რა გავლენას ახდენს საძინებელში არასწორად დადგმული საწოლი მამაკაცის სექსუალურ შესაძლებლობებზე

  • თბილისელები
  • 15 აპრილი 13:48

სახლი ის ადგილია, სადაც ადამიანი იდილიასა და განტვირთვას ახერხებს და ცდილობს, მთელი დღის განმავლობაში მიღებული სტრესისა და განცდებისგან დაისვენოს.

თუმცა, ხშირად ასე არ არის და სწორედ საცხოვრებელი გარემო ხდება იქ მობინადრისთვის სახიფათო და საშიში დაავადებების გამომწვევი. როგორც ფენ-შუის სპეციალისტი, ქალბატონი ეკა კვარაცხელია ამბობს, არასწორად შერჩეულ საცხოვრებელ სახლში, ადამიანი კარგავს ფინანსურ სტაბილურობას და ენერგეტიკულ დონეზე ისე იზიანებს ჯანმრთელობას, რომ შესაძლოა, ეს მისი უეცარი სიკვდილის გამომწვევი მიზეზიც კი გახდეს.


ეკა კვარაცხელია: სახლი და გარემო, სადაც ადამიანი ცხოვრობს, მისთვის წარმატების მომტანი და იღბლიანი უნდა იყოს. ნეგატიურ ზონაში ყოფნამ, შესაძლოა, ადამიანს ცხოვრებაში წარმოუდგენელი ხასიათის უსიამოვნო მოვლენები მოუტანოს, მაგალითად, უეცარი, არსაიდან მოსული დაავადება, რომელიც მის გენეტიკაში არ არსებობს. ადამიანის უეცარი დასნებოვნება კი იმის მიზეზია, რომ წევს ნეგატიურ ზონაში, რომელსაც „სიკვდილის“ ზონა ჰქვია, რაც ყველა სახლშია. ასევე, სახლებში არის წარუმატებლობის ზონები და იქ ყოფნა ადამიანის ხელმოცარვას განაპირობებს, როგორც კარიერაში, ასევე, პირადში და ფინანსურადაც. სახლში ისეთი ადგილიც გვაქვს, რომელსაც „ცოლქმრული“ ზონა ჰქვია. თუ ცოლ-ქმარი ამ ზონაში წევს და იქ დარღვეულია ფენ-შუის პრინციპები, ამ პრობლემამ შესაძლოა, ისეთი ნეგატივი მოგიტანოთ, რომ საბოლოო ჯამში, ურთიერთობა დაშორებითაც დამთავრდეს. ერთ-ერთი ასეთი ფაქტორია ბუხარი ან გაზქურა. თუ სახლში ისინი განთავსებულია საცხოვრებელი ბინის სამხრეთ-დასავლეთ ზონაში, რომელიც პასუხისმგებელია ცოლქმრულ ურთიერთობებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ცეცხლის სტიქია ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს წყვილის ენერგეტიკულ ჰარმონიაზე და მათ შორის დაძაბულობასა და კონფლიქტებს ქმნის. თუ გაზქურა და ონკანი გვერდი-გვერდ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ წყლის და ცეცხლის სტიქია შეჯახებაში მოდიან ერთმანეთთან და სახლში ენერგოველი დაზიანებულია, რაც ზეგავლენას ახდენს ჩვენი სახლის მთლიან ენერგეტიკაზე. სახლი, სადაც ადამიანი ცხოვრობს, განსაზღვრავს მის როგორც წარმატებას, ასევე წარუმატებლობას. ამიტომ, უნდა იცოდეთ რას მოაქვს ნეგატიური მოვლენები და წარუმატებლობები ჩვენს ცხოვრებაში და რა საფრთხის შემცველია ჩვენს სახლში არსებულ ნეგატიურ ზონებში ყოფნა. ყველა ადამიანს ინდივიდუალურად აქვს სახლში ის ზონა, რომელიც მასზე პოზიტიურ თუ ნეგატიურ გავლენას ახდენს. ამის გარკვევა კი სპეციალისტის მიერ, ადამიანის პირადი მონაცემების მიხედვით ხდება.


– სახლში მდებარე ენერგეტიკულ ზონებში არასწორად მოთავსებული ავეჯი თუ ახდენს ჩვენს წარმატება-წარუმატებლობაზე გავლენას?


– თუ საძინებელში თქვენი საწოლი დგას ჭერის ტიხრის, ეგრეთ წოდებული „ბალკის“ ქვეშ, ეს პრობლემაა. პრობლემაა, თუ ლოგინში დაწოლილი ადამიანი უყურებს საძინებელში შესასვლელ კარს. ამან შეიძლება, გამოიწვიოს პრობლემები მეუღლესთან ურთიერთობაში, კერძოდ, ეს ნეგატიურად მოქმედებს მამაკაცის ჯანმრთელობაზე, ასევე, ცუდია სექსუალური, კარიერული, ფინანსური და ჯანმრთელობის მხრივ. საწოლი არ უნდა იდგეს ორ კარს შორის და ცოლ-ქმარი იქიდან არ უნდა უყურებდეს სარკეს. სარკე მაგიური ნივთია, იმახსოვრებს ადამიანის ენერეგეტიკას და დასვენების, სრულფასოვანი ძილისა და ძალების აღდგენის ნაცვლად, სარკიან ოთახში ძილისას სასიცოცხლო ენერგიის აღდგენასაც ვერ მოახერხებთ. გიწევთ ნეგატიურ ენერგოველში ყოფნა და ძილი და თუ ასეა, გირჩევთ საძინებელში შეცვალოთ ინტერიერი. ასე ბინძურდება ენერგოველი სახლში და მოაქვს ნეგატიური მოვლენები იქ მცხოვრებთათვის. ასევე, არ შეიძლება, სახლში ცენტრალური კარიდან შესული სარკეს ან სველ წერტილს უყურებდეთ. კოსმიური ენერგია, რომელიც თქვენს ბინაში ცენტრალური კარიდან შემოდის, ირეცხება სველი წერტილის იქ მდებარეობით და ყველა პოზიტივი მიაქვს.


– ამბობენ, კონკრეტულ სართულზე ცხოვრება ადამიანს საფრთხეს უქმნის და ეს უეცარ დაავადებებსა და გარდაცვალებასთან კავშირშიაო. ამაზე რას გვეტყვით?


– არასწორად აშენებულ სახლს, ენერგეტიკულად დიდი ზიანის მოტანა შეუძლია და შესაძლოა, ის სიკვდილის მიზეზიც გახდეს. თბილისი, ჩვენი დედაქალაქი, ურბანული და მშენებლობის კუთხით, საშინელ მდგომარეობაშია. მშენებლები არ ითვალისწინებენ, სად აშენებენ სახლებს. მაგალითად, თუ კორპუსის ფანჯრიდან, უყურებთ სასაფლაოს, საავადმყოფოს, ციხეს ან ეკლესიას, ეს დიდ პრობლემებს შეგიქმნით. ვერც კი წარმოიდგენთ, ისეთი ახალაშენებული კორპუსი, რომლის წინაც სასაფლაო, საავადმყოფო, ციხე ან ეკლესიაა, როგორ გეოპათოგენურ ზონაშია. ადამიანი რომ გაიხედავს ფანჯრიდან ან სახლიდან გამოვა და სასაფლაოს დაინახავს, ეს პირდაპირ კავშირშია მის სიკვდილთან. ანუ, ეს სახლი მდებარეობს გეოპათოგენურ ზონაში, რომელიც სიკვდილს მოიცავს. ფაქტობრივად, ასეთი კორპუსის აივნიდან თუ ფანჯრიდან, ყოველდღე უყურებს სიკვდილის სიმბოლოს, ფორმას, შედეგს, რაც სასაფლაოს სახითაა გამოხატული. როგორ შეიძლება ასეთ ადგილას სახლის აშენება და იქ ბედნიერად ცხოვრება? დამერწმუნეთ, ასეთ სახლებში არანაირი ფინანსური კეთილდღეობა, კარიერული წინსვლა არ ხდება და შთამომავლობის პრობლემებიც ჩნდება. სტატისტიკურად, ასეთ სახლებში ბევრია უშვილო წყვილი. მარტო ბიზნესი ხომ არ არის მნიშვნელოვანი, ამაზეც ხომ უნდა იფიქრონ? ასეთ ადგილას ვერცერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ კორპუსს და დროა, ჩვენც დავფიქრდეთ გეოპათოგენურ არეალებზე, სადაც ნაგებობებს ვაშენებთ.


– გასაგებია, რომ სასაფლაო და საავადმყოფო ენერგეტიკულად ნეგატიური ზონებია, მაგრამ ეკლესია რატომ მოიაზრება ასეთ ზონად?


– ეკლესია არის ადგილი, სადაც ადამიანები, ძირითადად, ტკივილით, პრობლემებით მიდიან და თავის დარდსა და წუხილს გადმოსცემენ, უფალს დახმარებას შესთხოვენ. ამიტომ, მის სიახლოვეს ცხოვრება, ეს უკვე ნეგატიურ ზონაში ყოფნას ნიშნავს.


– რთულია, თბილისში ნახო ახალაშენებული მრავალსართულიანი კორპუსი, რომელიც არ უყურებს ეკლესიას, საავადმყოფოს ან სასაფლაოს.


– დიახ, რთულია და ამიტომ ვამბობ, არ უნდა შევიძინოთ ბინები ასეთ სახლებში. თუ იცით, კონკრეტული ბინა თქვენზე ცუდად იმოქმედებს და ცხოვრებას დაგინგრევთ, იქ ხომ არ შესახლდებით? გიღირთ, ასეთ სახლში ცხოვრება? მე, როგორც ფენ-შუის სპეციალისტს, ასეთ სახლებში მცხოვრები ბევრი ადამიანი მომმართავს დასახმარებლად. ერთი სიტყვით, ვეუბნები, რომ ისეთ ადგილზე ცხოვრობთ, ბინაში რაც უნდა ცვლილება და კორექცია შეიტანოთ, მათ პრობლემებს, ვერანაირი სპეციალისტი და კორექცია ვერ გამოასწორებს-მეთქი. ვურჩევ, რომ სასწრაფოდ გაყიდონ და შეიცვალონ საცხოვრებელი.


– თქვენი თქმით, კონკრეტულ სართულზე ცხოვრება ადამიანისთვის პრობლემას ქმნის. და, კონკრეტულად რომელი სართულია ამ მხრივ ნეგატიური?


– დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენსართულიანია სახლი, სადაც ცხოვრობთ. მაგალითად, 13 და 4-სართულიან სახლში ცხოვრება ძალიან საშიშია. ფენ-შუის ნუმეროლოგიური კუთხით, 13 რიცხვი ადამიანისთვის საფრთხის შემცველია და ციფრები რომ შევკრიბოთ (1+3=4), ესეც სახიფათოა. ჩინურად სიტყვა ოთხიანი სიკვდილს სიმბოლიზირებს. ამიტომ, იქ თქვენ 13 და 4-სართულიან კორპუსებს ვერ ნახავთ. და, ჩინელი ადამიანი არავითარ შემთხვევაში არ იყიდის ბინას, რომელიც დანომრილია ამ ციფრებით. სასტუმროშიც კი, ჰონკონგში ან პეკინში, ოთახი რომლის ნომერია 4, ღირს 150 დოლარი, ხოლო, დანარჩენი, მაგალითად, 6, 7 ან 8 ნომრები – 800 დილარი. ასე რომ, 4 და 13 სიმბოლოა წარუმატებლობისა და ნეგატივის, ამიტომ, ამ სართულებზე ბინის ყიდვას უნდა მოერიდოთ. ასევე, როცა კორპუსი ერთი შეხედვით 11-სართულიანია, მაგრამ მიწის ქვემოთ ამ ნაგებობას, 2 სართული აქვს ავტოფარეხად გამოყოფილი, ესეც 13-სართულიანი კორპუსია. ბევრი ადამიანი მინახავს, რომელიც 13 ან 4-სართულიან კორპუსში ცხოვრობს და ვერ ხვდება, რა არის მათი პირადში წარუმატებლობის, ფინანსური კეთილდღეობის ან წარმატებული ბიზნესის დაბლოკვის მიზეზი. ასე რომ, სიკვდილის ენერგიის მქონე სახლებში ცხოვრებაზე უარი უნდა თქვათ, გაყიდოთ და გადახვიდეთ სხვაგან საცხოვრებლად.


– თუმცა, ბევრი ბიზნესმენის, ფინანსურად წარმატებული ადამიანის ოთხსართულიანი ვილები მინახავს, რომლებიც შემოსავალს ნამდვილად არ უჩივიან.


– შესაძლოა, ეკონომიკურ მდგომარეობას არ უჩივიან დღეს, მაგრამ მომავალში, აუცილებლად იმოქმედებს მათ ფინანსურ შემოსავალზე ის ნეგატიური ზონა, სადაც ისინი ცხოვრობენ. ოთხსართულიან ვილებში მცხოვრები ბევრი ბიზნესმენი მაკითხავს და ამბობს, როცა ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობდი, მორალურად და სულიერად უფრო კარგად ვგრძნობდი თავს, იქ დავაგროვე ამ ოთხსართულიანი სახლის ფული და რაც აქ გადმოვედი, ცხოვრება უფრო წინ რომ უნდა წასულიყო, ერთ დონეზე გაჩერდა და დღესაც მინატრია იმ ვიწრო ფართში ცხოვრებაო. თავი რომ დავანებოთ მორალურ და სულიერ მდგომარეობას და ფინანსურ საკითხებს, თუ კონკრეტულ სართულზე, „სიკვდილის“ ზონაში დგას საწოლი, ეს ადამიანის უეცარი, სერიოზული დაავადების გამომწვევი და გარდაცვალების მიზეზი ხდება. თუმცა, მას ბინის ნუმეროლოგია აბათილებს და აბალასებს, კონკრეტულ სართულზე ცხოვრება მძიმე შედეგს არ იწვევს და თქვენი ენერგოდაბინძურების მიზეზი აღარ ხდება. უფრო მძიმე შემთხვევაა, როცა კერძო, საკუთარი სახლის ნომერია 4, 13, 22(2+2=4). ეს, ეგრეთ წოდებულ, „იტალიურ“ ეზოებსაც ეხება, თუმცა, აქ ეზოს შესასვლელ კარს აქვს მნიშვნელობა, გასათვალისწინებელია, როგორ უყურებს მას იმ ეზოში მდებარე თქვენი სახლის კარი, რადგანაც სწორედ იქიდან შემოდის კოსმიური ენერგია.

წყარო: თბილისელები