თანაინვესტირების ფონდი: კურიერის სიუჟეტში „პანორამა თბილისისა“ და მშენებლობაზე დაშავებული მუშების შესახებ არაერთი მცდარი ინფორმაცია გავრცელდა

  • 18 აპრილი 12:04

თანაინვესტირების ფონდი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც სრულად გთავაზობთ:

გვსურს გამოვეხმაუროთ 2019 წლის 17 აპრილს, „რუსთავი 2“-ის ეთერში, კერძოდ გადაცემა „კურიერი“ გასულ სიუჟეტს „პანორამა თბილისისა“ და სამი დაშავებული მუშის თაობაზე, რომელშიც არაერთი მცდარი ინფორმაცია გაჟღერდა.
• „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შრომის ინსპექციის წარმომადგენლებმა ობიექტზე შესვლა მხოლოდ სამოქალაქო აქტივისტების დახმარებით შეძლეს, რაც ტყუილია. შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები ადგილზე შეუფერხებლად შევიდნენ, ასევე, შეუფერხებლად მიმდინარეობდა საპატრულო პოლიციის, სასწრაფოს დახმარების, ეკონომიკის სამინისტროს და საექსპერტო სამსახურის წარმომადგენლების ადგილზე შესვლა.
• სიუჟეტში ნახსენებია, რომ სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს კომპანია „ჯითიდიეფ სოლუშენს“, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს. უკანა ფასადის ლესვით სამუშაოებს, სადაც ინციდენტი მოხდა, ახორციელებდა „შპს ენერჯი პლიუსი“, შპს „თბილისი სითის“ დაკვეთით. „შპს ენერჯი პლიუსი“ კონტრაქტით ვალდებული იყო, დაეცვა სამშენებლო ნორმები და აღნიშნულის უზრუნველსაყოფად შესაბამისი პერსონალი ჰყავდა გამოყოფილი. აღნიშნული კომპანია არის დამოუკიდებელი კონტრაქტორი და მას არანაირი კავშირი არ აქვს შპს „ჯითიდიეფ სოლუშენსთან“ ან საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდთან.
მოგახსენებთ, რომ 16 აპრილს თავისუფლების მოედანთან, კერძოდ კი, ყოფილი ცეკავშირის შენობის ადგილზე განთავსებული სასტუმროს მშენებლობაზე დაშავდა სამი მუშა, უკანა ფასადის ლესვითი სამუშაოების შესრულებისას. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამივე მუშის ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზი იყო ბაგირისა და კალათის გამოდება წინაღობაზე, რამაც ბაგირის დაჭიმვა და სამაგრის მოწყვეტა გამოიწვია. აღნიშნულ სამუშაოებს აწარმოებდა კომპანია შპს „ენერჯი პლიუსი“, რომელსაც ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით სრული პასუხისმგებლობა აკისრია შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე.
ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც ორი დაშავებული - გიორგი ლიპარტელიანი და ნოდარ ჩახალიანი „ამტელ ჰოსპიტალში“ გადაიყვანა, ხოლო დავით ოჩხიკიძე გადაყვანილ იქნა „ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში“.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, დაშავებულების ჯანრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რაც ასევე მცდარი ინფორმაციაა. „ამტელ ჰოსპიტალის“ ნეიროქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბატონ ბესიკ წივწივაძის განცხადებით, დაშავებულებს აღენიშნებათ მსუბუქი ხარისხის თავის ტვინის შერყევა და სხეულის დაბეჟილობა, შინაგანი ორგანოების დაზიანება არ იკვეთება.