნატვრა. მართლაც ძალიან ბედნიერები ვართ.


ჩემს პირველსა და მეორე შვილს შორის 10 წელია განსხვავება. როდესაც ნიკუშა გავაჩინე, 23 წლის ვიყავი, ახლა 33 წლის ვარ. წლებთან ერთად რაღაც გადაფასებები ხდება, ალბათ უფრო მეტად დავღვინდი, უფრო მეტი საშუალება მაქვს, რომ ბავშვს დიდი დრო დავუთმო და მეტი ხელშეწყობაც მაქვს. დედობა ნამდვილად განსხვავებულია ახლა. მართალი ყოფილა, რომ ამბობდნენ, 30 წლის შემდეგ სულ სხვანაირად ხვდებიან შვილის გაჩენასო.


ყველა დეტალს ვაქცევ ყურადღებას, სულ მინდა, მასთან ვიყო. ნიკუშა რომ ჩვილი იყო, “ჯეოსტარში” ვმონაწილეობდი, გადარბენებში ვიყავი. ახლაც აქტიური პერიოდი მაქვს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც ვცდილობ, ანდრიას მაქსიმალური დრო დავუთმო.


– ახალი წლის ღამეს, მშობიარობიდან 4 დღეში, სცენაზე გამოხვედით და იმღერეთ. ალბათ ამას ბევრი ვერ მოახერხებდა და არც მოისურვებდა.


– კი, ძალიან გაოგნებულები მიყურებდნენ კოლეგები. 7 იანვარს უნდა დაბადებულიყო, მაგრამ ადრე გაჩნდა. ვამბობდი, ერთი დღით ადრე, 30 დეკემბერსაც რომ ვიმშობიარო, მაინც ვიმღერებ-მეთქი. საქართველოში ისედაც არ ვართ განებივრებულები გრანდიოზული კონცერტებით და ვერ გამოვტოვებდი. ეს ჩემი საქმეა, ჩემი პროფესიაა, რომელიც მიყვარს და ამიტომაც მოვიქეცი ასე. დოი (რეჟისორი დათო დოიაშვილი, ავტ.) ხუმრობდა, ბედიას სამშობიარო ბლოკში საკონცერტო კაბით ეძინა, რომ თავის დროზე გამოსულიყოო.


მოკლედ, ეს არის ჩემი პროფესია და ვინც ძალიან შეგნებული ადამიანია, იმას ჩემი საქციელი არც გაუკვირდებოდა. გამოვედი ძალიან მშვიდად და არც არაფერი გამჭირვებია.


– ახალბედა მამისა და შვილის ურთიერთობაზე რას გვეტყვით?


– ეგ ცალკე რიტუალი, ცალკე თემაა. მიშასთვის პირველი შვილია და არ იცოდა, რა ელოდა. მე არ ვიცი მსგავსი მამობა, მსგავსი სიყვარული – ის აჭმევს, უცვლის, მასვენებს. იდეალური მამა აღმოჩნდა.


– ანუ ძალიან გეხმარებათ.


– მეხმარება არ ჰქვია, ჩათვალეთ, რომ საქმე თანაბრად გვაქვს განაწილებული. მოგეხსენებათ, მამებს კი უყვართ შვილები, მაგრამ, ვთქვათ, ძილს ვერ მოიკლებენ, პამპერსს ვერ უცვლიან, ამბობენ, ღამე რა გამაღვიძებსო. მიშა კი ძალიან დიდ სიამოვნებას იღებს ამ ყველაფრისგან. სასიამოვნოდ ვიღლებიო, ამბობს. ხასიათზე არის, არ არის, მთავარი მის ცხოვრებაში არის ანდრია. მართლა გაოგნებული ვარ იმით, რასაც ჩემი თვალებით ვუყურებ.


– როგორ ფიქრობთ, როდესაც ბავშვი ჩნდება, შეყვარებულ წყვილს შორის რა იცვლება?


– ამბობს, რომ უფრო ვუყვარვარ და ალბათ დაეჯერება. ჩვენს სიყვარულზე ლეგენდები დადის. მართლა საოცარი ბავშვი გამოვიდა, კარგი მიქსია, სიყვარულის კარგი შედეგი.


– ამასთან დაკავშირებით ქმარმა რაიმე განსაკუთრებული საჩუქარი, სიურპრიზი თუ გაგიკეთათ?


– ანდრიაზე მაგარი საჩუქარი დედამიწაზე არსებობს? არ არსებობს! მისი დაბადებაც ბევრ საოცრებასთან არის დაკავშირებული. უკვე ვთქვი, რომ ვნატრობდით, საერთო შვილი გვყოლოდა. ამ ნატვრის ახდენაში ღვთის ხელი ურევია. ძალიან დიდი ძალა აქვს მამა გაბრიელის საფლავს და მის მოლოცვას. ეს პირადად გამოვცადე. ყველა წყვილს ვურჩევ, რწმენით იყვნენ და უფალი აუცილებლად მოუვლენთ შვილს.


– ვის ჰგავს პატარა?


– “კოპიო” მამაა, ზედგამოჭრილი მიშა მესხი ორია. რაღაცებით მეც მგავს, მაგრამ უფრო “ნავაროჩენი” მიშაა და ამის გამო უფრო გიჟდება მამამისი.


– უფროს შვილს, ნიკუშას, ხომ არ ჰქონია ეჭვიანობის მომენტი?


– გადარეული ძმა არის. ჯერ კიდევ მუცლად ყოფნისას ეფერებოდა. ძალიან უნდოდა, ძმა ჰყოლოდა და როცა ეს ამბავი გაიგო, სიხარულით მეცხრე ცაზე იყო. ნიკუშა ძალიან მზრუნველია და ანდრიაც განსაკუთრებულად გამოხატავს ემოციებს, როცა მას ხედავს. სიმართლე გითხრათ, მე გოგო მინდოდა. სამაგიეროდ, მიშას და ნიკუშას აუხდათ ოცნება.


– დაფიქრდებით მესამე შვილზეც?


– რა თქმა უნდა, მაგრამ ჯერ ცოტა ხანი – არა. ისე კი ყველაფერი ღვთის ნებაა. ჯერ მჭირდება დასვენება, მერე კარიერასაც უნდა მივხედო. სახლში ვერ ჩავჯდები და დასახლისი ვერ გავხდები. არც ის მინდა, სცენას ჩემი ოჯახი შევწირო და არც ის, რომ სცენის გამო ოჯახს დავაკლდე. მინდა, ოქროს შუალედი ვიპოვო.


– მოასწარით თვენახევარში ფორმაში ჩადგომა?


– კი. დიეტა, მასაჟები და უკვე 15 კილო დავიკელი. კიდევ 15 კილო მაქვს დასაკლები. იმის გამო, რომ ბავშვი ბუნებრივ კვებაზე მყავს, მკაცრ დიეტებს ვერ მივმართავ, უბრალოდ რაციონიდან ცომეული და ტკბილეული ამოვიღე.

წყარო: სარკე