როგორ ყიდის ლექსო კობაიძე მღვდლის სტატუსს 50 ლარად და როგორ გახდა ის კანონიერი ქურდების ადვოკატი

  • თბილისელები
  • 16 აპრილი 16:54

ცოტა ხნის წინ იურისტმა ლექსო კობაიძემ ერთი შეხედვით უცნაური ორგანიზაცია დააფუძნა – სამღვდელო პირის წოდების მიღება სულ რაღაც 50 ლარად.

ყველა სრულწლოვანს, თუ სურვილი აქვს, შეუძლია, სასულიერო პირი გახდეს. მიზანი დიდია და ნათელი – პენიტენციალურ სისტემაში ბარიერების გარეშე მოხვედრა.


ადვოკატი ლექსო კობაიძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის ინტერესების დამცველის რანგშიც მოხვდა, თუმცა მის, როგორც ადვოკატის, პროფესიულ ბიოგრაფიაში ბევრი საინტერესო საქმეა, მათ შორის, ეგრეთ წოდებული, კანონიერი ქურდების, რაზეც ჩვენს ინტერვიუში თავად გიამბობთ.


ლექსო კობაიძე: ორგანიზაცია „ბიბლიური მზრუნველობა“, რომელიც ჩვენ დავაფუძნეთ საშუალებას მისცემს მსურველებს, მიენიჭოთ სასულიერო პირის სტატუსი, რის შემდეგაც ადამიანი შესძლებს, შევიდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრის მოსანახულებლად. ჩვენ ვაძლევთ საშუალებას ყველას, ვინც მოისურვებს, პატიმარი ნახოს არა შეზღუდულად, მინის მიღმა, მცირე დროით, არამედ შეხვდნენ პირისპირ, მთელი დღე გაატარონ მასთან, დილის ათი საათიდან საღამოს 6 საათამდე, რაც უფრო კომფორტულია. ამ ინიციატივას იმდენად დიდი გამოხმაურება, რეზონანსი და მოთხოვნა მოჰყვა, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ, დაგვეფუძნებინა კიდევ ერთი რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც უფრო სხვა მენეჯმენტით იმუშავებდა და იმ ხარვეზებს აღმოფხვრიდა, რაც წინა რეგისტრაციის დროს გამოგვეპარა, მაგრამ სახელმწიფომ განახორციელა დისკრიმინაცია და ამისი საშუალება აღარ მოგვცა. ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას და სამართლებრივად დავამტკიცებთ, რომ ახალი ორგანიზაციის დაფუძნება კანონის ფარგლებში ჯდება. სანამ ამ პროცესს ხელოვნურად გააჩერებდნენ, ერთი თვის განმავლობაში სასულიერო პირის სტატუსი, დაახლოებით, 20 ადამიანს მივანიჭეთ. ჩვენ არ ვეხებით ადამიანების აღმსარებლობას, ჩვენი მთავარი მიზანია, ადამიანებმა მარტივად გადალახონ ბიუროკრატიული ბარიერები, მოინახულონ პატიმრები, რაც მათ საშუალებას მისცემთ, მეტი კავშირი ჰქონდეთ საზოგადოებასთან, გარე სამყაროსთან. მოქმედი კანონმდებლობით, საკმაოდ შეზღუდულია წრე, ვისაც ციხეში პატიმრის ნახვა შეუძლია, ჩვენ შევძლებთ ამ ხარვეზის გამოსწორებას.


– სასულიერო პირის სტატუსი ყველას შეუძლია მიიღოს, თუნდაც აგნოსტიკოსს? თუ არსებობს გარკვეული კრიტერიუმები, რასაც მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს?


– ჩვენ არ ვეხებით მრწამსს, თეოლოგიას, ფილოსოფიას, არც ვეკითხებით და არც გვაინტერესებს, ვინ რომელი რელიგიის მიმდევარია. ყველას ვაძლევთ საბუთს, მამაკაცს, ქალს, ვინც ამას მონდომებს. ამ საბუთის მეშვეობით, და რა თქმა უნდა, უსაფრთხოების წესების გავლით, რასაც სასჯელაღასრულების დეპარტამენტი უზრუნველყოფს, მღვდელმსახურის სტატუსის მქონე ადამიანი მოხვდება პატიმრის მოსანახულებლად ციხეში. ეს სერვისი არის ფასიანი, ერთი შესვლის ღირებულება 50 ლარია. ეს თანხა, ჩვეულებრივ, იბეგრება და გადასახადი სახელმწიფო ბიუჯეტში შედის.


– მღვდელმსახურის წოდების მინიჭება სულ რაღაც 50 ლარად? სარფიანი ბიზნესი მოგიფიქრებიათ.


– დიახ, ვნახოთ, როგორ იქნება, თუმცაღა, ისე ნუ გაიგებთ, რომ ფულს გადაიხდი და წოდებას მოგანიჭებენ, პატიმრის ნახვის ვალდებულებაც გეკისრებათ. რომ მოხვიდეთ და გვთხოვოთ, წოდების მინიჭება, ისე, უბრალოდ, არავინ არაფერს მოგანიჭებთ. 50 ლარად მსურველი მხოლოდ ერთხელ შესძლებს პატიმრის მონახულებას და თუ კიდევ გადაწყვეტს ციხეში შესვლას, თავიდან უნდა აიღოს. თუ ადამიანს შევატყვეთ, რომ არაადეკვატურია, მას არც წოდებას მივანიჭებთ და ვერც ციხეში შევუშვებთ. ასაკობრივი ზღვარიც განსაზღვრულია – არასრულწლოვნებს პატიმრის ნახვის უფლებას ვერ მივცემთ.


– როგორია საპატრიარქოს პოზიცია ამ ნოვაციასთან დაკავშირებით?


– მე არ ვიცი, ოფიციალურად ინფორმაცია არ გაჟღერებულა, რაც შეეხება მღვდლებს, ზოგი დადებითად უყურებს ამ ამბავს, ზოგი – უარყოფითად. მე მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ, მყავს ახლობლები სასულიერო წრეებში და ზოგმა ისეთი კრიტიკული მესიჯი მომწერა, წყევლამდე ბევრი რომ არაფერი აკლდა, თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ კარგ საქმეს ვაკეთებთ.


 


– ახლა ისიც მითხარით, როგორ გახდით კანონიერი ქურდების ადვოკატი, როგორ მოიპოვეთ თუნდაც ლავაზ ოღლის ნდობა?


– მე ადვოკატი ვარ და ყველას ვიცავ, ვინც დახმარების მიზნით მომმართავს. ლავაზ ოღლიც ასე დამიკავშირდა, დღეს ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს, როგორც ადვოკატს, ის ხშირად მირეკავს. მე ვიცავდი შუშანაშვილის შვილსაც, რომელიც პატიმარია. სხვათა შორის, ჟურნალისტების დაცვაც არაერთხელ მომიწია და არც ჟურნალისტები არიან მარტივად დასაცავი (იცინის). ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, როდესაც ჟურნალისტობა დავიწყე, სტუდენტურ თემებს ვაშუქებდი ტელევიზიით, პრესკლუბიც გვქონდა, ჟურნალისტიკამ ჩამითრია, მაგრამ მერე სამოქალაქო ატივობა დავიწყე და ჟურნალისტიკას შეველიე, თუმცა, არა სამუდამოდ (იცინის).

წყარო: თბილისელები