ტარიელ ონიანის გეგმები - როგორ ემზადებიან „კანონიერი ქურდები“ „ტაროს“ ციხიდან გამოსვლისთვის

  • ვერსია
  • 17 აპრილი 14:41

9 აპრილს, რუსული ციხიდან ტარიელ ონიანი გათავისუფლდა.

მის გათავისუფლებას კრიმინალური სამყარო მოუთმენლად ელოდა, მაგრამ ნურას უკაცრავად ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი „კანონიერი ქურდი" კოლონიის კარებთანვე დააკავეს და ციხეში შეაბრუნეს. ამის მიზეზი ის გახდა, რომ გათავისუფლებამდე ორი თვით ადრე, მას რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს და შესაბამისად, ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება არ აქვს. ონიანი ამჯამად საექსტრადაციო ციხეში იმყოფება და 19 მაისს მისი დეპორტაცია მოხდება.


ისე, ცოტა უცნაური კი არის ონიანი გაათავისუფლეს 9 აპრილს, როცა საქართველოში გლოვისა და ზეიმის დღე იყო და მისთვის რეალურად არავის ეცალა, ათავისუფლებენ 19 მაისს ანუ მაშინ, როცა საქართველოში შუალედური არჩევნებია და შესაბამისად, მისთვის ისევ ვერავინ მოიცლის ანუ „ტარო" მთავარი თემა ნამდვილად არ იქნება.


ახლა, ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომელ ქვეყანაში მოხდება მისი ექსტრადაცია. დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ეს ქვეყანა საქართველო არ იქნება იმის მიუხედავად, რომ ონიანი ქართულ საარჩევნო სიაშიც კი იძებნება, მას 2006 წელს ოფიციალურად აქვს უარი ნათქვამი მოქალაქეობაზე და ჩვენი ინფორმაციით, ამის დამადასტურებელი დოკუმენტი იუსტიციის სამინისტროს არქივში იძებნება.


ონიანს ოფიციალურად ეძებს ესპანეთი და უკრაინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არც ამ ქვეყნებში ისურვებს გამგზავრებას.


რა შუაშია მისი სურვილი?! - რუსული კანონმდებლობის თანახმად, პირს, რომელიც არ არის არცერთი ქვეყნის მოქალაქე, უფლება აქვს, თავად აირჩიოს ქვეყანა, სადაც გამგზავრებას ისურვებს.


თავიდან ასეთ ქვეყნად თურქეთი სახელდებოდა, ჩვენი მეზობელი რესპუბლიკა, რადგან ბოლო დროს ქართველი კრიმინალური ავტორიტეტების თავშესაფრად სწორედ ის იქცა, მაგრამ ახლა გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ონიანი საექსტრადაციოდ უზბეკეთს აირჩევს. ამის მიზეზს მისი გარემოცვის წევრი ჩვენთან საუბარში განმარტავს.


„სამი წლის წინ, თავისუფლებაზე მყოფმა ზახარ კალაშოვმა "კანონიერ ქურდებს" „ოჯახში" ახალი წევრების მიღება აუკრძალა ანუ ქურდების „მონათვლას" აკრძალვა დაადო, აქაოდა, ჯერ იმაში გავერკვეთ, ვინ ვინ არის რეალურადო.


ეს აკრძალვა რამდენიმე თვის წინ ვაჟა ბიგანიშვილმა დაარღვია და კრიმინალური ავტორიტეტი „მონათლა". მას არავინ არაფერი უთხრა, რადგან კალაშოვი დაჭერილია, ბიგანიშვილი კი საკმაოზე მეტად გავლენიანი ქურდია.


ახლა თურქეთში გაიმართა „სხადნიაკი", სადაც ქურდად უზბეკი კრიმინალი, მეტსახელად აკტანი „აკურთხეს." „სხადნიაკს" ათამდე ქურდი ესწრებოდა, თუმცა მათ შორის მთავარი თემურ ნემსიწვერიძე და დავით ჩხიკვიშვილი იყვნენ. აკტანის ქურდად „მონათვლა" ონიანს აწყობდა, რადგან სწორედ უზბეკეთში სურს წასვლა, რათა ციხის შემდეგ აზრზე მოსვლა მოახერხოს.


რაც მთავარია, მაისის ბოლომდე ტარო აუცილებლად გამართავს „სხადნიაკს", სადაც ძალიან ბევრს პასუხს მოსთხოვს 2009 წელს ჩადენილი თავხედობის გამო" - გვეუბნება ონიანის გარემოცვის წევრი.


ჯერ ის ვთქვათ, ვინ არის აკტანი? - უზბეკი კრიმინალი 48 წლის გახლავთ, რაც ქურდად მონათვლისთვის ძალიან დიდად ითვლება. როგორც ამბობენ, მას მხარს კრივის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი გაფურ რახიმოვი უჭერს. რახიმოვმა აკტანის ქურდად „კურთხევა" კალაშოვს სთხოვა, რაზეც უარი მიიღო, აქაოდა, ძალიან ასაკოვანია, არ შეიძლებაო. შემდეგ რახიმოვი ონიანის გარემოცვას მიადგა და თანხმობაც მიიღო. ჰოდა, ძალიან დიდი ალბათობით, ტარო გათავისუფლების შემდეგ, უზბეკეთში სწორედ მათი სტუმარი იქნება.


რაც შეეხება წერილს, რომელიც 2009 წელს გავრცელდა. მაშინ "ზონაზე" გაგზავნილ წერილში დაიწერა, რომ ონიანს ქურდულ სტატუსს ართმევდნენ და ის ქურდი აღარ იყო და ეს, იმის მიუხედავად, რომ „შავ დელფინში", სადაც ონიანმა 10 წელი მოიხადა, ის ქურდის სტატუსით იყო და ადმინისტრაციას მედგარ წინააღმდეგობასაც უწევდა, რაც მისთვის გამოცხადებულ 253(!!!) საყვედურსა და ამდენივე ადმინისტრაციულ სასჯელში აისახა.


ადმინისტრაციულ სასჯელში კი "კარცერი" იგულისხმება, თანაც მინიმუმ, 3-დღიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ონიანს სასჯელის, დაახლოებით, მესამედი სწორედ "კარცერში", ე.წ. "ადინოჩკაში" აქვს გატარებული.


ჰოდა, ახლა იმ წერილზე ხელისმომწერებს ონიანი შეკრებას და ამ საქციელის ახსნას სთხოვს.


სხვათა შორის, ანალოგიური რამ თავის დროზე ასლან უსოიანის შემთხვევაშიც მოხდა. მაშინ „დედ ჰასანმა" 42 ქურდი (ამდენმა მოაწერა ხელი წერილს, სადაც უსოიანი არაქურდად იყო გამოცხადებული) შეკრიბა, ბოდიში მოახდევინა და მობოდიშების შემდეგ, თავის კლანში გააერთიანა.


„ონიანს ყველაზე დიდად მერაბ ჯანგველაძის ეიმედება. „მერაბ სუხუმსკი" იტალიაში ცხოვრობს, ქვეყნიდან, პრაქტიკულად, არ გადის, რაც იმას ნიშნავს, რომ ონიანთან მისი შეხვედრა გაჭირდება. სადაც უნდა წავიდეს ტარო, თუ იტალიაში არ ჩავა, საეჭვოა, ჯანგველაძემ აპენინების დატოვება მოითხოვოს. მას ადგილობრივ ხელისუფლებასთან და იტალიელ მაფიოზებთან სიტუაცია დალაგებული აქვს, ოღონდ იმ პირობით, რომ სხვაგან არ წავა და რამეს არ მოიმოქმედებს ანუ კრიმინალურ ამბებში არ ჩაერევა. თავადაც იცის მერაბმა, რომ მის სახლს კარაბინერები უთვალთვალებენ და ამიტომ, ონიანს იტალიაში ეპატიჟება, თუმცა იტალია და ესპანეთი კრიმინალის მიმართულებით მჭიდროდ თანამშრომლობენ და, ასპროცენტიანი სიზუსტით შეიძლება ითქვას, იტალიაში ჩასულ ონიანს დააკავებენ და ესპანელებს გადასცემენ. ეს კი რამდენიმე წლის ციხეში გატარებას ნიშნავს, რაც ტარიელის გეგმებში აშკარად არ შედის" - გვეუბნება მისი გარემოცვის წევრი.


საინტერესოა, რომ მთელი იმ 10 წლის განმავლობაში, რომელიც ონიანმა რუსეთის ციხეში გაატარა, ესპანელები მის წინააღმდეგ გამოძიებას აწარმოებდნენ. როგორც პირენეელი სამართალდამცავები ამტკიცებენ, მათ საერთო ჯამში, 800 საბანკო ანგარიშს მიაგნეს, სადაც კრიმინალით ნაშოვნი ფული ირიცხებოდა და რომელიც ონიანის გარემოცვის წევრებს ეკუთვნოდა.


საუბარია თითო ანგარიშზე განთავსებულ რამდენიმე მილიონზე ანუ თუ ესპანელებს ვენდობით, მათ ონიანს პრაქტიკულად, მილიარდზე მეტი არალეგალური თანხა უპოვეს და თუ ხელში ამ ანგარიშების მფლობელიც ჩაუვარდებათ, ციხეში პრაქტიკულად, სიცოცხლის ბოლომდე გამოკეტავენ.


მიმდინარე პროცესებს დუბაიდან აკვირდება კრიმინალური სამყაროს უგვირგვინო მეფედ აღიარებული ნადირ სალიფოვი, იგივე „გულუ". სალიფოვის გადაცემას ჯიუტად ითხოვს რუსეთი, თუმცა ჯერჯერობით „გულუ" ახერხებს და ვლადიმირ პუტინს გაურბის.


როგორც დაიწერა, სწორედ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა სთხოვა თურქ კოლეგას თავის დროზე სალიფოვის გადაცემა, მაგრამ საბოლოო ჯამში, რუსეთის ნაცვლად, აზერბაიჯანელი ქურდი დუბაიში აღმოჩნდა.


„გულუმ" საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა და განაცხადა, რომ დუბაიდან გასვლას არ აპირებს და თუ ქურდებს სურთ, რომ „სხადნიაკში" მანაც მიიღოს მონაწილეობა, მაშინ დუბაიში ჩასვლა მოუწევთ. ამით მან მიანიშნა, რომ საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნავს და რაც მთავარია, არ აპირებს სადმე ვიღაცის დაძახებულზე იაროს, პირიქით, თავად უხმობს „ქურდული ოჯახის" წევრებს და აფიქსირებს, რომ მეორე პოზიციაზე ყოფნას არ აპირებს.


ასეა თუ ისე, 19 მაისამდე ბევრი არაფერი გაირკვევა. აი, მაშინ, როცა საქართველოში შუალედურ არჩევნებში პირველი უბნის კარი გაიღება, რუსეთში ონიანს ციხის კარს გაუღებენ და თვითმფრინავში ჩასვამენ. სად გაფრინდება ნომერ პირველი ქურდობის პრეტენზიის მქონე ტარიელ ონიანი, სავარაუდოდ, მაშინ გაირკვევა, როცა საქართველოში შუალედური არჩევნების კულმინაცია იქნება.

წყარო: ვერსია